ომი, რომელმაც იარები დიდი დროის გასვლის მიუხედავად არ მოგვიშუშა! ომი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ომი, რომლის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე დევნილია. აფხაზეთის ომი! მოუშუშებელი ტრაგედია და მუდმივი იმედი - ჩვენ დავბრუნდებით!
ჩვენ მოგითხრობთ იმ ომის შესახებ, რომელმაც ჩვენს თაობას და არა მარტო ჩვენს დიდი დაღი დაასვა. ჩვენ ამ ომში დავკარგეთ ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი. ცოტანი გადარჩნენ და ისიც უფლის ნებით. აფხაზეთისა სა სამაჩაბლოს ომების მონაწილე, მაიორი მაიზერ გელოვანი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაეცა გაგრა და რა იყო გაგრის დაცემის ძირითადი მიზეზი. როგორც თვითონ აცხადებს, გაგრის დაცემამ გამოიწვია აფხაზეთის დროებით დაკარგავა. მაიზერის დაჟინებული თხოვნით, ვწერთ „დროებით დაკარგვას“ და ესეც ალბათ მისი საბრძოლო სულისკვეთების ნაწილია. ისეთი ოფიცრები ნამდვილად არ არიან ბევრნი, ვისაც ომის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მოყოლა და საჯაროდ გადმოცემა შეუძლია და განსაკუთრებით ერიდებიან პრესასთან ურთიერთობას. მაშ ასე, ვიწყებთ.
მაიზერ გელოვანი:
- აფხაზეთის ომი რომ დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ბატალიონის დაზვერვის უფროსი ვიყავი, ჩვენ სამაჩაბლოში, სამშვიდობო ძალებში ვიდექით. ომი ამ დროს დაიწყო აფხაზეთში, სამშვიდობო ძალების ორთვიან ხელშეკრულებას მოვრჩით ამ დროს. ჩამოგვიყვანეს თბილისში, მეთაური იყო პოლკოვნიკი თამაზ მეფარიშვილი, ის იყო ნამდვილი მეთაური, უძლიერესი პიროვნება და კარგი ლიდერი. კაცი, რომელიც ბატალიონის ყველა წევრს უყვარდა და პატივს სცემდა.
ტყვედ ჩავარდა, როგორც მახსოვს.
- კი, ტყვედ ჩავარდა გაგრაში.
კარგით, ჩამოდხვედით თბილისში... შემდეგ?
- ჩამოვედით, ჩვენი დისლოკაციის ადგილი იყო საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორია, შემდეგ სამხედრო აკადემია ჩამოყალიბდა აქ. ბატალიონში ძირითადად ვიყავით ის ბიჭები, ვინც თბილისის ომში ვმონაწილეობდით კანონიერი ხელისუფლების მხარეს. აქაც ერთად შევიკრიბეთ და წავედით აფხაზეთში. აეროპორტიდან გაგვაცილეს ძმებმა თორნიკე და თემურ ფიფიებმა, თორნიკე ჩემი ძმადნაფიცი იყო ეროვნული მოძრაობიდან, იმ დროს პარლამენტის წევრი იყო, მისი ძმა კი უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ. დღეს არც ერთი არაა ცოცხალი. ჩვენ თბილისიდან 11 სექტემბერს წავედით, ძალიან ცხელოდა. აეროპორტში რამდენიმე საათი ველოდით, როდის გვეტყოდნენ, რომ რეისი მზად იყო. არადა, ამ დროს ყოველ ნახევარ საათში მიფრინავდა თვითმფრინავი დუბაის და სხვადასხვა მიმართულებით და დამსვენებლები გადაყავდა. საღამომდე მოგვიწია ლოდინი ვიდრე თვითმფრინავს გამოყოფდნენ.
რამდენი სამხედრო მოსამსახურე გადაფრინდით აფხაზეთში?
- 110. ჩვენთან ერთად წამოვიდა სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად იყო ჯემალ გაბლუდანი, სამხედრო პოლიციაში მსახურობდა, ჩვენ ერთად ვმსახურობდით ჯარში, აფხაზეთშიც ერთად მოგვიწია წასვლა, ჯემალი ვერ ჩამოვიდა, დაიღუპა. ჩავედით სოხუმში საღამოს, ის ღამე ბაბუშერას აეროპორტში გავათენეთ. მეორე დღეს გაგვიყვანეს პოზიციებზე, ბოტანიკურ ბაღში ავედით ჯერ, მერე ჩამოგვიყვანეს ისევ აეროპორტში, ადგილი ვერ იპოვეს ჩვენი ბატალიონი რომ ჩამდგარიყო სადმე, ერთი სიტყვით, ქაოსი იყო.
სამი დღე დაგვატარებდნენ ზემოთ-ქვემოთ, სამი დღის შემდეგ მოვიდა ბრძანება, რომ გაგრაში იყო დაძაბული სიტუაცია და დახმარება ჭირდებოდათ. სამი ვერტმფრენი მოვიდა, ჩაგვსხეს და გადავფრინდით. ვიდრე გაგრაში გადაგვიყვანდნენ, მანამ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ანუ, რა მოხდა: ჩავსხედით ოცეულების მიხედვით ვერტმფრენებში და ამ დროს გვეუბნებიან, არ აფრინდეთო. კაი ხანს ველოდით აფრენას. ვიკითხეთ, რა ხდებოდა, გვიპასუხეს - გუდაუთის რუსული ბაზიდან მოვიდა მუქარა, თუ აფრინდებით, ჩამოვაგდებთო. რისკის ამბავი იყო, ან უნდა წავსულიყავით ან - არა. რა თქმა უნდა, წავედით.
პირველი ჩვენ გავფრინდით იმ ვარიანტით, რომ თუ ჩვენ გაგრაში ჩავფრინდებოდით მშვიდობიანად, სხვები შემდეგ წამოვიდოდნენ. ჩვენს ვერტმფრენს მართავდა ცხონებული ჯიმი მაისურაძე, პროფესიონალი მფრინავი, გმირი, ნამდვილი ვაჟკაცი. ისე გაგვიყვანა ზღვით, ისე ჩაგვაფრინა გაგრაში, რომ რუსებმა ვერ მოგვიხელთეს. დავეშვით სტადიონზე, რომელიც აეროპორტის ფუნქციას ასრულებდა. დავეშვით თუ არა, გადასცეს ეს ამბავი სოხუმს და სხვა დანაყოფებიც წამოვიდნენ. ჩვენ რომ ჩავფრინდით გაგრაში, ზუსტად იმ დღეს ჩაცხრილეს ჩვენი დაზვერვის ბიჭები ტყეში. არ ვიცი... კიდევ ერთი ნიუანსია... დაზვერვაში მიდიოდნენ წითელი დიდი ავტობუსით, „იკარუსის“ ავტობუსი თუ გახსოვთ აი იმით. გზაზე ჩაუსაფრდა მტერი და ჩაცხრილეს.
ასე ღიად ვინ დადის დაზვერვაზე?
- აი, ამას მინდა გავუსვა ხაზი. იმ დროს პროფესიონალიზმი იყო ნაკლები, მაგრამ პატრიოტული სულისკვეთება იყო მაღალი. ბევრმა არ იცოდა სამხედრო საქმე, მაგრამ გულით მიდიოდნენ ბრძოლაში, თავდადება იყო და თავგანწირვა.
ანუ, თავისი ინიციატივით წავიდნენ?
- არა, ბრძანებით წავიდნენ, მაგრამ შეცდომა იყო ეს ბრძანება. ავტობუსით შუა გზაზე წასვლა როგორ შეიძლებოდა? შუადღით, თან! ვინ ვერ დაინახავდა? მაშინ ბევრი დაიხოცა და დაიჭრა, ავტობუსს ჯერ ყუმბარმტყორცნი ესროლეს, შემდეგ ჩაცხრილეს ავტომატებით. რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ჩვენ რომ ვერტმფრენით ჩავფრინდით, იმ ვერტმფრენით ჩამოიყვანეს სოხუმში დაჭრილები და დახოცილები.
გაგრის ბრძოლა იყო გადამწყვეტი...
- გაგრის დაკარგვამ, გაგრასთან წაგებამ დაგვაკარგვინა მთლიანად აფხაზეთი.
თქვენ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ მოგიწიათ ბრძოლა თუ სოხუმში ბაგრამიანის ბატალიონთანაც?
- არა, ჩვენ ვებრძოდით კაზაკებს, რუსებსა და ჩეჩნებს. უშუალოდ ჩვენი ბატალიონი შეება შამილ ბასაევის დაჯგუფებას, მათ მოგვაქციეს ალყაში. ადგილზე ჩასულები პოზიციებზე გავიშალეთ, ჩავდექით, მაგრამ რა ხდებოდა? ძალიან არეულობა იყო, რამოდენიმე დაჯგუფება იყო და არ იყო ერთიანი მართვა. შტაბს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი მარინაშვილი, უზადოდ პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო ძალიან ბევრი არ ემორჩილებოდა, თავისით დარბოდნენ აღმა-დაღმა. ერთხელ ტანკი შეიყვანეს ზღვაში გასარეცხად, რად უნდოდა ტანკს გარეცხვა. ჩარჩა ეს ტანკი ზღვაში და ორი ტანკი დაჭირდათ ამოსაყვანად. ასეთ სისულელეებს აკეთებდნენ და... 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე იყო პოზიციური ბრძოლები. ავადჰარას ხეობა, კოლხიდა - აი, ეს პოზიციები გვეკავა ჩვენ. ბასაევის დაჯგუფებასთან ბრძოლა ბოლოს გვქონდა, მანამდე იყო გადასვლა-გადმოსვლა.
ყველაზე მეტად 1 ოქტომბერს დაიძაბა სიტუაცია, ეტყობა გენერალური ოპერაცია ჩაატარეს და შემოგვიტიეს. ამას წინ დაგომისის ხელშეკრულება უსწრებდა. გაგრაში მოხდა მებრძოლთა შემცირება, დავრჩით ჩვენ- ადგილობრივი, გაგრის ბატალიონი, მხედრიონი 60-კაციანი ჯგუფი იყო, ძირითადად კომენდატურა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბადრი ფიცხელიანი, ასევე -„ავაზა“ და „თეთრი არწივი“. „ავაზა“ და „თეთრი არწივი“ შეაწყდა მტერს, თითქმის განადგურდნენ. დანარჩენები ზოგი გაიყვანეს, პირადად ჩვენი ბატალიონს რომ შემოუტიეს, პირველი ჩვენი მსხვერპლი იყო - აბელი ქართველიშვილი, 21 წლის, ჩვენი ბატალიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ეს იყო 1 ოქტომბერს საღამოს, კოლხიდაში, ვერ გავუძელით შემოტევას და გაგრისკენ დავიხიეთ, გავმაგრდით გაგრაში. დილით, გამთენიისას, მოვიდა ბრძანება გადმოტვირთეთ ტყვია-წამალი თვითმფრინავიდანო. გადმოვტვირთეთ, საწყობში წაიღეს. ეს იარაღი ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ შემდეგ, როგორც თქვეს, ტყვია-წამალი კი არა სასმელი და კონსერვები იყოო. ჩვენ არ გაგვიხსნია ყუთები და არ ვიცი, რა იყო ამ ყუთებში. 2 ოქტომბერს შემოგვიტიეს, 1 ოქტომბერს კი ქალაქში ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა და გაიხსნა სკოლები. ესე იგი, ეს იმის ნიშანი იყო, რომ არაფერი უნდა მომხდარიყო. არად,ა იმ საღამოს დაგვარტყეს, 2-ში უკვე 7 საათისთვის შეტევა დაიწყო. ძალიან დიდი ძალა წამოვიდა. ერთმა ტანკმა გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი.
ერთმა?
