პატიმრებს ისევ აწამებენ – სცემენ და ამცირებენ

პატიმრებს ისევ აწამებენ – სცემენ და ამცირებენ

[ნინო მიქიაშვილი]
წამების ფაქტებმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში იმატა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე (“ერთობლივად წამების წინააღმდეგ!“) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.

გასულ წლებთან შედარებით, წამების მეთოდები “დაიხვეწა და უფრო ცივილური“ გახდა, როგორც ციხეებში, ისე დაკავების დროს. თუ ადრე დაკავებულ პირს, ან პატიმარს ფრჩხილებს აძრობდნენ და გუდავდნენ, ახლა ნელი სიკვდილით კლავენ – სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ, ცემენ და შესაბამის მკურნალობას არ უტარებენ, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგით მთავრდება. იმაზე, თუ სასჯელაღსრულების რომელი დაწესებულებებია ამ მხრივ გამორჩეული, პრესა.გე–ს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი ესაუბრა.

26 ივნისს საქართველოში მერვედ აღინიშნა წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღე, ხოლო ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მეექვსედ ჩატარდა, სახალხო დამცველისა და “ ემპათიას“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 1997 წლის 12 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 26 ივნისი წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღედ (გაერო–ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 52/149) გამოაცხადა.

10 წლით ადრე, სწორედ ამ დღეს, 1987 წლის 26 ივნისს, ძალაში შევიდა გაერო–ს კონვენცია “წამებისა და სხვა არაადამიანური, ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითაც იკისრა ვალდებულება, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკას.

2002 წლის 18 დეკემბერს, 10 წლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ, 57-ე სესიაზე წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმი მიიღო, რომელიც ძალაში 2006 წლის 22 ივნისს შევიდა. ამ ოქმის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 7 ივლისს მოახდინა, ხოლო 2009 წლის დეკემბრიდან, ამავე ოქმის შესაბამისად, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი ამოქმედდა.

26 ივნისს წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანია ერთობლივად მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში აღინიშნა, რომლის საერთაშორისო მოწოდებაა “მსოფლიო წამების გარეშე“.

“თუ სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების მიხედვით ვიმსჯელებთ, 2009–2010 წლებში, წამების ფაქტებმა გარკვეულწილად იმატა. 2010 წლის იანვრიდან დღემდე, ინტენსიური მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა, რომელიც დახურული დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებს, ცემა–წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არა ერთი ფაქტი აღმოაჩინა, რომელთა თაობაზეც, საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ მივმართეთ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

მისივე განმარტებით, დაკავების დროს ძალის გადამეტების ფაქტები გახშირდა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2010 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საპყრობილეებში დაზიანებებით 221 პატიმარი შეიყვანეს; აქედან 24–მა განაცხადა, რომ დაზიანებები მიღებული აქვს დაკავებისას. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მათი დაკვირვებით, “არასათანადო მოპყრობის“ ფაქტები ბევრად მეტია, ვიდრე ამას სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკა მიუთითებს.

“ასევე ხშირია თავად სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულ პირთა საჩივრები, ცემასთან, ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით. ამგვარი ფაქტების შესახებ ხშირად ვიღებთ შეტყობინებას ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“, – ამბობს ტუღუში და სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებებსაც უთითებს:

“2010 წლის პირველ ნახევარში, შემოსული განცხადებები და საჩივრები ძირითადად შეეხებოდა: გეგუთის N8, ქსნის N7 დაწესებულებებს და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას. თუმცა, ერთეულ განცხადებებში სხვა დაწესებულებებიც იყო მოხსენიებული. როგორც წესი, პატიმრების საჩივრები შეეხება ფიზიკურ ანგარიშსწორებას; თუმცა, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ჩივიან დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე“.

წამება, ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის ხმამაღლა თქმა (ახნა–განმარტების, ან საჩივრის დაწერა) ერთია და ამ ფაქტის სათანადოდ გამოძიება მეორე, რაზეც სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამოძიება ფორმალურად იწყება, ან მალევე წყდება, თავად თანამშრომლობის ჩვენებებზე დაყრდნობით, ისე, რომ რეალურად არ ვლინდება დანაშაულის ჩამდენი პირები და მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

წამების ფაქტის ჩაფარცხვის კიდევ ერთი საშუალება – დაზარალებული პირი, სახალხო დამცველისთვის, ან “ემპათიასთვის“ მიცემულ ახსნა–განმარტებას, რომელშიც წამების დეტალებზე ჰყვება, შემდეგ უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანებები თავად მიიყენა, ან მიიღო უბედური შემთხვევის, მაგალითად, ლოგინიდან გადმოვარდნის შედეგად.

“ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ჩივილის შემთხვევაში, თავად პატიმრის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და “დადგინდა“, რომ მის მიერ მიღებული დაზიანებები, მის მიერვე გაწეული წინააღმდეგობის შედეგია. ამგვარად, იმის გამო, რომ ხშირად გამოძიება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, პატიმრებში შიშის სინდრომი გაჩნდა, რაც საგრძნობლად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოჩენას და დამნაშავეთა დასჯას“, – ამბობს სახალხო დამცველი.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, ამ თვალსაზირისით, ტუღუშის განმარტებით, ყველაზე შემაშფოთებელი მდგომარეობა სამეგრელოშია, სადაც ისევ მწვავედ დგას დაკავების დროს ეჭვმიტანილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პრობლემა.

