ოპოზიციონერებზე ნადირობის სეზონი რუსთავში გახსნილად გამოცხადდა

ოპოზიციონერებზე ნადირობის სეზონი რუსთავში გახსნილად გამოცხადდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ღამის 11-საათზე დაასრულა მუშაობა - სწორედ ამ დროს დასრულდა “სახალხო კრების” და არასამთავრობო ორგანიზაცია “არას” წევრების სასამრთლო პროცესები.

7 მაისს რუსთავის მე-17 მიკრორაიონში აქცია სახელწოდებით “ამხილე ჯალათი” გაიმართა. “სახალხო კრების” ახალგაზრდული ნაწილი და ორგანიზაცია “არა”, რუსთავის პირველი განყოფილების ხელმძღვანელის, ვალერი დუღაშვილის საცხოვრებელ სახლს მიადგნენ.

“ვალერი დუღაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამართალდამცავი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა 2007 წელს ხალხის დარბევას და იარაღის ჩადებებს. ჩვენი აქციაც სწორედ, მას მიეძღვნა. მშვიდობიანი მსვლელობით მივედით მის სახლთან და მეგაფონით მოუწოდებდით, აღარ გაემეორებინა წარსულში ჩადენილი ქმედებები.

ამ დროს, ჩვენ რიგებში გამოჩნდა აბსოლუტურად უცხო ადამიანი, რომელიც არც “არას” წევრი არ იყო. მან პოლიციელ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. საინტერესოა ისიც, რომ მისი ქმედება პოლიციელ ქალებს არ გაუპროტესტებიათ. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა და პოლიციის პიკაპებს უკან გავიდა. მისი დაკავება არავის უცდია.

ჩვენ იმ წუთასვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს მოქალაქე არ იყო ჩვენი წევრი.
დაახლოებით 5 წუთში სამართალდამცავები მოგვიახლოვდნენ და აქციის მონაწილეები მანქანებში ჩატენეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია “არას” ლიდერმა, ლევან ჩიტაძემ ყველას დაშლისკენ მოუწოდა და აქცია დასრულებულად გამოაცხადა“ – ამბობს “ სახალხო კრების” რუსთავის კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე.

პოლიციამ აქციის 12 მონაწილე დააკავა. აქედან შვიდი - “სახალხო კრების”, ხოლო ხუთი - ორგანიზაცია “არას” წევრი. მათ მიმართ საქმე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით აღძრა. ჩატარდა სამი სასამართლო პროცესი. პოლიციელები მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ და მათ მრავალ მოწოდებას - შეეწყვიტათ ეს ქმედება - არ დამორჩილდნენ.

რუსთაველი სამართალდამცავები სასამართლოს სხდომაზე ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას აქციის მონაწილეებს აუხსნეს მათი უფლებები, მაგრამ დაკავებისას მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილობლობას.

სასამართლოს მიერ განხილულ არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს უცნობი პირი, რომელმაც, “სახალხო კრების” და “არას” წარმომადგენელთა თქმით, აქციაზე პროვაკაცია მოაწყო.

“აქ ყველაა დაკავებული იმის გარდა, ვინც მართლა შეაგინა პოლიციელს. ჩვენი აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო. შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ სახლის მაცხოვრებლებს, თუ შევაწუხეთ ვინმე. დაკავებისასაც წინააღმდეგობა არც ერთ ჩვენგანს არ გაუწევია. პოლიციის მანქანაში კი სამართალდამცავმა სიტყვიერი შეურაცხოფა მომაყენა. ასევე, სიტყვიერი შეურაცხოფა მომაყენეს მას შემდეგ, რაც უკვე განყოფილებიდან სასამართლოში მივყავდით. მე ჟურნალისტებთან მოკლე პოლიტიკური განცხადება გავაკეთე და ამის გამო უკვე სასამრთლოს შენობაში მაგინეს.” – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ორგანიზაცია “არას” ხელმძღვანელმს, ლევან ჩიტაძემ.

მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა. ისინი ითხოვდნენ მოსამართლეებს საქმისთვის დაერთოთ ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრები.

“ვფიქრობ, რომ საკმაო სამხილებია და ვერ დავაკმაყოფილებ ამ შუამდგომლობას” – განმარტა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა.

ჩიტაძის სასამრთლოზე ასევე გაირკვა, რომ ბრალდების მხარეს მოწმეები არ ყავდა მოყვანილი. მათ განმარტეს, რომ მათგან ახსნა-განმარტებები აიღეს და ესეც საკმარისი იყო.

“პროცესი აბსოლუტურად არაობიექტურად ჩატარდა. მოსამართლეს არც კი უცდია სიმართლის დადგენა. მე არ მომეცა საშუალება კითხვები დამესვა პოლიციელების მოწმეებისთვის, რომლებიც ახსნა-განმარტებით ოქმებში წერენ, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ. არადა, მოსამრთლემ სწორედ მათზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენები. ასევე, არ იქნა შესწავლილი “მაესტროს” გადაღებული ვიდეო მასალა“ - საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “საზოგადოებრი დამცველის” ადვოკატი, ნონა ფილაური.

აქციას, დაწყების წუთიდან, ორი გადამღები ჯგუფი - ტელეკომპანია “მაესტრო” და palitratv აშუქებდა. მათ მიერ გადაღებულ მასალში ისმის, აქციის მანაწილეთა დაკავებამდე, ლევან ჩიტაძის მიერ გაკეთებული განცხადება - “აქცია დასრულებულია”.

ამ სიტყვებს მოყვა პოლიციელთა გააქტიურება. ისინი დაკავებებს იწყებენ. არცერთ კადრში არ ჩანს, დაკავებულების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა. ძირითადად, ისმის ორი ფრაზა. პოლიცილების მხრიდან - “ ნუ იგინები”, ხოლო დაკავებულების მხრიდან - “ვინ იგინება?!”

რუსთავის საქალაქო სასამრთლოს არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. აქციის დროს დაკავებული თორმეტივე პირი წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს ბრალდებულად.

ყველაზე მკაცრი სასამრთლო აქციის ხელმძღვანელების მიმართ იყო. ოცდაათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეგაფარდა “არას” ხელმძღვანელს ლევან ჩიტაძეს, “სახალხო კრების” ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფრთის ლიდერს, ვასო ბალახაძეს და შეფიცულთა ხელმძღვანელს, გოჩა თედორაძეს.

სხვა დაკავებულებს 7-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აკმარეს, ოთხს კი, რომელთა შორისაც ერთი არასრულწლოვანი იყო, 400 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.