- დიახ, მოდიოდა ერთადერთი ტანკი ტ72, ფაქტიურად ამ ერთმა ტანკმა მოახდინა გაგრის დაცემა! დიახ, ერთმა ტანკმა! როდესაც ყუმბარმტყორცნებს ვესროდით ვერ ვაფეთქებდით, ჯავშანი ქონდა. ჩვენ ასეთი ტანკი პირველად მაშინ ვნახეთ, არ იყო ჩვენს შეიარაღებაში. პანიკა ამან გამოიწვია, უკანდახევის ბრძანება იყო, რის შემდეგაც გავმაგრდით სასტუმროს შენობაში, მაგრამ იმხელა შემოტევა იყო, უკვე ვერ ვუძლებდით. ტყვია-წამალი შემოგველია და მაშველიც არ გამოჩნდა. სადღაც 10-11 საათისთვის ჩვენი ვერტმფრენები მოფრინდა, ერთი წრე შემოხაზეს, ცარიელ ადგილებზე ჩამოყარეს ბომბები და გაფრინდნენ, ჩვენამდე არავინ მოსულა.
დანაკარგი დიდი იყო?
- 42 დაიღუპა და 47 ტყვედ ჩავარდა. სამი კაცი გამოვედით, ისიც იმიტომ, რომ დაბომბვიც დროს ის კუთხე სადაც ჩვენ ვიყავით გამაგრებულები, შენობის ძირითად ნაწილს მოწყდა.
მაშველი ძალა არ მოითხოვეთ? არ იყო?
- კავშირზე რომ გავედით, გვითხრეს, გამაგრდითო. მერე გვითხრეს, თეთრი ზეწრები დააფინეთ შენობის სახურავზე, რომ შეგნიშნოთ და მოვალთო, მაგრამ... არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტიურად, ჩვენი ბატალიონი გაწირეს...
შენობა დაიწვა. მე და ორი ბიჭი მოვხვდით სახლის იმ მხარეს, საიდანაც ტყე იწყებოდა. კედლებმა ნგრევა დაიწყო და იქ ყოფნას უკვე აზრი არ ქონდა, მოწყვეტილი ვიყავით, რა ხდებოდა - არ ვიცოდით უკვე. მეორე სართულზე ამოსვლა რომ დაიწყო მტერმა, ჩვენ ტყეში შევედით, განთიადისაკენ წავედით. გზაში რამდენიმე შეტაკება გვქონდა, სამში ჩამოფრინდნენ შევარდნაძე, გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, პარლამენტარი ნოდარ ნათაძე. დელეგაცია განთიადში ჩამოვიდა, შევარდნაძემ პირობა დაუდო ხალხს რომ აუცილებლად დაიბრუნებდა გაგრას და წავიდა. ერთი კვირა პატარ-პატარა შეტაკებები იყო, ლესელიძეში რომ შემოვიდნენ, ჩვენ უკვე ადლერში გადავედით. იქ საქართველოდან წასული დევნილების თავშესაფარი იყო, ერთ-ერთ თვითმფრინავს ჩამოვყევით თბილისში.
ესე იგი თქვენ სოხუმში არ გიბრძოლიათ?
- მაშინ არა, შემდეგ ვიბრძოლე სოხუმში. მოხდა ბატალიონის შევსება და ჩამოვედით, გუმსთაზე ვიყავით, ლაბრაში მოგვიწია შეტაკებები. იქიდან დაგვაბრუნეს თბილისში და... სამაჩაბლოში გაგვიშვეს. თქვენ მკითხეთ, ბაგრამიანის ბატალიონზე... სოხუმის დაცემის დღეს ჩვენ უკვე სამაჩაბლოში ვიდექით. გაგრის დაცემამ გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა. გაგრიდან რომ წამოვედით, ვერ გავიგეთ ჩვენი ბატალიონის ბიჭები ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვერ გავიგეთ, სად წავიდა კომენდატურის ხალხი. ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ ფიცხელიანი სოხუმში ტყე-ტყე ჩამოვიდა, ხოლო ჩვენი ბიჭები გუდაუთაში ტყვეობაში იყვნენ. ჩვენი ბატალიონის ნაწილი დაიხოცა, ცოცხლად გადარჩენილები 47 დღე იყვნენ ტყვეობაში. ჩემი დანაყოფიდან დაიღუპა მამუკა თუშიშვილი, სნაიპერი, ტყვედ აიყვანეს, კონცლაგერიდან გაიყვანეს და უკან არ დაბრუნებულდა.
ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშესო...
