რამდენიმე დღის წინ, ჯგუფი “Aerosmith”-ის სოლისტმა სტივენ ტაილერმა ახალი სოლო კომპოზიცია ჩაწერა. ამ სიმღერის სახელია “(It) Feels So Good” და დაწერილია მუსიკოს მარტი ფრედრიქსონთან ერთად. ის აშშ-ში ოფიციალურ გაყიდვაში მიმდინარე წლის 9 მაისს გამოვა.
სტივენ ტაილერმა ამ ახალი სიმღერის ვიდეოკლიპიც გადაიღო და მისი პრეზენტაცია ამ დღეებში რეალითი შოუ “American Idol”-ის მიმდინარეობის დროს გაიმართება. ეს გადაცემა ქართული “ნუცას სკოლა” და “ჯეოსტარის” ამერიკული ვერსიაა და სტივენ ტაილერი მისი ჟიურის შემადგენლობაში შედის.
“(It) Feels So Good” მუსიკოსის მეორე სოლო კომპოზიციაა. პირველი მათგანი “Love Lives” გასული წლის ნოემბერში ჩაიწერა და მხატვრულ სურათში “ კოსმოსური ხომალდი “იამატო” “ – ში გაჟღერდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ სტივენ ტაილერს “Aerosmith”-ის წევრებთან კონფლიქტი აქვს. ეს ხმები მუსიკოსმა საჯაროდ უარყო.
“სოლო კარიერის დაწყებასა და საკუთარი ალბომის ჩაწერას არ ვაპირებ. ჯგუფიდან არსად არ მივდივარ და მომავალი კონცერტებისათვის ერთად ვემზადებით” – განაცხადა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე სტივენ ტაილერმა.
თავად ჯგუფი “Aerosmith”-ი 2011 წლის დასაწყისიდან ახალი, რიგით მეთხუთმეტე ალბომის ჩაწერაზე მუშაობს. ამის პარალელურად მუსიკოსები მიმდინარე წლის 10 მაისს ერთი ალბომის გამოშვებას გეგმავენ. მისი სათაურია “Tough Love: Best of the Ballads” და მასში თავმოყრილი იქნება “Aerosmith”-ის ადრინდელი საუკეთესო კომპოზიციები.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის უკანასკნელი ალბომი “ Honkin'on Bobo” 2004 წლით არის დათარიღებული.