მადონა გათხოვებას აპირებს

მადონა გათხოვებას აპირებს

ცხოვრებაში მრავალ განსაცდელს გამოვლილი მომღერალი და მსახიობი მადონა კვლავ დაქორწინებას აპირებს.

წარმოშობით იტალიელმა გოგომ თავის დროზე ზღაპრული კარიერა მოიწყო და ამ ყოველივეს მარტომ, ყოველგვარი პროტექციების გარეშე მიაღწია. ახლა ორმოცდაათ წელს გადაახტა და კვლავ ჩინებულ ფორმაშია. მას 2010 წლის დასაწყისში გვერდს ოცდაორი წლის ბრაზილიელი მოდელი იესო ლუსი უმშვენებდა. ეს ჭაბუკი რიო-დე-ჟანეიროს ღარიბული უბნიდან იყო და თავბრუდამხვევ წარმატებას უკანასკნელ წლებში  მიაღწია. ის და მადონა რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ და ერთი ხანობა შეუღლებასაც აპირებდნენ. აპირებდნენ... მადონა კვლავ შეყვარებულია, ოღონდ ამჟამად სხვა ახალგაზრდაზე.

ბრაჰიმ ზაიბარის დედამ, ქალაქ ლიონში მცხოვრებმა პატრისია ვიდალმა თანამემამულე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ვაჟიშვილს ახალი მიჯნური ჰყავს და მისი სახელი მადონაა.

24 წლის ბრაჰიმმა და 52 წლის მადონამ ერთმანეთი გასული წლის სექტემბერში გაიცნეს. ერთმანეთს მალე დაუახლოვდნენ და საყვარლებიც გახდნენ. მათ ერთი პრობლემა მაინც გააჩნიათ - ბრაჰიმი ინგლისურად ცუდად მეტყველებს და თან მუსლიმანია. აღმოჩნდა ისიც, რომ ჭაბუკის დედას მადონა გულზე არ ეხატება და არც მისი სიმღერები მოსწონს.

ბრაჰიმის მამა წარმოშობით ალჟირელია. მან ოთხი შვილი და ცოლი მაშინ მიატოვა, როცა ბიჭი პატარა იყო. ქალბატონმა პატრისიამ შვილი ისლამის ტრადიციებზე აღზარდა და წუხს, რომ ის არამუსლიმანს დაუკავშირდა. ამის მიუხედავად, დედიკო ვიდალს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ბრაჰიმი შესანიშნავად გაუგებს მადონას შვილებს. „ბრაჰიმს პატარა და-ძმა ჰყავდა და მშვენივრად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში“.