ქართულ-ამერიკული მანევრები - ”თბილისური გაზაფხული 2009”

ქართულ-ამერიკული მანევრები - ”თბილისური გაზაფხული 2009”

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის ვადებთან დაკავშირებით კვლავ სხვადასხვა ენაზე „მღერიან“. „რვიანს“ საკითხში სიცხადის შეტანა ერთი თვის ვადაში სურს. ხელისუფლება კი არ თმობს იმას, რაც მის პოლიტიკურ ინტერესებზე არის მორგებული.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და აზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმა საქართველოში წელსვე უნდა გატარდეს, რათა არჩევნებამდე მისი პრაქტიკაში განხორციელების დრო დარჩეს. ოპოზიციური "რვიანი" კი შეთანხმებების ბოლო ვადად მაისს ასახელებდა.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებათა გაგრძელება და შედეგის მიღწევა ამ პროცესში მონაწილე პარტიებზეა დამოკიდებული.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის მოხერხდება პარტიებს შორის პოზიციების შეჯერება“, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება სწრაფ ვადებში მიიღწევა: "ვადა დამოკიდებულია მხოლოდ მოლაპარაკებათა მონაწილე პარტიებზე. იმედი მაქვს, ეს შეთანხმება შეძლებისდაგვარად სწრაფად შედგება".

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან მისი პირისპირ შეხვედრის დროს "საარჩევნო რეფორმის სწრაფი დასრულების აუცილებლობის შესახებ მკაფიო პოზიცია დაფიქსირდა".

ირაკლი ალასანიამ "პირWელს" ქეიდენაუსთან პირისპირ საუბრის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ვადებთან დაკავშირებით ოპოზიციური "რვიანის" პოზიციის თანხვედრია:

"ჩვენი პირისპირ საუბრის დროს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული მხარის ძალინ დიდი მხადრაჭერა იმისა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს. ჩვენ ასევე ამ პროცესში საზოგადოების ფართო წრის ჩაბმაზე ვისაუბრეთ.

რაც მთავარია, ამ პროცესის დასრულების ვადების საკითხი ხელისუფლების მიმართ ძალიან კონკრეტულად იქნა შეხსენებული. ჩვენ ველოდებით, რომ მაისის ბოლომდე მოლაპარაკებების ის ნაწილი, რომელიც ფუნდამენტურ შეთანხმებებს შეეხება, დასრულდება, რის შემდეგაც შეთანხმებების განხორციელების პროცესი უნდა დაიწყოს.

შემდეგი ეტაპი ვენეციის კომისია იქნება, წლის ბოლომდე კი პროცესი მთლიანად უნდა დასრულდეს. ამმხრივ ამერიკული დელეგაციის პოზიცია ჩვენი პოზიციის თანხვედრია. რაც შეეხება ფუნდამენტური ნაწილის დასრულების ვადას, რომლისთვისაც ჩვენი მხრიდან მაისის ბოლოა გამოცხადებული, ქეიდენაუსთან შეხვედრაზე ძალიან ნათლად აღინიშნა, რომ ასე უნდა მოხდეს" .

ალასანიამ ის ვითარებაც განმარტა, რომელშიც მისი ქეიდენაუსთან პირისპირ შეხვედრა შედგა: "არაფორმალური მიღებისას საშუალება გეძლევა, კიდევ უფო დააზუსტო და დეტალურად განიხილო სამუშაო ვითარებაში განხილული საკითხები".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩოში თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული მიღება გაიმართა, რომელსაც როგორც ოპოზიციური და სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციური "რვიანისა" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და აზიის საკითხებში თინა ქეიდენაუს მიერ დასახელებული ვადები ერთმანეთს ემთხვევა.

"ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში უნდა მოეწსროს, ხოლო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს.

"საარჩევნო რეფორმის ვადების შესახებ ჩვენი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ვადები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთად დავთქვით, ძირითად საკითხებზე შეთანხმებები მაისის ბოლომდე უნდა მოხდეს, ივნის-ივლისში ვენეციის კომისიასთან და სხვა ექსპერტებთან კონსულტაციების გავლას ვგეგმავდით, უკვე შემოდგომაზე ცვლილებების კანონში ასახვა იგეგმებოდა, წლის ბოლომდე კი - მათი საბოლო იმპლემენტაცია" -ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი არ აკონკრეტებს, რას მოიმოქმედებს ოპოზიციური "რვიანი", თუ ქეიდენაუს გუშინდელი განცხადების შემდეგ ხელისუფლება ძირითად საკითხებზე შეთანხმების პროცესის წლის ბოლომდე გააჭიანურებას შეეცდება.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მოელის, რომ მომავალ კვირას მოლაპარაკებები განახლდება და ხელისუფლება იტყვის, კონკრეტული რომელი წინადადების განხილვისთვისაა მზად:

"მიმდინარე თვეს გადაწყდება, ვთანხმდებით, თუ ვერა. ჩვენს მიერ ორი მთავარი საკითხია დასმული: ერთი ხმა - ერთი ამომრჩეველი და მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობა. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმებაზე ვისაუბროთ".

