დიტო გელოვანი: განსხვავებული ამბები

დიტო გელოვანი: განსხვავებული ამბები

ვიღაცა ცუდად გახდა, სასწრაფოდ გაიყვანეს, უშუალო კუმეო კი ელვისებურად ალაგებდა საუკეთესო ნაჭრებს კალათაში, ქალტაშუა დაბორიალობდა ვინსენტე, რომელიღაც ქედმაღალმა სილაც გაულაწუნა, მაგრამ ვინსენტე ვერაფერს მიხვდა, დაილოცა და საწებელა მიიყუდა პირზე, მერე ტუჩები ცოტათი შეეჭვებულმა მოიწმინდა და მძინარე ცოლისძმის - ანტონიოს თმაზე შეიხოცა ხელი - აჰ, დიდებული ქორწილი იყო და, მასპინძელთა სასახელოდ, სუყველა დათვრა! დუილიოც კი ვეღარ აბამდა ურთულეს წინადადებებს თავს, მხოლოდ იმას იძახდა: ”წყაროდან ჭიქას... ჭიქას... დაამტვრიეთ, მაგის ოხერი...” ვიღაც სულწასული დაუპატიჟებლად შემოეხეტა და იკითხა: ”ბოდიში, ხომ არ იცით რომელი საათია? უხ, ქორწილი ყოფილა? წავალ, წავალ...” ”აჰ, არა, არა, დაბრძანდით, დაბრძანდით, სად იყავით აქამდე...”

(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)


თუ ქორწილია, ქორწილი იყოს - საერთაშორისო აჟიოტაჟით, ტელეტრანსლაციებით, ჟურნალისტების ჟრიამულით, რეკლამებისა და სუვენირების გაყიდვით, დიზაინერების ხორხოცით...

 

ტვინი წაიღეს!!!

 

აი, ნიკა გილაურმა ისე მოიყვანა ცოლი, კაციშვილს არ გაუგია. ჩვენი მინისტრები და გუბერნატორებიც საკმაოდ თავმდაბლები აღმოჩნდნენ, ერთი შეკივლება არავის სმენია, პაპარაცები არ დაუქირავებიათ და არც ჟურნალისტებისთვის გადაუხდიათ ფული. ზოგმა ცოლი გაუშვა. ჩუმად, წყნარად...

 

იქ კიდევ, ქორწილი შემოსავლის წყაროდ აქციეს. აღარც მიკვირს - ფეხბურთი ტოტალიზატორმა იმსხვერპლა, მუსიკა - ფონოგრამამ, ბიუსტი - სილიკონმა, ღვინო - საღებავმა, პოლიტიკა - პიარმა... ჰოდა, რა გასაკვირია, თუ ქორწილი, თუნდაც - პრინცის, ტურისტების მოზიდვის საშუალებად რომ იქცევა.


ელტონ ჯონი რაინდია და მეუღლესთან ერთად იყო დაპატიჟებული, ბექჰემი და ვიქტორია ადამსი მეუღლეებთან ერთად მიიწვიეს. ორივე მივიდა, ორივემ წაიყვანა მეუღლე და სულ ორნი იყვნენ.

 

ჩვენი ტელევიზიები კი, აჩვენებდნენ და აჩვენებდნენ. ბიბისი და რეალტივი, ორივე ტელევიზიებია. ლანსელოტი და ელტონ ჯონი - ორივე რაინდია.

რაღა ტელევიზიით გადაცემული ქორწილი და რაღა პირველი საქორწილო ღამის შემდეგ მეზობლების დასანახად გამოფენილი ზეწარი.

 

”ახალდაქორწინებულმა კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საქორწინო მოგზაურობაში წასვლა გადაიფიქრეს. ”ბი ბი სი”-ის ცნობით, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი უიქენდს დიდ ბრიტანეთში გაატარებენ. მომდევნო კვირას კი, როგორც ცნობილი გახდა, პრინცი უილიამი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში სამუშაოდ დაბრუნდება” - ეს რომ წავიკითხე, გული მომიბრუნდა.  

 

მოკლედ, განსხვავებული ქორწილი იყო და საქორწინო მოგზაურობაც განსხვავებული გამოვიდა. ალბათ, ესეც პიარია. ყველას უნდა, რომ განსხვავებული იყოს - კემბრიჯის ჰერცოგს, კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლეს და... საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს.

 

”როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, წელს 1 მაისს განსხვავებულად აღნიშნავენ. ამ დღეს პროფკავშირელები შეიკრიბებიან თბილისის ზღვაზე, ძველი მლაშე ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 110 წლის წინათ, დღევანდელი პროფკავშირების წინამორბედებმა, ერთ-ერთი პირველი საპროტესტო აქცია მოაწყვეს”. 