2010 წლის მარტში, სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა, ზუგდიდის N4 საპყრობილეში რამდენიმე პატიმარი ინახულეს, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავების დროს მიაყენეს. ამჟამად ორ ფაქტზე, წამების კვალიფიკაციით, გამოძიებაა დაწყებული. მესამეს შესახებ სახალხო დამცველის აპარატს პასუხი ჯერ არ მიუღია. გიორგი ტუღუშმა აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირებული წამების ფაქტებზე ისაუბრა:

“ჩვენთვის ცნობილი გახდა 2 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი სასტიკად სცემა, ჯერ აღიარების მოპოვების მიზნით და შემდეგ, იმის გამო, რომ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა დააგვიანეს. ბოლოს პოლიციის თანამშრომელი მათ დაემუქრა, რომ თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გახმაურდებოდა, მათი ლიკვიდაცია მოხდებოდა. ერთ–ერთი არასრულწლოვანის საქმეზე, რომელსაც ჩვენი ვიზიტის დროს აღენიშნებოდა:

დაჟეჟილობა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს ესკორაციები და სისხლნაჟღენთები, გამოძიება წარმოებს, ხოლო მეორე არასრულწლოვანმა აღნიშნული ფაქტების გამჟღავნება არ ისურვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ შემთხვევაში, გამოძიება დაწყებულია არა წამების, არამედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რაც არაადეკვატური კვალიფიკაციაა“, – ამბობს სახალხო დამცველი.

ქსნის N7–ე საპყრობილეში პატიმრებს სცემენ

როგორია სტატისტიკა – ბოლო რვა წლის განმავლობაში, წამების მსხვერპლთა რიცხვი იზრდება, თუ მცირდება?
მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ პრეზიდენტი: ორი მიმართულებით უნდა ვისაუბროთ; ერთია ციხეთა სისტემა, პოლიცია და ა.შ., სადაც წამების მსხვერპლთა რიცხვი, განსაკუთრებით 2004–2005 წლების შემდეგ თანდათან მცირდება. ისეთი საშინელი მეთოდები, როგორიცაა აირწინაღის ჩამოცმა, მოღრჩობა, გაგუდვა, ფრჩხილების წაძრობა, პოლიციის შენობების ფანჯრებიდან ხალხის გადმოხტომა, პრაქტიკულად არ გხვდება. თუმცა, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, განსაკუთრებით ციხეთა სისტემაში, ხშირია.

წამების როგორ მეთოდებს მიმართავენ ამჟამად?
– არის ცემის, დამამცირებელი მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. ხშირ შემთხვევაში, რეჟიმი და საცხოვრებელი პირობებიც არაადამიანურია.

რაც წამებას უთანაბრდება?
– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, თავისი ინტენსივობით წამებას შეიძლება გაუთანაბრდეს. ამავე დროს, ციხეთა სისტემაში ხშირია არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ფაქტები, განსაკუთრებით, ფსიქიური პრობლემების მქონე და ფსიქიურად დაავადებულთა მიმართ, რაც ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევად – არაჰუმანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობად განიხილება.

რაც შეება მეორე მიმართულებას, ეს არის ეთნოწმენდის მსვერპლები. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში საქმე გაგვიუარესდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დევნილთა რაოდენობა დაგვემატა; ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ გასული ნახევარი მილიონი ეთნოწმენდის მსხვერპლია და მათი მდგომარეობა, უპირველესად აღიარებას საჭიროებს, რომ ეს ხალხი არის, როგორც მინიმუმ არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მაინც, თუ არა წამების მსხვერპლი.

ვინ უნდა აღიაროს დევნილები ეთნოწმენდის მსხვერპლად?
– უპირველესად საქართველოს პარლამენტმა უნდა აღიაროს და კანონი შეიმუშაოს, რომელიც მათ რეაბილიტაციას მოახდენს; ასევე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებმა (ისეთი, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო) ქმედითი, ეფექტური ზომები უნდა მიიღონ, ეფექტური ღონისძიებები, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ, რომელიც ამ კატეგორიასთან მიმართებაში აუცილებლად განხორციელდება; განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, წამებისა და დიკრიმინაციის ფაქტები დღემდე ეგრძელდება.

წამების კუთხით ციხეებში როგორი ვითარებაა?
– სხვადასხვა ციხეებში, სხვადასხვა ინტენსივობით ვითარების გამოსწორების მცდელობა შეინიშნება.

რომელ საპატიმრო დაწესებულებაშია, ამ კუთხით ყველაზე რთული ვითარება?
– მაგალითად, ქსნის N7 საპყრობილეში პირობებიც არაადამიანურია, სამედიცინო მომსახურება – უვარგისი და ცემის ფაქტებიც ხდება. გეგუთის კოლონიაში ფსიქიურად დაავადებული ადამიანი შეგხვდა, რომელსაც გაურკვეველი მიზეზებით, სასჯელის ვადა სწორედ ქსნის N7 დაწესებულებაში ჰქონდა დამატებული. ციხის საავადმყოფოში შარშან ადვოკატის უფლებებიც კი ირღვეოდა, პატიმართან შეხვედრის კუთხით. სამედიცინო უფლებებზე აღარაფერს ვამბობ... ციხეთა სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა და წამების პრევენციის სტანდარტები, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.