[presage.tv]
ფლავიუს აეციუსი (ლათ.Flavius Aetius, მოკლეს, 21 სექტემბერი, ახ.წ 454 წ) - დასავლეთ რომის იმპერიის მხედართმთავარი, სამგზის კონსული(432, 437 და 446 წლებში), ისტორიკოსების მიერ ,”უკანასკნელ რომაელად” წოდებული.
გოთმა ისტორიკოსმა, იორდანემ ასე აღწერა ფლავიუს აეციუსის მნიშვნელობა რომის იმპერიის ამ უმძიმესი პერიოდისთვის, როცა ამ მსოფლიო სახელმწიფოს ყველა მხრიდან ბარბაროსები ავიწროებდნენ და შინაომები ანგრევდნენ: ”სამხედრო საქმის შესანიშნავი მცოდნე, ის რომის იმპერიისთვის დაიბადა”. აეციუსის სარდლობა რომის არმიაში ახ.წ 429 წლიდან იწყება, მაშინ როდესაც 19 წელი იყო გასული ”მარდიული ქალაქის” პირველი დაცემიდან(410 წ, ალარიხის მიერ რომის აღება).
25 წლის განმავლობაში აეციუსი წარმატებით იგერიებდა ბარბაროსთა შემოტევებს და რომის იმპერიის ფაქტიური გამგებელი იყო, რადგან იმპერატორი ვალენტინიანე III სუსტი და უნებისყოფო მმართველი გახლდათ. აეციუსის ყველაზე ცნობილი გამარჯვება, რომლითაც მოიხვეჭა საუკუნო დიდება და დასავლეთ რომის იმპერიის საბოლოო დაცემა კიდევ რამდენიმე ათწლეულით გადასდო.
აეციუსი მეოთხე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა (ზუსტი თარიღი უცნობია) დუროსტორუმში (დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია). მისი მამა კავალერიის მაგისტრი იყო(სავარაუდოდ წარმოშობით გერმანელი), დედა კი მდიდარი იტალიური ოჯახის წარმომადგენელი. აეციუსი ადრეულ ასაკშივე წაიყვანეს რომში და ჩარიცხეს იმპერატორ ფლავიუს ჰონორიუს ავგუსტუსის პირად მცველებში. როდესაც ჰონორიუსმა ახ.წ 408 წელს მოაკვლევინა დასავლეთ რომის იმპერიის საუკეთესო სარდალი და ალარიხზე მრავალგზის გამარჯვებული სტილიხონი, რასაც მალე მოჰყვა გოთების მოთხოვნა ზავის დადებაზე და რომაელთაგან ხარკის გადახდაზე. ისინი რომაელ წარჩინებულ მძევლებსაც ითხოვდნენ. ამ დრომდე აეციუსს 3 წელი ჰქონდა გატარებული მძევლად ჯერ ვესტგოთებში, შემდეგ ჰუნებში.
საბოლოოდ აეციუსმა ცოლად შეირთო გოთი კარპილიონის ასული. მისგან გაუჩნდა ძე კარპილიონი, რომელმაც იმპერატორის გვარდიის(comes domesticorum) ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწია. ახ.წ 423 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ჰონორიუსი და რავენაში(იმპერიის მაშინდელი დედაქალაქი) ძალაუფლებას ფლავიუს იოანე დაეუფლა, რომელმაც აეციუსი სასახლის ზედამხედვლად დანიშნა(cura palatii).
გრიგორიუს ტურელი ისტორიკოს რენატუს ფრიგერიდის სიტყვებს ციტირებს: ”ის საშუალო სიმაღლის იყო, მაგარი, კარგი აღნაგობის, ენერგიული, ძალ-ღონით სავსე, თავზეღელაღებული მხედარი, დახელოვნებული მოისარი და შუბოსანი. ადვილად ახერხებდა მტრებთან მშვიდობის დამყარებას, რადგან ფლობდა დიპლომატიის ხელოვნებას. მასში არ იყო არცერთი წვეთი სიხარბის. იყო კეთილი და დიდსულოვანი. სიძნელეებს მამაცურად ხვდებოდა, იყო შრომისმოყვარე, არ ეშინოდა საფრთხის და ადვილად იტანდა შიმშილს, წყურვილს და უძილობას”.
აღმოსავლეთ რომის იმპერიამ არ სცნო დასავლეთ იმპერიაში ფლავიუს იოანეს მმართველობა და ახ.წ 424 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ ჯარები გადასხა იტალიაში, რათა რავენაში ტახტზე პლაციდიუს ფლავიუს ვალენტინიანე დაესვა. იოანემ აეციუსი ჰუნებთან გაგზავნა, რათა დაექირავებინა ეს ბარბაროსული ტომი და როდესაც თვითონ დაარტყავდა ფრონტიდან თეოდოსიუსის ჯარს, აეციუსს ჰუნებით ზურგიდან უნდა შეეტია. აეციუსი 60 ათასი მეომრით დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ რომის იმპერიის სარდლის, ფლავიუს არდავურ ასპარის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისვლა დააგვიანა და ამ დროისთვის იოანე უკვე დამარცხებული იყო, ხოლო 3 დღის შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს.
425 წლი 23 ოქტომბერს 7 წლის ვალენტინიანე III რომის იმპერატორად გამოცხადდა, თუმცა მხოლოდ ფორმალურად, რადგან იმპერიას დედამისი, გალა პლაციდია მართავდა. აეციუსმა სცნო ახალი მმართველობა, ჰუნებს გასამრჯელო გადაუხადა და გაუშვა, ხოლო თავად გალიაში მდგარი რომის ჯარის მეთაური გახდა(comes et magister militum per Gallias). გალიაში აეციუსმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა და ამით კიდევ
უფრო განიმტკიცა მდგომარეობა. 426 წელს განდევნა ვესტგოთები არელატიდან, 428 წელს დაამარცხა ფრანკები, 430 წელს გაანადგურა იუტუნგები რეციაში, 431 წელს გაიმარჯვა კელტური ტომის, ნორიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ნორიკში. 429 წელს მიიღო magister militum-ს ტიტული(დასავლეთ რომის იმპერიის არმიების მთავარსარდალი), რის შემდეგაც დაუპირისპირდა ამ თანამდებობის უწინდელ მპყრობელს, ფლავიუს ფელიქსს. პროსპერის ქრონიკების მიხედვით აეციუსმა დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა მოწინააღმდეგე.
გალა პლაციდია შეშფოთებული იყო აეციუსის გავლენის გაძლიერებით და გადაწყვიტა მისთვის ძლიერი მოწინააღმდეგე გაეჩინა. ასეთი კი გახლდათ ჩრდილოეთ აფრიკაში რომის ნაცვალი და მხედართმთავარი, ბონიფაციუსი. 432 წელს ბონიფაციუსი დამარცხდა ვანდალებთან ბრძოლაში და პლაციდიამ ის იტალიაში გაიწვია, სადაც აეციუსთან მოუხდა დაპირისპირება. შეტაკებაში ბონიფაციუსი სასიკვდილოდ დაიჭრა და სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მოახერხა აეციუსის ძალების დამარცხება.
აეციუსი პანონიაში გაიქცა, თავის ძველ ნაცნობებთან, ჰუნებთან, რომელთა დახმარებით შეძლო დაებრუნებინა იმპერიის უმაღლესი მთავარსარდლის წოდება და განედევნა ბონიფაციუსის სიძე, სებასტიანე ამ თანამდებობიდან. 432 წლიდან სიკვდილამდე(454 წ) აეციუსი ერთპიროვნულად განაგებდა იმპერიის საგარეო და საშინაო საქმეებს, რაშიც ვალენტინიანე III ხელს არ უშლიდა, რადგან სახელმწიფო საქმეების მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნდა. 432 წელს აეციუსი მეორედ დაქორწინდა, ბონიფაციუსის ქვრივზე, ვანდალ ქალზე, პელაგეაზე, რომლისგანაც გაუჩნდა ძე, რომელსაც მამის სახელი, გაუდენციუსი დაარქვა.
436 წელს აეციუსმა გაანადგურა ბურგუნდები რაინზე და ზავი დადო მათთან. შემდეგ წელს, შესაძლოა სწორედ მისი თხოვნით მოხდა ჰუნების შემოსევა ბურგუნდების მიწებზე, რასაც ათასობით ბურგუნდის სიკვდილი და დარჩენილი ნაწილის მდინარე რონაზე გადასახლება მოჰყვა. 435-437 წლებში გალიაში ბაგაუდებისა და მონების აჯანყება მძვინვარებდა, რომლის ჩახშობა მხოლოდ მათი ბელადის, ტიბატოს შეპყრობის შემდეგ მოხერხდა. რომაელთათვის გალიაში ყველაზე სახიფათო მტერს ვესტგოთები წარმოადგენდნენ, რომელთაც დამოუკიდებელი სამეფო ჰქონდათ აქვიტანიაში.
