სანამ მთავრობა წამლებზე ფასის დარეგულირებას ჯენერიკ მედიკამენტებით მოახერხებს, მანამდე აფთიაქებში კვლავ გაძვირების ტენდენციაა. ფარმაცევტული ინდუსტრია ლარის კურსის დევალვაციაზე მტკივნეულად რეაგირებს.
ბოლო პერიოდში საქართველოში მედიკამენტების ფასი 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. აფთიაქებში ამბობენ, რომ ფასმა არა მხოლოდ სარეცეპტო, არამედ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც მოიმატა. განსაკუთრებით გაძვირდა ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები. წამლებზე ფასის მატებას კვლავ ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.
მედიკამენტები გაძვირდა, როგორც პატარა, ისე ქსელურ აფთიაქებში, თუმცა დიდ აფთიაქებში მოქმედებს ფასდაკლება, რომელსაც ყველა აფთიაქი სხვადასხვა დღეს აცხადებს და ისიც გარკვეული სახის მედიკამენტებზე.
გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობენ მომხმარებლები, რომლებსაც ბოლო დღეებში მედიკამენტების შეძენა გაძვირებულ ფასად უწევთ. ზეინაბ ნასყიდაშვილი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება „დიკლოფეროლის“ მუდმივი მომხმარებელია. ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მისი ფასი თვალშისაცემია.
„ამ წამალს თითქმის ყოველდღიურად მოვიხმარ. თუმცა ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა მისი ფასი, რომ იშვიათად ვყიდულობ. ადრე ერთი ფირფიტის ფასი 5,3 ლარს შეადგენდა. ახლა 6,8 ლარამდე გაიზარდა. ლარის გაუფასურებამ ყველაფერი გააძვირა და რა თქმა უნდა, წამლებიც“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ზეინაბ ნასყიდაშვილმა.
წამლებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ადასტურებენ მედიკოსებიც. ექიმები ეკატერინე დავითიანი ამბობს, რომ გაზრდილი ფასი დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს.
„საკმაოდ, რთული მდგომარეობაა შექმნილი ფარმაცევტულ ბაზარზე. პაციენტები ვერ ახერხებენ წამლის შეძენას. ვფიქრობ, აუცილებელია ბაზარზე ფასების დარეგულირება. მოგეხსენებათ, ნებისმიერი მკურნალობის კურსს შემდგომ მოსდევს მედიკამენტური მკურნალობა და სწორედ ეს პროცესი ხდის მას ეფექტურს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ამ მიმართულებითაც დაბალია. დღეს ასეთია მიდგომა – ბრენდირებული წამლების ხარისხი გარანტირებულია. ეს უნდა შეიცვალოს და ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს“, – აღნიშნავს ეკატერინე დავითიანი.
მედიკამენტების სიძვირესთან ბრძოლას სწორედ ჯენერიკების მეშვეობით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრ დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ეს ყოველივე განხორციელდეს, აუცილებელია ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია.
„საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის, წამლებზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ პაციენტებს და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რამე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია“, - აღნიშავს სერგეენკო.
რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასს, სახელმწიფო მოხელეები თვლიან, რომ წამალი არც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი. ცნობილია, რომ ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი - 8-14 წელი.
„პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს. სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი, რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს. წამლის ყიდვაზე გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ უნდა იყოს კატასტროფული, ანუ ხალხი უნდა იყოს მსყიდველუნარიანი“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.