კანის ფესტივალის მოლოდინში

კანის ფესტივალის მოლოდინში

კანის 64-ე კინოფესტივალი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენის ახალი სურათით, „შუაღამე პარიზში“ გაიხსნება. 

ეს ფილმი რომანტიულ კომედიათა ჟანრს მიეკუთვნება და მისი მოქმედება წინა საუკუნის 20-იანი წლების პარიზში ვითარდება და მთავარ როლებს ისეთი პოპულარული მსახიობები ასრულებენ, როგორებიც არიან: მარიონ კოტიიარი, რეიჩელ მაკადამსი, ედრიან ბროუდი და ოუენ უილსონი.

საინტერესოა, რომ 35 წლის ფრანგ ვარსკვლავს მარიონ კოტიიარს ამ ფილმზე მუშაობა ექსტრემალურ პირობებში მოუწია, რადგან პირმშოს ელოდება თავისი ბოიფრენდის გიიომ კანესგან, რომელიც 2003 წელს გაიცნო სურათის „შემიყვარე, თუკი გაბედავ“ გადაღებების დროს.

ვუდი ალენის ამ ახალ კომედიაში სამსახიობო დებიუტი ექნება საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პირმშვენიერ მეუღლე კარლა ბრუნის.
„შუაღამე პარიზში“ ფრანგულ კინოთეატრებში კანის ფესტივალზე მისი პრემიერის შემდეგ გამოვა. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მისი ნახვის საშუალება 2011 წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

კანის მომავალი კინოფესტივალის საპატიო ჟიურის თავმჯდომარის ფუნქციას, ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო შეასრულებს.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუში დე ნირომ დიდი კმაყოფილება გამოთქვა მისი ჟიურის თავმჯდომარედ არჩევის გამო.

„კანის კინოფესტივალი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსახიობისათვის დიდი პატივია. კანის ფესტივალი საუკეთესოა და მაღალი რეიტინგი არც ამჟამად დაუკარგავს“, - განაცხადა მსახიობმა.

საინტერესოა, რომ თავად რობერტ დე ნიროს კანში სხვადასხვა დროს ორჯერ გაუმარჯვია. მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“ პირველად 1997 წელს დაიმსახურა. ეს იყო რეჟისორ რობერტ სკორსეზეს სურათი „ტაქსის მძღოლი“. მეორედ კი ლაურატი 1986 წელს გახდა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ როლან ჟოფეს ფილმში „მისია“.

წინა ფესტივალის საპატიო ჟიურის თავმჯდომარე ტიმ ბერტონი გახლდათ, გამარჯვება კი ტაილანდელ რეჟისორს აპიჩატპონგ ვირასეტაკუნს ერგო.

კანის 64-ე კინოფესტივალი მიმდინარე წლის 11-22 მაისს ჩატარდება.