როგორ ავიცილოთ ელვის (მეხის) დარტყმა

როგორ ავიცილოთ ელვის (მეხის) დარტყმა

[გეგა ბერიძე]
ელვის დარტყმამ (მეხის დაცემამ) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ხანძარი და ადამიანების მსხვერპლი. ხეზე მეხის დაცემა იწვევს მის გახლეჩას და ცეცხლის გაჩენას. სწორედ მეხის დაცემის შედეგად ამ დღეებში ყვარელში 24 წლის ახალგზარდა გარდაიცვალა.

როგორც „პირWელს“ რადიო „ჰერეთიდან“ აცნობეს, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში გიორგი მაზმიშვილი ორ მეგობართან ერთად საზამთროს ბაღში მუშაობდა, როდესაც მეხი დაეცა. გიორგი მაზმიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, თანმხლები ორი ახალგაზრდა კი მძიმედ დაშავდა.

მთისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მალხაზ გალაიჯიშვილის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბესიკ გოლეთიანი და გოჩა მუსაშვილი ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საუკუნეების განმავლობაში სტიქია ადამიანებში წარმოუდგენელ შიშს აღძრავდა. მეხი, რომელსაც სიკვდილი, ხანძრები და უბედურება მოჰქონდა, „ღმერთების მიერ ნატყორცნ ისრად“ აღიქმებოდა. მის დამორჩილებას ადამიანი შელოცვებით და სხვა უამრავი ხერხით ამაოდ ცდილობდა.

როდესაც მეცნიერებმა მეხსარიდი გამოიგონეს და მისი გამოცდა (რამდენიმე ფიზიკოსის სიცოცხლის ფასად) მოაწყვეს, ბუნებაზე მოჩვენებითი გამარჯვებისგან ეიფორია იმდენად დიდი იყო, რომ მის საპატივცემულოდ საზეიმო მიღებებსა და მეჯლისებს მართავდნენ. მაგრამ იყო თუ არა ეს სრული გამარჯვება? სამწუხაროდ არა. უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში ელვით დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა.

მაგალითად საფრანგეთში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი მეხის დაცემა რეგისტრირდება, რამდენიმე ათეული ადამიანი და დაახლოებით 10 000 სული პირუტყვი იღუპება.

და მაინც, მეცნიერება თავისას ცდილობს. ელვის(მეხის) მავნე მოქმედების საწინააღმდეგო მოქმედებების გამოსანახავად კი საჭიროა მისი „დაჭერა“ და ლაბორატორიაში მისი ძირფესვიანად შესწავლა.

ამის გაკეთება არც თუ ისე იოლია. ელვა უძლიერეს იზოლაციასაც კი აღწევს თავს, რის გამოც მასზე ცდების ჩატარება ძალიან სახიფათოა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა წარმატებით დაძლიეს ეს ამოცანა. ახლა ელვის „შესაპყრობად“ ჭექა-ქუხილის დროს უშვებენ საჰაერო ბურთს დენის მიმღებითა და ლითონის ტროსით, რომელიც ერთ კილომეტრ სიმაღლეზე ადის.

მეხსარიდის მონტაჟის სქემა კი ასეთია: მეხი ეცემა დენის მიმღებს, ტროსის მეშვეობით ლაბორატორიაში ეშვება, გაივლის ჩამწერ ხელსაწყო ავტომატებს და მიწაში გადადის. ავტომატური ხელსაწყოები თითქოს აიძულებენ ელვას საბუთს „მოაწეროს ხელი“. ამ გზით მეცნიერები ზომავენ ელექტროდენის ძაბვასა და ძალას ელვაში, ელექტროგანმუხტვის ხანგრძლივობასა და სხვ.

გამოგონილია ელვის დაჭერის სხვა ხერხებიც. ჭექა-ქუხილის ლაბორატორიებში, მთების, შვერილების ან ლაბორატორიის ანძებსა და მთას შორის ათავსებენ 1 კმ სიგრძის ანტენას. ასეთ ანტენას ეცემა მეხი, მაგრამ „დამჭერების“ გამოყენებისას ელვის ლოდინია საჭირო, ელვა კი არც ისე ხშირია. კვლევებისათვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია ხელოვნური ელვის შექმნა ლაბორატორიაში. სპეციალური აპარატის საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს 5 მილიონი ვოლტის მიღება სულ ცოტა ხნით. ელექტრო განმუხტვა 15 მეტრამდე სიგრძის ნაპეწკალს აღწევს, რასაც თან სდევს გამაყრუებელი გრიალი.

ასეთი ხელოვნური ელვა შეიძლება მიმართული იყოს ჩვეულებრივ ნებისმიერი საგნისაკენ და ამ გზით გამოიცადოს მისი განმუხტვის ძალა. ასე მაგალითად, თუ ხელოვნურ ელვას მივმართავთ მთლიანად ლითონისგან გაკეთებული ავტომანქანისაკენ, იგი გაივლის მანქანის მთელ კორპუსსს წინა თვლის სფეროთი, ჩავა მიწაში და არავითარ ზიანს არ მიაყენებს მანქანას.