 

აზროვნებს ხალხი, ფიქრობს. ამას ”კრეატივი” ჰქვია, ანუ, ჩვენებურად, საქმისადმი შემოქმედებით მიდგომა.

 

”თავისუფლება – გაფიცვის!”, ”თავისუფლება – მუშათა კავშირებისა და სალაროების!” (პროფკავშირების), ”თავისუფლება – კრების!” (შეკრებების), ”თავისუფლება – სიტყვის და ბეჭდვის”, ”მეტი ხელფასი!”, ”8-საათიანი სამუშაო დღე!”, ”ადამიანური სამუშაო პირობები!” – ასეთი იყო მშრომელების მოთხოვნები 1901 წელს.

 

”ღირსეული შრომის კოდექსი!”, ”რეალური სამუშაო ადგილები!”, ”პროფესიული კავშირების საქმიანობაში ჩაურევლობა!”, ”პენსიის გაზრდა!”, ”ღირსეული ანაზღაურება!”, ”8-საათიანი სამუშაო დღე!”, ”შრომის ღირსეული პირობები!”, ”რეალური გადასახადები თვითდასაქმებულებისთვის!”, ”სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევა!”, ”დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა!”, ”სწავლის ღირებულების ზრდის შეჩერება!” – 2011 წელს პეტრიაშვილმა და მისმა რაზმმა ეს მოითხოვეს.

 

როგორც ხედავთ, საქართველოს პროფკავშირების აზრით, ამ 110 წელიწადში არაფერი შეცვლილა, ფაქტობრივად სულ იგივე მოთხოვნებია. ერთადერთი მიღწევა, ისევ პროფკავშირების აზრით, ის არის, რომ სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია, ბეჭდვა - შეუზღუდავი.

 

ეს - მაგათ რომ კითხო. და მე რომ მკითხო, ხელისუფლებას სწორედ ეს აქცია უნდა დაერბია. მამაძაღლი, 2007 წლის 7 ნოემბერს მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვქონდა და ლამის სახლებში შემოგვივარდნენ (ჩემი წილი რეზინის ტყვია პატიოსნად მივიღე) და ეს პროფკავშირები ვითომ რომელი წითელი კოჭები და ვისი შიბლაკოკოჩები არიან?

 

პროფკავშირები... მაგას ისევ ლეიბორისტული (შრომის) პარტია მირჩევნია.

 

განსხვავებული ამბავი ამერიკიდან - ფლორიდას შტატში 27 წლის უსახლკარო ბოროტმოქმედმა ბანკიდან ნაძარცვი თანხა ავტობუსის მგზავრებს გაუნაწილა.

განსხვავებული-მეთქი და, ჩვენგან არის განსხვავებული. ჩვენთან ბოროტმოქმედები, მას შემდეგ, რაც 27-27 წელი შეუსრულდათ, უსახლკაროებს დროებითი თავშესაფრებიდან ყრიან, დამშეულებს უფასო სასადილოებში უვარდებიან და საკუთარ თავს ისეთ ფასს ადებენ, რომ ამქვეყნად ყველაფერს ფასი ეკარგება.

 

ბარემ, იმ ამერიკული ნიუსის დასასრულიც წავიკითხოთ: ”მძარცველმა ფულის შეკვრები უკლებლივ ყველა მგზარვს დაურიგა, თუმცა ბანკის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა პოლიციამ მძარცველი რამდენიმე წუთში დააკავა. მგზავრებმა პოლიციას მძარცველის მიერ დარიგებული უხვი საჩუქრები ხალისის გარეშე დაუბრუნეს. ქალაქ სენტ-პიტერსბურგის სასამრთლო აღნიშნულ საქმეს უახლოეს პეიროდში განიხილავს. სასამართლოში დაბარებული მოწმე-მგზავრები მძარცველს თანამედროვე ”რობინ ჰუდად” მოიხსენიებენ”.

 

ჩვენთან მთავრობისა და პარლამენტის წევრები საკუთარ 30-ლარიან ვაუჩერებს სხვებს ურიგებენ. ოღონდ ეგენი სასამართლოს წინაშე წარდგნენ და, მზად ვარ, თითოეულ მათგანს ”თანამედროვე არსენა ოძელაშვილი” დავუძახო.

 

კიდევ ერთი განსხვავებული ამბავი, ამჯერად - სინგაპურიდან: ”სინგაპურში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. რესპუბლიკაში ოპოზიციური განწყობის გაძლიერებას პოლიტოლოგები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი. მათი პროგნოზით, მმართველი პარტია ისეთივე ფართო მხარდაჭერით ვერ ისარგებლებს, როგორითაც ადრე, რაც პარლამენტში კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს”.

 

საქართველოს ასეთ სინგაპურიზაციაზე მეც თანახმა ვარ. ასეთი სინგაპურიზაცია მიშას არ მოეწონება. გასული კვირიდან მოყოლებული მიშა, ალბათ, საქართველოს თურქმენიზაციაზე ფიქრობს.

 

ერთი განსხვავებულიც - იაპონიის ციხეებში მყოფმა პატიმრებმა მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულთათვის 260 ათასი დოლარის დახმარება გაიღეს.

 

იაპონელი პატიმრების ამბავი რომ ვიცი, ერთი 260 ათას დოლარს ქართველი პატიმრებისთვისაც არ დაინანებენ და ეს ამბავი ხათუნა კალმახელიძემაც რომ იცის, ზის და უკვე ხელებს იფშვნეტს. ჰოდა, რამე რო იყოს, ბაჩო ახალაიას წილი არ ეკუთვნის? აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა; კალმახელიძე შობილი ახალაიასგან არის მშობელი... ვისი მშობელია კალმახელიძე? სააკაშვილი შობილი შევარდნაძისგან, არის მშობელი... ვისი მშობელია მიშა?

 

რავი... რვიანის წარმომადგენლები - შესანიშნავი შვიდეული და ერთი ჩითის კაბა - იძახიან, დასავლეთმა სააკაშვილს საშვილოსნოს არხები გადაუკეტაო. რავი... არ არის გამორიცხული... ეტყობა, იმიტომ არის ასე აქტიურად რომ უწევს პროპაგანდას ჰიბრიდული სიმინდის თესლს. ამ ჰიბრიდულებს რას გაუგებ კაცი?!

 

რავი... ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისაც არაფერი მესმის. ”გოგა ხაჩიძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა” - იუწყებოდა ჩემი უსაყვარლესი სააგენტო. საქმიანი შეხვედრა იყოო, ხაჩიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრაო, სამინისტროს სტრუქტურა გააცნოო... შეხვედრის მიმდინარეობისას ტყემ მოისხა ფოთოლიო, იქვე მერცხალიც გალობდაო, მდელო აყვავდაო. თურმე ხაჩიძე დაირაზე უკრავდა - მამულო, საყვარელო, შენ როდის აყვავდებიო.

 

ოე, სახე!!! საქართველო უკვე აყვავდა - კობა ბექაურმა გორის ტრასა ააშენა, ზაზა ბეგაშვილმა ჩინეთის კედელი დაანგრია, კობა ხაბაზი ვითომ ფუტკრებს იცავს და სინამდვილეში ბუზებს ამრავლებს... გალიაში კი, ბულბულები ზიან.

არასამთავრობოების მართლა არაფერი მესმის. ერთმა რატომ მაინც არ უსაყვედურა ხაჩიძეს, ბენზინში ვირის შარდს რატომ აზავებდიო!

 

კაცო, ეს ნოღაიდელი სადღა დაიკარგა?

 

როგორც ჩანს, ერევანში გადაწყვიტეს, რომ სომხური სპორტი (არმიანსკი სპორტ) ქართული ხელოვნებით გააზავონ. ორი კვირის წინ ერევანში ბაჩო ახალაია ჩავიდა, გასულ კვირაში ერევანს გრიგოლ ვაშაძე ეწვია და ეს მისვლა-მოსვლა კალმახელიძის სამფლობელოში სომეხი მედილეგეების ვიზიტით დაგვირგვინდა.

 

წინასწარი პროგნოზები უკვე კეთდება - 1. სერჟ სარგსიანი სომეხ ჯარისკაცებს ხშირ-ხშირად დააყვედრებს, თქვენზე ვარ გადაყოლილო; 2. სომხეთის ნაკრების თავდამსხმელს, ედგარ მანუჩარიანს ციხეში ცალკე საკანს მიუჩენენ; 3. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უარს იტყვის რუსეთის მოქალაქეობაზე.

 

ქართული დიპლომატიის აქტივობა გასულ კვირაში ამით არ ამოწურულა. ქართული დიპლომატიის ბრწყინვალე გამარჯვება - ალბანეთის, სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინისა და ერაყის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ. როგორც გილაურის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა გვახარა, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ 360 დღით ყოფნის უფლება ექნებათ.

 

ვინმე დურგლიშვილმა ხუროშვილს საინტერესო კითხვა დაუსვა: ”360 რაღა იყო?” და იქვე ვინმე ზეინკლიშვილმა და ვინმე კალატოზიშვილმა რჩევაც მისცეს: ”ბარემ, 365 დღით შემოგეშვათ”. აქ, ხუროშვილს გაახსენდა ანეკდოტი: კაცმა 99 ხინკალი შეჭამა და რომ უთხრეს, ბარემ ასი გეჭამაო, ეწყინა - ასი რა ამბავია, ღორი კი არ ვარო.

 

ხუროშვილმა არამკითხე-მოამბე-მრჩევლებს უთხრა, 365 დღე რა ამბავია, ეს ჩვენი საქართველო ”პრახადნოი დვორი” კი არ არისო!

 

და, მართლაც, არავითარი ”პრახადნოი დვორი” - საქართველოს ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს საზღვრებს ცხინვალთან, გალთან და ახალგორთან. ჩვენ რა გვიჭირს, აი, რუსეთს კი იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს საზღვრებთან მიმართებაში, რომ ნინო კალანდაძემ სულ კისკისით დასცინა - თქვენთან კონტრაბანდა იმიტომ შემოდის, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებთო.

 

ერთი აზრი მომივიდა... სანამ რუსეთი საზღვრებს ვერ აკონტროლებს, ხომ არ გვესარგებლა მომენტით და ხომ არ... ჰა? ჰაა! არა, ისე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ეკა ტყეშელაშვილმა ხითხითით თქვა: ”ლავროვი ილუზიებით იკვებება”. ლავროვი ღორი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით. იმდენი ილუზიები აქვს და სხვას კი არ უწილადებს, სულ თვითონ ჭამს. აი, ვენაცვალე მიშა სააკაშვილს - დღე ისე არ გავა, ერთი კარგი ბოლში გამოყვანილი ილუზია რომ არ გვაჭამოს. ”მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მტერმა ვერ მოახდინა ქართული არმიის დემორალიზება. ქვეყანამ და ქართულმა შეიაღებულმა ძალებმა სულისკვეთების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით გაგრძელება შეძლო” - ეს ილუზია პრეზიდენტმა ნაკვერჩხალზე გასულ კვირაში აგვიშიშხინა.

 

ჩვენში დარჩეს და, ზოგ-ზოგიერთს მართლაც აქვს იმის ილუზია, რომ იმ ილუზიებით, რა ილუზიებითაც მოსახლეობას კვებავს, მიშა თვითონაც იკვებება. არ არის ეგრე. მიშა მაგარია, მიშა კეთილია - ბოლო ილუზიას გამოიღებს პირიდან და ამომრჩეველს აჭმევს.

 

თემის გაგრძელება - ”საქართველოს მთავრობა ხაჭაპურზე საერთაშორისო პატენტის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ EurasiaNet-ი წერს. საქართველოს მთავრობის გეგმებშია ხაჭაპურის გასაღების ახალი ბაზრების მოპოვება დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, საქართველო გეგმავს ხაჭაპურის და სხვა ქართული კერძების ქვეყნის გარეთ ავტორიზებულ გაყიდვას”.

 

ჰოოო... საშური საქმეა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე აიღებს ლიცენზიას და ყველაფერს გაყიდის - ხაჭაპურს, ჩაქაფულს, ჩიხირთმას, ბოზართმას, საცივს...

 

ყველაფერს გავყიდით, სინდისის გარდაო - თქვა ერთხელ ბენდუქიძემ.

”საქართველოს სახელმწიფო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას არ აპირებს” - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა.

 

ახლა, მე რომ ტოკიოს ცენტრში საკუთარი ცათამბჯენი მქონდეს, აუცილებლად გავყიდიდი, მაგრამ არ მაქვს და ვერ ვყიდი. როგორ გაყიდის სინდისს თინა ბურჯალიანი? როგორ გაყიდის სინდისს კახა ბენდუქიძე?

 

ეგენი და სინდისი - განსხვავებული ამბებია.

 

ჩემი თუ არ გჯერათ, ხვალ ვასიკო ოდიშვილს კითხეთ, ასი წლის შემდეგ კი - ჯიჯი ალფაიძეს.

 

ე.ჩ. (ესეც ჩვენზეა) და როცა კარი მიიხურა, მამიდა არიადნამ თავში ფრთხილად შემოირტყა ხელი და წარმოთქვა: - ჰოი, განგებავ! ეს უპირუტყვესთაგანი - თვით დიდი ბენჯამინო კარრასკოს სარეცელზე!!

ქორწილი დამთავრდა.

(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)