მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები

მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები

პოპულარული მსახიობები და მომღერლები თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივიან. ზოგჯერ ეს სიყვარული ზედმეტ ყურადღებაში გადადის და მსოფლიო შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლებს არაერთ პრობლემას უქმნის.

ნამდვილად არ ვიცი, საქართველოში მოღვაწე ცნობილი კულტურის მოღვაწეები ე. წ. „მანიაკების“ ყურადღებით განებივრებულები არიან თუ არა, მაგრამ მათი ოკეანისგაღმელი კოლეგები ასეთი ადამიანებისგან ხშირად შეწუხებულები არიან. რას იზამ, ჩვენი ქვეყანა განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელია და ყოველ აქაურ ვარსკვლავს მრავალი ისეთი ახლობელი ჰყავს, რომელიც მათ ამ პრობლემას სამართალდამცაცი დაწესებულების ჩარევის გარეშე მოუგვარებს..

ამერიკელი აქტიორები და მომღერლები კი ხშირად იქაურ პოლიციას მიმართავენ და მრავალი მანიაკი ციხის გისოსებში ჩაამწყვდიეს. ცნობისათვის: აშშ-ში თავისმომაბეზრებელი დევნისათვის მაქსიმალური სასჯელი სამი წელია.

ნამდვილად ვერ მოგიყვებით ყველა ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და მანიაკების რთული ურთიერთობების ყველა ისტორიას. ამისათვის უბრალოდ დრო და წერილისათვის გამოყოფილი ფართი არ მეყოფა. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული ფაქტით შემოვიფარგლები.

2002 წელს მომღერალ ბრიტნი სპირსს იაპონელი ბიზნესმენი მასახიტო შიზავა დასდევდა. ბატონი მაზახისტო თუ მასახისტო პოპ-მომღერალს საკუთარ ფოტოსა და წერილს უგზავნიდა – მე შენ მიყვარხარ და გითვალთვალებ. ბრიტნიმ „ამომავალი მზის“ ქვეყნიდან ჩამოსული თაყვანისმცემელის გრძნობები არ გაიზიარა, მას სასამართლოში უჩივლა და სამი წლით ციხეში გაისტუმრა.

მანიაკის თვალთვალის მომდევნო ობიექტი ქალბატონი მადონა აღმოჩნდა. მასზე შეყვარებული, 24 წლის მაიკლ სენში მის ლონდონის ბინაში შეჭრას ცდილობდა. მაიკლიმაც მასახისტოს ბედი გაიზიარა.

მომღერალი ავრილ ლავინის სახელი კარგადაა ცნობილი ქართველი მელომანებისათვის. 26 წლის მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ლავინის სახლის ირგვლივ ტრიალებდა. მაგრამ მისი სახლის გაჩხრეკისას მომღერლის პირადი ნივთები და იარაღი იპოვეს. მოგვიანებით ეს პიროვნება ხუთი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

2005 წელს მსახიობ კეტრინ ზეტა ჯონს შემდეგი შინაარსის წერილი მიუვიდა: „ჩვენ დაგჭრით ნაწილებად და შენი ლამაზი სხეულით ძაღლებს გავუმასპინძლდებით“. პოლიციამ შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ დამნაშავე „სუსტი სქესის“ წარმომადგენელი, ვინმე 35 წლის დაუმი ნაიტი იყო. ეს ქალბატონი უგონოდ იყო შეყვარებული კეტრინის მეუღლეზე, მაიკლ დუგლასზე. ამ დიაცს ზეტა ჯონსის უბრალოდ შეშინება უნდოდა. ამ უკანასკნელმა კი სათანადოდ ვერ გაუგო და სამი წლით ვირის აბანოში მიაბრძანა.

მსახიობ ჯენიფერ ლავ ჰიუიტს სან-დიეგოში მცხოვრები ერთი ქალი დასდევდა, რომელიც ამტკიცებდა რომ მსახიობი მის აზრებს კითხულობდა, რათა შემდეგ ზიანი მიეყენებინა.

ტელეწამყვან დევიდ ლეტერმანს ერთგული „თაყვანისმცემელი“ მარგარეტ რეი დასდევდა. ამ ადამიანს დევიდის ჩოგბურთის კორტებზე ეძინა, ამას გარდა, რამდენჯერმე მისი მანქანა მოიპარა და ლოს-ანჯელესის ქუჩებში თავდაუზოგავად დააქროლებდა. ტელეწამყვანი დიდსულოვანი აღმოჩნდა და მარგარეტი პოლიციას არ დააჭერინა. საბოლოოდ, გაუზიარებელი სიყვარულის მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დევნის ობიექტი გახდა მელ გიბსონიც. მას ვინმე ზაკ სინკლერი დასდევდა. მამაკაცი უჩუმრად „მამაცი გულის“ სახლში შედიოდა და მსახიობს მასთან ერთად ლოცვას სთხოვდა. სიკლერმაც ეს მავნე მიდრეკილება სამწლიანი პატიმრობის დროს მოიშორა.