ორი დღის წინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი ჯეკი კუპერი. აშშ-ის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიმდინარე წლის 2 მაისს მსახიობმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ბევერლი ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამი მაისის ღამით ჯეკი კუპერი გარდაიცვალა
ჯეკი კუპერი 1922 წელს დაიბადა ლოს-ანჟელესში. მომავალი პროფესიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. პირველ აღიარებას კი 1931 წელს მიაღწია, როდესაც 9 წლის ასაკში მთავარი როლები შეასრულა სურათებში “სკიპი” და “ჩემპიონი”.
1932 წელს, ათი წლის ასაკში ზემოთდასახელებულ ფილმებში მონაწილეობისათვის ჯეკი კუპერი წარდგენილი იყო “ოსკარის” პრიზების დაჯილდოებაზე, ნომინაციაში “წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი”. “ოსკარების” მრავალწლიან ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი აღმოჩნდა.
ჯეკი კუპერს არაერთ მხატვრულ სურათში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მაყურებელს თავი უფრო მაინც ტელესერიალებში თამაშით დაამახსოვრა.
მსოფლიო აღიარება მაინც წინა საუკუნის 70-იან წლებში მოიპოვა, როდესაც სუპერმენის თავგადასავლებზე შექმნილ რამდენიმე სურათში მიიღო მონაწილეობა. კუპერი ამ ფილმებში ასრულებდა გაზეთ “Daily Planet”-ის რედაქტორის პერი უაიტის როლს. ამ სერიალში სუპერმენს კრისტოფერ რივი ასახიერებდა.
თავის დროზე ჯეკი კუპერს ორჯერ გადაეცა პრესტიჟული სატელევიზიო “ემის” ჯილდო. 1974 წელს, როგორც ერთ-ერთ რეჟისორს კომედიური სერიალისა “M*A*S*H” და 1979 წელს, როგორც მთავარ რეჟისორს დრამატული სატელევიზიო სერიალისა “თეთრი ჩრდილები”.