ელვის შესწავლაში დიდ სამსახურს გვიწევს ფოტოგრაფიაც. ელვის ფოტოსურათის მიღება ძალიან ადვილია.

ბნელ ღამეში ფოტოაპარატის ობიექტივს საავდრო ღრუბელისკენ მიმართავენ და ცოტა ხანს ღიად ტოვებენ. გაელვების შემდეგ ობიექტივს დაკეტავენ და სურათიც მზადაა. მაგრამ ასეთი ფოტოგრაფია ევის ცალკეულ ნაწილების განვითარების სურათს არ იძლევა ამიტომ კინოაპარატს იყენებენ. გადაღების დროს კინოაპარატის მექანიზმი სწრაფად უნდა ბრუნავდეს (1000-1500 ბრუნვა წუთში) და სურათზე ელვის ცალკეული ნაწილები აღიბეჭდება; ეს საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ თუ რა მიმართულებითა და სისწრაფით ხდებოდა განმუხტვა.

ელვის დარტყმამ(მეხის დაცემამ) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ხანძარი, ადამიანების მსხვერპლი. ხეზე მეხის დაცემა იწვევს მის გახლეჩას და ცეცხლის გაჩენას.

ელვისაგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით, რომელიც კარგად დამიწებულ ელექტროგამტართან შეერთებული ლითონის ძელია. იგი ორი სახისაა: ღეროვანი და გვარლური. ღეროვანი მეხსარიდი შედგება წაწვეტებული, წვრილი ლითონის ღეროს ზედაპირისაგან, რომელსაც დასაცავი ობიექტის თავზე აყენებენ. ხოლო გვარლური შედგება სადენისაგან (გვარლისაგან), რომელსაც ელექტროგადაცემის ხაზების თავზე ჭიმავენ.

ელექტროქსელის მეხისაგან დასაცავად ქსელის ანძების ზედა ბოლოებს სადენებით უერთებენ ლითონის ანძებს. მასზე დაცემისას ელვა სადენებსა და ანძებს გაივლის და მიწაში ჩადის. მაგრამ თუ მეხი დამცველ სადენებთან ახლოს დაეცა, შეიძლება გამოიწვიოს დიდი დაზიანება, რადგან ასეთ შემთხვევაში ინდუქციის გამო სადენებში დენის ძაბვა იზრდება და ხდება დამცველების გადაწვა. ამის თავიდან ასაცილებლად ქსელში აწყობენ მოლისებურ განმუხტველებს,რომლებსაც აქვთ ორი ნაპერწკალთშორისი. თუ ძაბვა მოჭარბებულია,განმმუხტველში გაირბენს ნაპერწკალი, რომელიც ძაბვას შეამცირებს.

ელექტროსადგურებზე დგამენ განსაკუთრებული მასალის ტირიტისა და ვირიტისაგან დამზადებულ მეხსარიდს. ჩვეულებრივ ამინდში ელვისაგან ქსელში ჭარბი ძაბვა თუ გაჩნდა, მაშინ მეხსარიდი განსაკუთრებულ დამცველ სარქველად იქცევა; იხსნება და ჭარბ ძაბვას მიწაში უშვებს.

სასარგებლო რჩევები:
გაშლილ ველზე, განსაკუთრებით შემაღლებულ ადგილებში, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ადამიანს დიდი ხიფათი მოელის. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია მიწაზე დაჯდეს და მოუცადოს ჭექა-ქუხილის გადასვლას. არასოდეს არ უნდა შეაფაროს თავი თივის ზვინს ან ძნას, მესერს, ლითონის ნაგებობებს. უნდა მოიცილოს ლითონის საგნები და დაწვეს, რაც შეიძლება დაბალ ადგილას.

ჭექა-ქუხილის დაწყების წინ შენობებში უნდა ვერიდოთ ორმხრივ ქარს და დავხუროთ ყველა საკვამლე, განსაკუთრებით ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს რადიოანტენები უნდა დამიწდეს. უნდა გავჩერდეთ ღუმელის, ბუხრის და დენის სხვა გამტარებისგან მოშორებით.

ელვისაგან დაცვის მიზნით ადამიანი არ უნდა შეეფაროს ხეს, განსაკუთრებით მაშინ თუ ხე მაღალია და განცალკევებულად დგას. რადგანაც ელვა მას უფრო ეტანება. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მუხა, რომელიც ფესვებს ძალიან ღრმად უშვებს მიწაში. უნდა გამოვრთოთ მობილური ტელეფონები. შესაბამისად როცა მუხტები იმ დონეზეა, რომ მეხის გავარდნამდე წამებიღა რჩება და ძალიან მცირედი ზეგავლენაც კი ამ დროს მეხის გამომწვევი შეიძლება გახდეს, ცხადია მობილურის ზემოქმედებამ შეიძლება მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს.