„საქართველოში უკონტროლო პროცესების განვითარების რეალური საფრთხე არსებობს“

„საქართველოში უკონტროლო პროცესების განვითარების რეალური საფრთხე არსებობს“

ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამერიკული მხარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. 

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფართო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ასევე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბრები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

„ჯი–ეიჩ–ენთან“ საუბრისას ალასანია აცხადებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის:

"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ინფორმაციას მივაწვდით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც ჩიხში შეიყვანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ ჩვენი აზრით, დიალოგის ჯერ კიდევ დიდი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მაისის ბოლომდე შეთანხმებებს მივაღწიოთ და ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება".

როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამერიკული დელეგაციის პოზიციაა, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის სწრაფად მოხერხდეს შეთანხმება.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა თინა ქეიდენაუსთან დემოკრატიის მეგობართა ჯგუფის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, "აღნიშნული შეთანხმების პრაქტიკაში რეალიზებისთვის დრო უნდა დარჩეს":

"შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, განსაკუთრებით - საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრეთ. სტუმრებმა დაადასტურეს შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რომ საქართველოში სამართლიანი, ობიექტური არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამისთვის აუცილებელია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რაც შეიძლება, სწრაფად შედგეს, რათა მისი პრაქტიკაში გატარებისთვის საკმარისი დრო დარჩეს.

ამერიკული დელეგაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ამ თემებზე დეტალური საუბარი ექნება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ დრო არ ითმენს და უახლოეს ხანებში კონკრეტული შედეგის მიღწევაა საჭირო. როგორც ჩანს, აშშ-ის მთავრობა, მათი წარმომადგენლები ამ მიმართულებით საკუთარ ძალისხმევას გააგრძელებენ".

უსუფაშვილის თქმით, "საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი "რვიანის" ფორმატში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაუბრუნდება მოლაპარაკებების პროცესს".

„აშშ-ში მაისის ბოლომდე ელოდებიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შედეგებს“, – აღნიშნა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მედიის თავისუფლებაზეც და იმ გარემოზე, რომელშიც საქართველოში ოპოზიცია საქმიანობს:

"მოლოდინი ამერიკელების მხრიდან არის ძალიან კონკრეტული. ისინი ძალიან მოკლე ვადაში, მაისის ბოლომდე ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს. სამწუხაროდ, საქართველოში არჩევნებით ხელისუფლება არასოდეს შეცვლილა ოცწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში და 2012 წელს უნდა გაჩნდეს ამის რეალური შესაძლებლობა".

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, "დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ თუკი საარჩევნო გარემოს პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოში პოლიტიკური ფორმატიდან ამოვარდნილი უკონტროლო პროცესების განვითარების საფრთხე არსებობს".

როგორც ოპოზიციური "რვიანისა" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ შარტავამ "პირWელს" განუცხადა, "აღნიშნული საფრთხიდან გამომდინარე, დასავლეთი თვლის, რომ საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული პროცესი დროულად და კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს":

"შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან აღინიშნა და სტუმარიც დაგვეთანხმა, რომ უახლოეს ხანებში პროცესი გარკვეული წარმატებით და შედეგით უნდა დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვისაც, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსთვის. ხაზი გავუსვით იმას, რომ ცვლილებები აუცილებელია. საარჩევნო მექანიზმისადმი იმედის დაკარგვა საზოგადოებაში ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვისაც და ჩვენი ურთიერთობისთვისაც დასავლეთთან, მათ შორის - შეერთებულ შტატებთან".

შარტავას თქმით, "უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს, ცვლილების პროცესის თანამონაწილე ხდება ხელისუფლება, თუ ქართულ საზოგადოებას ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა მის გარეშე მოუწევს":

"ამერიკელების მხრიდან ნათელი პოზიცია დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და უახლოეს ხანებში რაღაც კონკრეტული შედეგებით უნდა დასრულდეს. ამ საკითხებზე დელეგაციის წევრები დეტალურად ისაუბრებენ ხელისუფლებასთანაც. დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ თუ ამ მიმართულებით პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, უკონტროლო პროცესები შეიძლება დაიწყოს. კერძოდ, ეს პროცესები პოლიტიკური ფორმატიდან გავა".

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრას ოპოზიციური "რვიანიდან" კახა შარტავა, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე და გიორგი თარგამაძე ესწრებოდნენ.