“ჰობიტის” ეკრანიზაცია

“ჰობიტის” ეკრანიზაცია

„ჰობიტი“ ბრიტანელი მწერალი ჯ.რ.რ. ტოლკინის ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებლის“ ერთგვარი შესავალია, რომელშიც ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის კარგად ცნობილი ფროდოს ბიძა ბილბო ბაგინსის თავგადასავლებია მოთხრობილი.

„ბეჭდების მბრძანებლის“ მოტივებზე კინორეჟისორმა პიტერ ჯექსონმა სამი მხატვრული ფილმი გადაიღო. გასულ წელს ჯექსონმა გადაწყვიტა, რომ ტოლკინის შემოქმედებას კვლავ დაბრუნებულიყო და „ჰობიტის“ ეკრანიზაცია განეხორციელებინა.

მომავალი ფილმის ნაწილი ახალ ზელანდიაში შარშან გადაიღეს და მის დასკვნით სცენებზე მუშაობა მიმდინარე წელს უნდა გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, პიტერ ჯექსონს ექიმებმა კუჭის წყლულის დაავადება აღმოუჩინეს და ამერიკული მას-მედიის საშუალებების ცნობით, რეჟისორი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

ჯექსონის პრეს-მდივნის, მელისა ბუტის განცხადებით, ფილმის გადაღების პროცესი კი გადაიდო, მაგრამ უახლოეს თვეებში აუცილებლად განახლდება.

საინტერესოა, რომ „ჰობიტის“ ეკრანიზაციის პროცესს უსიამოვნებები თავიდანვე დაებედა. 2010 წლის ზაფხულში მის შემოქმედებით ჯგუფს ახალ ზელანდიური პროფკავშირების წარმომადგენლებმა უჩივლეს. ინციდენტი დამხმარე მუშებისათვის დაწესებულმა დაბალმა ანაზღაურებამ გამოიწვია. ამის გამო ჯექსონი საგადასაღებო პროცესის აღმოსავლეთ ევროპაში გადმოტანაზეც ჩაფიქრდა. საბედნიეროდ, ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდა და გადაღებები არ ჩაიშალა.

ახალ ფილმში სათამაშოდ პიტერ ჯექსონმა „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში მონაწილე არაერთი მსახიობი მიიწვია. „ჰობიტში“ კვლავ ვიხილავთ ენდი სერკისს (გოლუმი), იენ მაკკლანს (გენდალფი) და ქეით ბლანშეტს (გალადრიელი). ახალგაზრდა ბილბო ბაგინსის სახეს მარტინ ფრიმენი განასახიერებს. ეს უკანასკნელი კინოს თაყვანისმცემლებისათვის ცნობილია დოქტორ უოტსონის როლით ფილმში „შერლოკ ჰოლმსი“.

სურათი „ჰობიტი“ ორსერიანი იქნება, მისი ბიუჯეტი 300-დან 500 მილიონ დოლარამდე მერყეობს, დიდ ეკრანებზე კი 2012 წლის დასასრულს (პირველი ნაწილი) და 2013 წლის ზაფხულში (მეორე ნაწილი) გამოვა.