ჯოან როულინგი ეკრანზე

ჯოან როულინგი ეკრანზე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ბრიტანელი მწერალი ქალის, ჯოან როულინგის შესახებ მხატვრულ სატელევიზიო ფილმს გადაიღებენ.

ჯოან როულინგის სახელი პოპულარული გახდა “ჰარი პოტერის” ციკლის საყმაწვილო მისტიური რომანების შექმნის შემდეგ. ამ ზღაპრული გმირის თავგადასავლების შესახებ უკვე არაერთი მხატვრული სურათია გადაღებული. ამჟამად ეს პატივი თავად მწერალმა ქალბატონმა დაიმსახურა.

ამ ახალ სურათს “უცნაური მაგია” ერქმევა და როულინგის პირად ბიოგრაფიაზე იქნება დაფუძნებული.

მწერალი ქალის როლს ავსტრალიელი მსახიობი პოპი მონტგომერი შეასრულებს. მისი სახელი კინოს თაყვანისმცემლებს არაფერს ეუბნება, რადგან ეს მსახიობი ძირითად მხოლოდ სერიალებში და სატელევიზიო ფილმებშია გადაღებული.

“უცნაური მაგიის” გადაღებები რამდენიმე თვეში კანადაში დაიწყება. სურათის შემქმნელებმა ამ ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში ისეთი სახლი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან წააგავს შოტლანდიურ ედინბურგში მდგარ ერთ “ისტორიულ” შენობას. ცნობილია, რომ ჯოან როულინგმა საკუთარი რომანების დიდი ნაწილი სწორედ შოტლანდიის დედაქალაქში დაწერა და გარკვეული დროის განმავლობაში ამ სახლში ცხოვრობდა.

ჯოან როულინგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გავაცნობ. ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში დაასახელეს ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მანდილოსნების ვინაობა. ამ საპატიო ათეულის პირველი საფეხური “ჰარი პოტერის” ავტორმა დაიკავა.

მეორე ადგილზე ექს-“სფაის გერლზი”, დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ადამსი აღმოჩნდა, მესამეზე კი ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე.