„დღემდის ჭკვიანი იყავ, დღეს რამღა გადაგრია?“

„დღემდის ჭკვიანი იყავ, დღეს რამღა გადაგრია?“

დღეს კვირაა და მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და ამჯერად სიტყვა თანამემამულე პოლიტიკოსებს, ხელოვანებსა ან სპორტსმენებს არ გადავცე.

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი დიდი მგოსანი - აკაკი წერეთელი იქნება, ადამიანი რომელიც იმდროინდელ საქართველოში განსაკუთრებული „მახვილი ენის“ მატარებლად ითვლებოდა. აკაკი წერეთლის მაშინდელმა ოხუნჯობებმა და მოხდენილმა სიტყვა-პასუხებმა დროის გამოცდას გაუძლო და თაობიდან-თაობებში დღემდე გადაეცემა.

დღეს მკითხველის სამსჯავროზე სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრეფილი აკაკი წერეთლის ხუმრობები გამომაქვს.

„ერთმა ახალგაზრდა ნაცნობმა უთხრა აკაკის: დღეს პირველად გამოვდივარ საადვოკატოდ, ჩემი კლიენტი საჭურისია და ქურდობას სწამებენო.

– გაკეთებულია შენი საქმეო, – მიუგო პოეტმა, – კანონი სჯის მხოლოდ სქესს – ან მამრობითი უნდა იყოს ან მდედრობითი და რადგანაც შენი საჭურისი არც ერთ სქესს არ ეკუთვნის, ვეღარც გაასამართლებენო“.

„აბასთუმნის სასტუმროში ანგარიში წარუდგინეს აკაკის. ზედმეტი მიეწერათ და პოეტმაც, როცა გასინჯა, თქვა:

– ახლა კი მივხვდი, რად ეძახიან ამ ადგილს „აბასთუმანს“, თურმე, აბაზში თუმანს ახდევინებენო!..“

„ერთხელ ერთი ქართველი არტისტი, რომელიც ცნობილი გახლდათ, ვითარცა უიმედო ტრფიალი თეატრისა და ხშირად ფრიად უგემური მოთამაშე, ეუბნებოდა აკაკის:

– ვერ წარმოიდგენ, აკაკი, რა რიგად მიყვარს სცენა! როცა მე არა ვთამაშობ და სცენას ვუყურებ, სულ ჟრუანტელი მივლისო!

– წარმოიდგინე, რომ მეც მაგ მდგომარეობაში ვარო, უპასუხა აკაკიმ.

– შენ რათაო? – ჰკითხა გაკვირვებულმა არტისტმა.

– შიშისაგანო, – მიუგო აკაკიმ.

– რისი გეშინიაო?

– იმისა, ჩემო კარგო, რომ სცენაზედ კარი არ გაიღოს და შენ არ შემოხვიდეო, – აუხსნა შეუბრალებლად აკაკიმ“.

„ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებამდე ძალიან მოსწონდა აკაკის, გათხოვდა და გადაჰყვა სიმდიდრეს. გათხოვილს ერთხელ შეხვდა პოეტი და ვითომ ვეღარ იცნო, თავი არ დაუკრა. ქალმა მოაგონა თავი.

– უკაცრავად, თუ ვეღარ გიცანით! – უთხრა აკაკიმ, – ადრე თავში გქონდათ ოქრო და ახლა კი გარეთ გამოგსვლიათო...

ქალს თმებში ოქროს სავარცხელი ერჭო“.

„აკაკის ჰკითხეს:

– რას მივაწეროთ, რომ ესა და ეს კაცი, როცა მთვრალია კარგად ლაპარაკობს და სასიამოვნოც არის და თუ ფხიზელია, მაგისი ვერა გაგვიგია-რა?

– უთუოდ, როცა თვრება, რაც თქვენ არ მოგწონთ, იმას ჰკარგავსო“.

„ერთმა ქალმა უსაყვედურა აკაკის:

– შენი სიტყვები ლოდივით მაწევს გულზეო!

– რა ვქნა, ბატონო... მე მაინც ვერ დავიმუნჯებ თავს. ნეტავი, სულაც, ჩემს სიტყვებად გადამაქციაო, – მიუგო აკაკიმ“.

„ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ და ერთი ახალგაზრდა შეეკითხა პოეტს:

– რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?

