კრიზისის ახალი ტალღა გამორიცხული არაა

კრიზისის ახალი ტალღა გამორიცხული არაა

როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი, ჯორჯ სოროსი აცხადებს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღა გამორიცხული სულაც არ არის.

მისი აზრით, პრობლემები სათავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს, სადაც საბანკო სექტორსა და საცალო ვაჭრობაში კრიზისული ვითარება შეიქმნა. მისი თქმით, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკაში მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გამოიმუშავებდნენ.

სოროსის აზრით, მისთვის გაუგებარია, რატომ და რის საფუძველზე უნდა დაიწყოს ეკონომიკური ზრდა ამერიკაში. როგორც ის აცხადებს, დოლარი ძალიან სუსტი ვალუტაა, მაგრამ, საქმე ის არის, რომ სხვა ვალუტები კიდევ უფრო სუსტია.

მისი თქმით, მომავალი კრიზისის გადასალახავად ახალი სავალუტო სისტემის შექმნაა აუცილებელი.

სოროსი მსოფლიოს ახალი, გლობალური ვალუტის შექმნას სთავაზობს სესხების სპეციალური უფლებების სისტემის საფუძველზე. იგი ამერიკას მოუწოდებს, მსოფლიოს ახალი ფინანსური სისტემის არქიტექტურის ჩამოყალიბებისას, აუცილებლად გაითვალისწინოს ჩინეთის გაზრდილი ეკონომიკური როლი.