პოზიტიური ცვლილებები სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის

პოზიტიური ცვლილებები სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის

კვლევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერთა საკეთილდღეოდ, „უმაღლესი განათლების შესახებკანონში  ცვლილებები შედის. ახლო მომავალში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში, სწავლების პროცესში გაძლიერდება კვლევითი კომპონენტი,  რაც მეცნეირების განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს მთავრობის მხრიდან ცვლილებები უკვე მიღებულია, რის შემდეგაც საკითხს პარლამენტი განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ცვლილებებით უნივერსიტეტებში მკვეთრად განისაზღვრება როგორც სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სტატუსი, ასევე ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს სრულფასოვნად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობასა და მართვაში. განისაზღვრება  მეცნიერის სტატუსის, მისი უფლებებისა და მოვალეობების, მეცნიერთა ატესტაციის პროცესი. შეიქმნება იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ შესაძლებელი გახდება ახალგაზრდა კადრების დასაქმება და მათთვის სამეცნიერო სტატუსის მინიჭება (პოსტდოქტორანტი, მეცნიერი, მკვლევარ-პროფესორი). ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი მიდგომებით, მოხდება ქვეყნის აქამდე გამოუყენებელი სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

2010 წელს, სხვადასხვა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთებამ, როგორც ცნობილია, მეცნიერთა პროტესტი გამოიწვია. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რომ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებს სამართლებრივი სტატუსი შეცლოდათ. მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, მსგავსი მიდგომა მეცნიერებას კარგს არაფერს მოუტანდა, რაც პრინციპში, გამართლდა, რადგან რეალურად,  ამ შეერთებას მექანიკური ხასიათი ჰქონდა, მას არავითარი პოზიტიური შედეგები არ მოუტანია. კერძოდ, არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ მომხდარიყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ჩართვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში. სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები და მათი პერსონალი – მცირე გამონაკლისის გარდა,  შესაბამისი იურიდიული სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებების გარეშე დარჩა. 

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით,  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს შემოაქვს სხვადასხვა კატეგორიის სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების ცნება. უმაღლესი სასწავლებლების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების არსებობა განისაზღვრება როგორც უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

კანონმდებლობით განისაზღვრება ასევე სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ფუნქცია და მმართველი ორგანოები (დირექტორი, სამეცნიერო საბჭო), რომელთა საქმიანობის წესი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ავტონომიურობის ფარგლებში და  სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების ინტერესების გათვალისწინებით, დარეგულირდება უსდ-ს წესდებით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა და სსიპ–ი სსიპ–თან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დებულებით.

 2010 წლიდან დღემდე, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულები (მცირე გამონაკლისის გარდა) უმაღლესი სასწავლებლების მართვის ორგანოებში არ მონაწილეობენ. საკუთარი უფლებების დასაცავად და ინტერესების გასატარებლად, იურიდიული ბერკეტები არ გააჩნიათ.

პრობლემის მოსაგვარებლად, კანონმდებლობით, უმაღლესი სასწავლებლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და  ფაკულტეტის  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მონაწილეობა აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში სავალდებულო გახდება. 

არანაკლებ საყურადღებოა, რომ საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, კვლევითი დაწესებულებების უმაღლეს სასწავლებლებში  ინტეგრაციის მიუხედავად,   ვერ მოხდა მათი რეალური ჩართვა საგანმანათლებლო პროცესებში და მათი ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, რაც სწავლებისა და კვლევის ხარისხის გააუმჯობესებდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, მიენიჭება უფლება მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების როგორც კვლევითი, ისე სასწავლო კომპონენტების განხორციელებაში.

კანონმდებლობით მკვიდრდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ცნება,  რომლის განხორციელება შეუძლია უმაღლეს სასწავლებელს არა მხოლოდ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან, არამედ სხვადასხვა კატეგორიის სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების შეერთებით, საკანონმდებლო დონეზე არ განისაზღვრა სამეცნიერო პერსონალის სტატუსი, ფუნქციები   და  უფლება-მოვალეობები. შედეგად, მეცნიერთა ნაწილი თავს დაუცველად გრძნობს. საგანმანათლებლო პროცესებში სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა, თვით კვლევითი კომპონენტის განხორციელების პროცესშიც კი, ძალიან შეზღუდულია, რის გამოც მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება არ ხდება.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალს ემატება სამეცნიერო თანამდებობები. განისაზღვრება აგრეთვე მეცნიერთა ატესტაციისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი, მეცნიერთა შრომითი ურთიერთობები.

გარდა ამისა, იქმნება საკანონმდებლო საფუძვლები იმისთვის, რომ დამოუკიდებლად არსებული სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები და მათი სამეცნიერო პერსონალი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ამავე მიზნით, ფართოვდება სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების საქმიანობის სფერო და ემატება საგანმანათლებლო საქმიანობაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. 

უმაღლესი სასწავლებლებში სამეცნიერო კომპონენტის გაძლიერების კვალობაზე, იზრდება   უმაღლესი სასწავლებლის პერსონალის და მთლიანად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  შიდა შეფასების  მნიშვნელობა.

გამომდინარე იქიდან რომ კანონმდებლობით იქმნება მექანიზმი, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა კვლევით ერთეულებთან თანამშრომლობით მოამზადონ და განახორციელონ სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, საჭირო ხდება, რომ სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების მატერიალური და ადამიანური რესურსები აისახოს საავტორიზაციოდ თუ სააკრედიტაციოდ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშში.

როგორც ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ისე სხვადასხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი პროექტი ხორციელდება. პროექტების განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე დროებით ხელშეკრულებით მოწვეული პირები, რომლებსაც შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ. გარდა ამისა,  შეზღუდულია ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში ჩართვის და მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭების მექანიზმები, რაც უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდა კადრების მოსაზიდად დამატებითი სტიმული იქნებოდა.

კანონმდებლობით, ასევე არ არის  განსაზღვრული მექანიზმი, რომელიც აკადემიური პერსონალის გამორჩეულ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული მეცნიერული მიღწევებისთვის ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში უვადო ხელშეკრულებით დასაქმების საშუალებას მისცემდა და ამგვარად დამატებით, სტიმულსა და მოტივაციას გაუჩენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების უმაღლესებთან მიერთების შემდეგ, 2015 წელს დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების მიუხედავად, არ მომხდარა სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის შეფასება–ატესტაცია, რათა მომხდარიყო სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების პოტენციალის რეალური შეფასება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველზეც შემუშავდებოდა განვითარების სტრატეგია, საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა ახალი (მათ შორის ახალგაზრდა) კადრების მოზიდვა და დაფინანსების სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემის ფორმირება.   

სწორედ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე უსდ-ების საგანმანათლებლო პროცესებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ტერმინები: პოსტდოქტორანტი, მკვლევარ-მეცნიერი, მუდმივი პროფესორი. გარდა ამისა, მკვიდრდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის პროცედურაც.