ახალბედა კულინარი

ახალბედა კულინარი

[სანტიაგო გაუჩო]

მომღერალი ქალბატონი ლედი გაგა ბოლო პერიოდია დიდი პოპულარობით სარგებლობს და სხვადასხვა რეიტინგების სათავეში იმყოფება. ამ ფაქტორმა მისი პირადი ბიუჯეტის ზრდაზე დადებითად იმოქმედა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გაგა დეიდამ ფულის სარფიანად დაბანდება განიზრახა და ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი გაკოტრებული რესტორანი შეიძინა. 

მომღერლის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს სიხარულის საბაბი მიეცათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ ამერიკული „საზკვების” დაწესებულების მომსახურე პერსონალზე, მათ ხომ „ქარიშხალი სახელად გაგა“ მოევლინათ. 

ახალ მფლობელთან დაკავშირებული იმედები რესტორნის თანამშრომლებს მალე გაუქრათ. „კულინარმა” ლედი გაგამ ამ ორგანიზაციაში რამდენიმე „ნოვატორული” იდეის დანერგვა გადაწყვიტა. თავდაპირველად მოსამსახურე პერსონალს სექსუალურად და გამომწვევად ჩაცმა უბრძანა, შემდეგ კი კერძების სახელების გადარქმევა დაიწყო. ასე გაჩნდა „როსტბიფი ლედი“ და „ბარბექიუ გაგა“. 

რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, მკაცრად გააკრიტიკა ახალი მფლობელი და მისი, როგორც ჩაცმის, ასევე ქცევის ნორმები: 

“-რასაკვირველია თავდაპირველად გაგვიხარდა, როდესაც ჩვენი რესტორანი ასეთმა პოპულარულმა მომღერალმა შეიძინა. ლედი გაგამ თავიდანვე სპეციალური თათბირი მოიწვია და საკუთარი მოთხოვნები, ასევე ამ ბიზნესის განვითარების მისეული პრინციპები გაგვაცნო. ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ მივხვდით, რომ სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს და წინ არცთუ უღრუბლო დღეები გველის.”

ლედი გაგა ახალ წამოწყებაში მაღალი მწვერვალების დაპყრობას აპირებს. რაც შეეხება მის ქართველ თაყვანისმცემლებს, უახლოეს მომავალში ამ რესტორნის მისამართს აუცილებლად გავიგებთ და ნიუ-იორკში მიმავალ ჩვენს თანამემამულეებს შევატყობინებთ.