მათმა მეფემ, თეოდორიხ I-მა ალყა შემოარტყა ნარბონს, თუმცა აეციუსის სარდალმა, ლიტორიუსმა ჰუნების დახმარებით მოახერხა ვესტგოთების მოგერიება. მომდევნო წელს ლიტორიუსი დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა თეოდორიხს. აეციუსის დიპლომატიური მოხერხებულობის წყალობით რომმა მოახერხა ვესტგოთებთან მშვიდობის დამყარება. 440 წელს სიცილიაში ვანდალების მეფემ, ჰენზერიხმა გადასხა ძალები, თუმცა აეციუსმა მის წინააღმდეგ ბონიფაციუსის ძე, სებასტიანე გაგზავნა ჯარით და აიძულა ბარბაროს ხელმწიფეს, უკან დაეხია, თუმცა სებასტიანე საბოლოოდ ვანდალთა მხარეს გადავიდა.
აეციუსის მთავარ მიზანს წარმოადგენდა რომის იმპერიის დაცვა ბარბაროსთაგან, რომლებიც ყოველწლიურად ათასობით და ათი ათასობით მიდიოდნენ რომის წინააღმდეგ. 440 წელს ბრიტანელებმა(რომელთა მიწა უკანასკნელმა რომაულმა ლეგიონებმა ჯერ კიდევ 410 წელს დატოვეს) აეციუსს დახმარება სთხოვეს ანგლო-საქსებისა და პიქტების წინააღმდეგ, თუმცა ეს უკანასკნელი ამაზე არ დაყაბულდა.
440 წლიდან ჰუნები აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან ომებს აწარმოებდნენ. დასავლეთ რომის იმპერია კი აეციუსის დიპლომატიური წარმატებების ხარჯზე ახერხებდ ა ჰუნების თავდასხმებისაგან თავდაცვას. მიუხედავად ამისა ატილამ 451 წელს მაინც შეუტია დასავლეთ რომის იმპერიას. ომის ბედი 451 წელს 20 ივნისს, კატალაუნის ველზე(გალია, დღევანდელი საფრანგეთი, ორლეანის მახლობლად) გამართულ ბრძოლაში გადაწყდა.
რომაელთა მხარეს იბრძოდნენ ვესტგოთები, ალანები, ბურგუნდები და ფრანკები, ხოლო ატილას მხარეს ოსტგოთები, გეპიდები და სხვა გერმანული ტომები. ბრძოლა იმდენად მასშტაბური გამოდგა, რომ მას ”ხალხთა ომი” უწოდეს. ატილა დამარცხდა, მძიმე დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია, თუმცა 452 წელს უკან დაბრუნდა და ჩრდილოეთ იტალიას შეუტია. აეციუსი ახერხებდა არ დაეშვა ატილას იტალიის სიღრმეში შეჭრა და მამაცურად იგერიებდა ჰუნთა ძალებს.
აღმოსავლეთ რომის იმპერიის ჯარიც დასავლეთ იმპერიის დასახმარებლად დაიძრა. ატილას ჯარს შავი ჭირის ეპიდემიაც მუსრს ავლებდა, ამიტომ პაპ ლეო I-თან მოლაპარაკების შემდეგ მან დატოვა იმპერიის მიწები. შემდეგ წელს ის გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა ვალენტინიანემ როგორც მაშინ ითქვა:
”მარცხენა ხელით მარჯვენა მოიჭრა”, როდესაც აეციუსი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს(454 წ, 21 სექტემბერი). ასე დაეცა ”უკანასკნელ რომაელად” წოდებული, მე-5 საუკუნის უდიდესი რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, რომლის სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც ადამიანისა, ვინც ”ღვთის მათრახად” წოდებული, უძლეველი ატილა ძე მუნძუკისა დაამარცხა და ევროპა უდიდესი საფრთხისგან იხსნა.