დათა თუთაშხია, ავლიპი და მედეა ჩახავა

დათა თუთაშხია, ავლიპი და მედეა ჩახავა

მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

ფილმ “სხვისი შვილების” ჩვენებას მოსკოვში იტალიელი კინორეჟისორი ჯუზეპე დე სანტისი ესწრებოდა, როცა ის შემთხვევით ოთარ კობერიძეს შეხვდა, მაშინვე იცნო.

-დათა! – ყველამ შეამჩნია, თუ როგორ გაუხარდა ცნობილ რეჟისორს ქართველი მსახიობის შეხვედრა, - თუ ჩემს მიერ მოფიქრებული ახალი ფილმი გადავიღე, უეჭველად მიგიწვევთ ერთ-ერთი როლის შემსრულებლად.

ეს შეხვედრა მართლაც შედგა. ოთარ კობერიძე რიგიდან მოსკოვში გამოიძახეს.

-იტალიელს ჰგავს, - წარმოთქვა ჯუზეპე დე სანტისმა და დედა ენაზე დაუწყო ლაპარაკი. დამსწრენი ჯერ განცვიფრდნენ, მერე კი გულიანად იცინეს გულკეთილი რეჟისორის ხუმრობის გამო. ხუმრობითვე ასისტენტმა სიტყვა სასინჯ გადაღებაზე ჩამოაგდო.

- იმდენად ჰგავს იტალიელს, რომ სასინჯი გადაღება არ სჭირდება. იგი ფილმში “ისინი აღმოსავლეთისკენ მიდიოდნენ” მონაწილეთა ნუსხაში შეიტანეს.

გოგი ქავთარაძე იგონებს: “ ბევრი კურიოზი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთ კურიოზზე ვიტყვი.

1969 წელს თბილისიდან ბათუმის თეატრში წავედი. თქვეს, თბილისიდან ჩამოსულიაო. მერე ეს იმერელი კაცი ქუთაისში გადავედი და იქაც – ჩამოსულიაო – თქვეს. სოხუმში ხომ რაღა დაუშლიდათ? – ჩამოსული მერქვა. თქვენ წარმოიდგინეთ, სოხუმიდან თბილისში ჩამოვედი და აქაც ისე მექცეოდნენ, როგორც ჩამოსულს”.

ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა “ჩაუსტვინა”:

- საბუთები, მოქალაქევ!

- მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, - მშვიდად ეუბნება მსახიობი.

ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:

- მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!

ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:

- მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, - ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.

- მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!

- არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და...

- მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქილია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.

მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.

- ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.

- დიახ?!

- დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.

- თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.

- მუშნი ვარ, ზარანდია.

ბორის წიფურია იგონებდა:

“ორშაბათ დღეს რამდენიმე მსახიობი შევიკრიბეთ ფოიეში. ჩვენთან ერთად ბატონი მიშა თუმანიშვილიც იყო. მან საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა და ვმხიარულობდით. თეატრის ტექნიკური რეჟისორიც, ვალიკო გაბისონიაც შემოგვიერთდა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ ზედმეტად თავისებური ხასიათის კაცი იყო. ხშირად უთანხმოება მომდიოდა მასთან, სცენაზე ჩადენილ არც ერთ ოინს არ მაპატიებდა და სულ “დანოსებს” მიწერდა დირექციაში. სხვათა შორის, ვალიკო “დათა თუთაშხიაში” მედუქნის მსახურს, დაქირავებული მკვლელის როლს თამაშობს, რომელიც ჭიქაში საწამლავს უყრის რაჟა სარჩიმელიასა და ბოდღო ყვალთავას. მოკლედ, ვალიკო მოგვიახლოვდა, მაგრამ დაინახა თუ არა ბატონი მიშა, რაღაც უცნაურად აიმრიზა და დემონსტრაციულად შებრუნდა. თურმე, წინა დღეს საკმაოდ მწვავე შელაპარაკება მოსვლიათ თეატრის საქმეებზე. ბატონმა მიშამ შეამჩნია ეს და გასძახა: ”ვალიკო, ასე როგორ შეიძლება?! ეს თეატრია და ასე მოქცევა არ შეიძლება”. ვალიკო უცებ მოტრიალდა და უპასუხა: ”ვიცი, ბატონო, რომ თეატრია, მაგრამ დღეს ორშაბათია – დასვენების დღე, ჩემს ნებაზე ვარ და მინდა მოგესალმები და მინდა არა”.

ყველა იცინოდა, მაგრამ, რატომღაც, მე მოვხვდი თვალში და ახლა მე “დამცოფა”.

- შენ რაღა გაცინებს, შე არამზადავ? შენ საერთოდ არ ხარ ამ თეატრში გასაჩერებელი, მაგრამ... ყველანი ერთნაირები ხართ... “

ზურაბ ყიფშიძე იგონებს:

“ჯარის გამო ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. ბავშვობაში ცოტა ნერვული ვიყავი და 60 წელს გადაცილებულმა დეიდებმა ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანეს. “ჯარისთვის გამოადგებაო” - წარმოგიდგენიათ? 12 წლის ვიყავი, ოთახში რომ შემიყვანეს, კარი ჩაკეტეს და ცოტა შემეშინდა. თან თვითონ ავლიპიც უცნაური კაცი იყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ წამოხტა და თქვა: “უნდა მოგახსენოთ, რომ ნერვული ბავშვია”. ეს დასკვნა მერე მართლა გამომადგა და ჯარში აღარ წავსულვარ”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ქალბატონ ელენე საყვარელიძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.

“ძალიან მიყვარს მედეა ჩახავა და ვმეგობრობდით კიდეც. ერთ ზაფხულს გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით დასასვენებლად აფხაზეთში – აგუძერას დასასვენებელ სახლში.

სოხუმის აეროდრომზე ტაქსისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მედეას მოტაცებაში. დასასვენებელი სახლის ადმინისტრატორმა მოგვახალა, არ მაქვს კარგი ნომრებიო, მაგრამ შემდეგ მედეა რომ დაინახა, ლუქსში მიგვაცილა ზღვის სანაპიროზე. მედეა კი არა, ნატვრისთვალი ყოფილა-მეთქი, ვფიქრობდი და მის ჩრდილში მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

ერთ დღეს მედიკოს კბილი ასტკივდა და ექიმისთვის სოხუმში წამოვედით. სოხუმი ჩემი საყვარელი ქალაქია, ვგრძნობდი, რომ მაყურებელს ვუყვარდი. მივედით ერთი ექიმის ოჯახში. მასპინძელმა რომ დაგვინახა, იკივლა და ტელეფონს მივარდა, ვიღაცას აღტაცებული უყვირის:

- ახლავე გამოდი ჩვენთან, როგორ უნდა გაგახარო, ვინ მეწვია, რომ იცოდე, ისევ ისეთი ლამაზია, ვენაცვალე!

- ძალიან ლამაზი კი ვარ ამ გასიებული კბილით, - გადმომილაპარაკა მედეამ.

- ჩქარა, ჩქარა, მოდი, ვერ მიხვდი? ლენა საყვარელიძე მეწვია, იმას ვენაცვალე! – დიდი პაუზა ჩამოწვა. მედიკომ გადმომხედა. მე კი თავი დარცხვენილად ჩავღუნე. რა ვიცოდი, აქამდე ყველას მედიკოს სახელი ეკერა პირზე და რას ვიფიქრებდი, მეც თუ შემამჩნევდნენ.

ასე დადგა გაზაფხული ჩემს ქუჩაზეც“.