შეუდარებელი ნატალი

შეუდარებელი ნატალი

 „ოსკარის“ პრიზის დაჯილდოვების ერთ-ერთი საპატიო ნომინანტი მსახიობი ნატალი პორტმანი გახდა. ფილმ „შავ გედში“ ბალერინას როლის შემსრულებელი ქალბატონი, გასული წლის საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარეს.

გაგიკვირდებათ და, ნატალი ჰერშლაგი (ასეთი გახლავთ მისი ნამდვილი გვარი) წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან არის. მისი მშობლები მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვიდან იყვნენ. წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ, სადაც ქალაქ იერუსალიმში, 1981 წლის 9 ივნისს მომავალი კინოვარსკვლავი დაიბადა.

1984 წელს ოჯახმა საცხოვრებლად აშშ-ს მიაშურა – ჯერ ვაშინგტონში სცადა ფეხის მოკიდება, მერე კონექტიკუტში, ბოლოს კი ნიუ-იორკში დასახლდა. ბავშვობაში ნატალი ცეკვას სწავლობდა და ფიგურულ სრიალშიც ვარჯიშობდა, სასკოლო თეატრშიც თამაშობდა.

როდესაც წამოიზარდა და 11 წლის გახდა, სამოდელო სააგენტოში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა – უნდოდ, რომ მსახიობი გამოსულიყო.

ნატალი პორტმანის კინოდებიუტი ფრანგი რეჟისორიs, ლიუკ ბესონის ფილმში – „ლეონი“ შედგა. ნორჩ მსახიობს პარტნიორობას ჟან რენო და გარი ოლდმანი უწევდნენ. ფილმის პრემიერიდან მეორე დილით, 12 წლის გოგონას ვარსკვლავური დიდებით მოსილს გაეღვიძა. პატიოსანი ქილერის ნორჩი მეგობრის როლმა, რომელიც გამოცდილი მსახიობის დახვეწილი ოსტატობით შეასრულა, ნატალი პორტმანის მომავალ კარიერას მტკიცე საძირკველი ჩაუყარა.

შემდეგ, ახლადგამოჩეკილი ვარსკვლავი სურათში „შეტაკება“ გადაიღეს, სადაც მისი პარტნიორები რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო იყვნენ. 1996 წელს პორტმანის ანგარიშზე მხატვრულ ფილმებში „ლამაზი გოგონები“ და „მარსი გვიტევს“ მონაწილეობა იყო.

მსახიობისათვის რეჟისორ ვუდი ალენის მუსიკალურ სურათში „ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ“ ერთ-ერთი მთავარი როლის განსახიერება აღმატებული გამოდგა. ამ ფილმში მის გარდა ედვარდ ნორტონი, დრიუ ბერიმორი და ჯულია რობერტსი თამაშობდნენ.

1998 წელს ნატალი თეატრით დაინტერესდა. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“– ანას როლი ითამაშა. პარალელურად, მონაწილეობდა „ვარსკვლავეთის ომების“ ახალი სერიის – „ფარული მუქარის“ გადაღებებში, სადაც დედოფალ ამილას როლი ითამაშა.

შემდეგ, იყო სურათი „სადაც გინდა, ოღონდ აქ არა“, რომელშიც სიუზან სარანდონთან ერთად თამაშობდა. ამ როლისათვის პორტმანი „ოქროს გლობუსზე“ წარადგინეს.

2000 წელი აღინიშნა ფილმით „იქ, სადაც გულია“. მასში ნატალიმ მოულოდნელად დაფეხმძიმებული ქალიშვილის როლი შეასრულა, რომელიც სრულიად მარტოა და თავს სუპერმარკეტს აფარებს. ეს მისი პირველი როლი იყო, რომელშიც კოცნის სცენა იყო ჩართული.

ყველაზე გულახდილ ნამუშევრად მისთვის სურათი „სიახლოვე“იქცა, სადაც ბრწყინვალედ შეასრულა სტრიპტიზის მოცეკვავის როლი და ამისათვის „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა.

 კამერის წინ ნატალი პორტმანი პირველად ფილმ „სიახლოვეში“ გაშიშვლდა, ოღონდ სურათიდან, ყველა პიკანტური ეპიზოდი, მისივე თხოვნით, მანამდე ამოჭრეს, ვიდრე მას გაქირავებაში ჩაუშვებდნენ.

მსახიობს ხშირად უთქვამს, რომ სექს-სიმბოლოს როლში თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, ფილმ „ლეონის“ გამო, რომელმაც სრულიად ნორჩ ასაკში მოუტანა როგორც დიდება, ასევე მამაკაცების გადაჭარბებული ყურადღება.

„ლეონის“ ეკრანებზე გამოსვლამ უსიამოვნო გამოცდილებას მაზიარა. მართალია ძალიან ვამაყობ ამ ფილმში მონაწილეობით, მაგრამ არც ის არაჯანსაღი მზერა მავიწყდება, რომელსაც ხშირად ზოგიერთი ბილწი მამაკაცის მხრიდან ვგრძნობდი“ – გაიხსენა ნატალიმ.

ნატალი პორტმანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დასაქმებული მსახიობია ჰოლივუდში. ნატალი პორტმანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჰარვარდისა და იერუსალიმის უნივერსიტეტებში სწავლა და წარმატებით დასრულება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კინოს სამყაროში საქმიანობა და რომ არ აპირებს მთელი სიცოცხლე მსახიობის პროფესიას მიუძღვნას.