- ძალიან მალე გავრცელდა ეს ხმა, ამბობენ, რომ ნახეს ეს ფაქტი, მე პირადად არ მინახავს. ასეთ ტყუილს როგორ გაავრცელებდნენ?! ძალიან სასტიკად იქცეოდნენ ჩრდილოკავკასიელები. როგორც ამბობდნენ, ზოგს ხელს აჭრიდნენ, ზოგს ენა ჰალსტუხივით დაკიდეს, ამის შემსწრეები იყვნენ და ყვებოდნენ.
ვინმე აწამეს ვინც ტყვე იყო?
- თუ სურვილი გექნებათ შეგახვედრებთ ადამიანს, ვინც თქვენს ამ კითხვას გასცემს პასუხს...
რითი ხსნით იმას, რომ არ ჩამოვიდა იარაღი, ან კონსერვები თუ ჩამოიტანეს, ეს ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი?
- ჩვენამდე არ მოსულა, უბრალოდ, ჩვენ გავიგეთ, რომ ლურსმნები და კონსერვები გადმოგვიტვირთავს იარაღის ნაცვლად. ესეც არ ვიცი ზუსტად, ასე იყო? ჩვენ არ გაგვიხსნია, ყუთები გადმოვტვირთეთ, მანქანაზე დავტვირთეთ და მორჩა. ომის პერიოდში შეიარაღება ძალიან მწირი იყო, ხომ გეუბნებით - ერთმა ტანკმა მოიგო ომი! იყო მომენტი, ასეთი ერთი ოფიცერი, ანდრო გაჩეჩილაძე დაგვეჭრა, გამოვიძახეთ რაციით შტაბიდან და არავინ მოვიდა, თავად წამოვიდესო. გაგიგიათ ასეთი? საზარბაზნე ხორცი გამოვედით. ერთმა ჩინოსანმა თქვა მაშინ, არ მინდა ახლა დავასახელო, მკვდარია და... მოკლედ, ასე თქვა, ზვიადისტები არიან და ერთი მაგათი დედაც, დაიხოცნონო... ჩასახოცად დაგვტოვეს. თუ არ უთქვამს იმას ასეთი რამ, ჩვენამდე როგორ მოვიდოდა?
მხედრიონელებთან როგორ მორიგდით ზვიადისტები?
- იქ არ იყო სხვაობა, კარგად იბრძოდნენ. ვერ ვიტყვი რომ არ იბრძოდნენ და ომის დროს ქიშპობა იყო, ამას ვერ ვიტყვი, რაც არ იყო და არ მინახავს, როგორ ვთქვა?! მებრძოლი მებრძოლია... ყველას უკვირდა, ჩეჩნები რომ გვებრძოდნენ. დუდაევს ვინც არ ემორჩილებოდა, აფხაზეთში იბრძოდა ყველა. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ პირადად დუდაევის მკაცრი ბრძანება გამოვიდა და გაიყვანა ისინი აფხაზეთიდან! ახლანდელი გადმოსახედიდან ვატყობ, რომ ეს ომი ერთადერთი მიზნით დაიწყო შევარდნაძემ - როგორმე გაემყარებინა დასავლეთ საქართველოში თავისი მდგომარეობა. სამეგრელოდან სოხუმში გადაინაცვლა ეროვნულმა ძალებმა და შევარდნაძის დღის წესრიგში აფხაზეთში შესვლა დადგა... ჩემი გადმოსახედიდან ასეა... და ეს ყველაფერი რუსეთთან შეთანხმებით მოხდა.
გავიდა ამის მერე 23 წელიწადი.ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა.ბევრი ჩემი თანამებრძოლი ვინც იმ ჯოჯოხეთს გადაურჩა, მერე აქ სხვადასხვა მიზეზებით დაიღუპა. მე გამოვყოფ ჩემს უახლოეს ლენტეხელ მეგობარს, მამუკა გოგებაშვილს, რომელსაც ნერვებმა უმტყუნა და თავი ჩამოიხრჩო. მის საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რომ არა ეს საძაგელი ომები, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა და გააგრძელებდა თავის საქმიანობას. უფალმა აცხონოს მამუკას სული. ნამდვილი უშიშარი და საიმედო მებრძოლი იყო...