შექმნილ სიტუაციას ექსპერტებიც აფასებენ. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, "ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადებები ყურად უნდა იღოს, რათა იზოლაციაში არ აღმოჩნდეს".

როგორც "პირWელს" ხმალაძემ განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუს ბოლო განცხადებებმა "კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული შენიშვნები, მათ შორის შერჩევითი სამართლის შესახებ არა უბრალოდ საქართველოდან გასული ინფორმაციაა, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია".

"ასეთი განცხადებების გაკეთება მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან მსგავსი შინაარსის მესიჯები, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა. საარჩევნო გარემოს არჩევნებამდე მინიმუმ, ერთი წლით ადრე გაუმჯობესების აუცილებლობაზე ვენეციის კომისია და ევროსაბჭოც საუბრობენ. რაც შეეხება მედიაგამჭვირვალობას, აქაც ერთმინიშვნელოვანია, რომ მედიამფლობელების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით პრობლემები რჩება, საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი კი ევროპასა და ამერიკაში უკვე ყბადაღებულ თემად იქცა", - აცხადებს ხმალაძე და დასძენს, რომ "თინა ქეიდენაუს მიერ გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანია და ხელისუფლებამ ისინი ყურად უნდა იღოს, რათა უფრო მეტ იზოლაციაში არ აღმოჩნდეს.

ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს. როცა არაერთგზის შენიშვნებზე არაერთგზის მიგითითებენ და მათ არ გაითვალისწინებ, შენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და ეს ბუნებრივია".

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თინა ქეიდენაუს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო წელსვე უნდა შეიცვალოს, არც მწვადს წვავს და არც შამფურს":

"ქეიდენაუმ უდავოდ იცოდა, რომ მაისის ბოლოზე იყო ლაპარაკი და ამ საკითხში ამხელა ცვლილება შეიტანა - "წელსვე" ხომ თუნდაც დეკემბერს მოიცავს! მეჩვენება, რომ ამერიკელი პარტნიორი ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ანუ - არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. ვადის გაგრძელება ოპოზიციას მოლოდინს გაუგრძელებს, ხელისუფლებას კი მისცემს უფრო მეტ დროს იმისთვის, რომ უარი არ თქვას და მანევრები ჩაატაროს არჩევნებთან დაკავშირებით.

საარჩევნო გარემო, რომელიც უკვე შექმნილია, შექმნილია ხელისუფლების მიერ და რატომ ენდომება ხელისუფლებას იმის შეცვლა, რაც მასზეა მორგებული?! როცა ადამიანს ცვლილება არ უნდა, რაც მეტ დროს მისცემ მას, მით უფრო მეტ საშუალებას აძლევ იმისათვის, რომ ან დეკორატიული ცვლილებები განახორციელოს, ან მივიდეს იმ ზღვრამდე, როდესაც ცვლილებას აზრი აღარ აქვს, ანუ როცა ცვლილება უკვე დაგვიანებულია".

ამასთან, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლაში ქართული მხარე - სხვას და ამერიკული - სხვა რამეს გულისხმობს:

"არ ვიცი, რამდენად გულისხმობდა საარჩევნო გარემოში ქეიდენაუ იმას, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ ხოლმე, ანუ იმას, რომ საარჩევნო გარემო შესაცვლელია თავისი მედიაკომპონენტით, ციხეზე და სასამართლოზე გავლენით და ასე შემდეგ. ჩვენი გაგებით, ფრაზაში "საარჩევნო გარემო" მთელი ეს სისტემაა ნაგულისხმევი.

თუკი ეს არ შეიცვლება, შეიძლება, კანონი დეკორაციული ცვლილება აღმოჩნდეს და მის შირმას იქით ისევ ის გაგრძელდეს, რაც ადრე ხდებოდა. არის თუ არა ჩახედული საარჩევნო გარემოს ასეთ გაგებაში ამერიკული მხარე და კერძოდ ქეიდენაუ, ცოტა ეჭვი მეპარება".