– რა გითხრათ, – მიუგო აკაკიმ, – სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა. დიდად განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. ეგევე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია, ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ – როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება-რა მათი“.

„ერთი გრძელიცხვირისა და გრძელი პირის პატრონი არწმუნებდა აკაკის:

– ბევრ ცუდს ამბობენ ჩემზე ხალხში, მაგრამ ტყუიან და ნუ დაუჯერებთო.

– მეც ვხედავ, რომ ტყუიანო, – მიუგო პოეტმა, მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, სულ იმას ამბობს შენზე, უცხვირპიროაო და შენ კი, რომ უნდა, იმაზე მეტიც გქონია ორივეო“.

„ერთი ლიტერატორი შეხვდა ნაავადმყოფარ აკაკის და უთხრა: შენი ამბავი მიტომ არ ვიკითხე, რომ არც მე და არც სხვა „ივერიის“ თანამშრომლებს შენი ავადმყოფობა არ დაგვიჯერებიაო.

– მე თქვენი სიმრთლე და კარგად ყოფნა არასოდეს დამიჯერებია და თქვენც რომ ჩემი ცოტახნის ავადმყოფობა არ დაიჯეროთ, რა საბოდიშოაო? – მიუგო აკაკიმ“.

„მწერალ იონა მეუნარგიას აკაკი გულწრფელად დიდ პატივს სცემდა, მაგრამ რადგან გენერალ გრიგოლ ორბელიანის მეგობარი იყო ხშირად ხდებოდა მისი ოხუნჯობის საგანი.

– იონა ჩამოსულა ქალაქში, – უთხრა დავით ერისთავმა აკაკის.

– რომელ გენერალს ჩამოჰყვა, თუ იციო, – იკითხა აკაკიმ“.

„აკაკი წერეთელი „კუჭის მიმდევარ ინტელიგენტებს“ უწოდებდა ზოგიერთ ქართველს, ხოლო ასევე ზოგიერთს, ილია „ორღობის ინტელიგენციას“ ეძახდა“.

„აკაკის ჩაი მიართვეს სამეგრელოში: შაქარი დავიწყებოდათ, თუ როგორღაც იყო. აკაკიმ ზედიზედ ერთსა და იმავე ჭიქისთვის სამჯერ მოითხოვა შაქარი.

– რამდენიც უნდა შაქარი ჩააგდო, რაკი შენი ენა მოხვდება, გამწარდება, – უთხრა მასპინძლის ახალგაზრდა ქალმა.

– მაშ ჯერ თქვენ არ უნდა დააწოთ შაქარს ენა, რომ აღარ გამწარდეს! – მიუგო პოეტმა“.

„კენჭის ყრის შემდეგ ერთმა მოხუცმა ჰკითხა აკაკის:

– რა მიზეზია, კაცი რომ დაბერდება, წვერ-ულვაში და თმა გაუთეთრდება? აი, მაგალითად, მე შავი აღარც კი მირევიაო!“

– ალბათ, საიქიოს გირჩევენ, იქ უყრიათ თქვენთვის კენჭი და გაუთეთრებიხართო, – უპასუხა ცივად კენჭისყრაში დამარცხებულმა აკაკიმ“.

„აკაკი ერთ მეგობარს ა. კ-ძეს ფულს ესესხა. დრო რომ მოვიდა, კ-ძემ წერილი მისწერა:

„საყვარელო აკაკი,

წიგნსა გწერ ახლა კი,

თუ ფულს არ გამომიგზავნი,

წელშიაც მოვიკაკვი“.

პოეტმა ამ წერილზევე დაუწერა ლექსი და გაუგზავნა:

„საყვარელო ანდრია!

ფულის თხოვნა ადრეა,

დღემდის ჭკვიანი იყავ,

დღეს რამღა გადაგრია?“

„ერთ დროს „ივერიის“ თანამშრომლები სულ ფსევდონიმებით აწერდნენ ხელს: „ფარნაოზი“, „ლალი“, „იაგუნდი“ და სხვანი. ერთმა თანამშრომელმაც, რომ დაიწყო წერა, ფსევდონიმად „ნალი“ მოაწერა. აკაკიმ, რომელიც კარგის თვალით ვერ უყურებდა თანამშრომლებს, ძალიან გაახარა ამ ფსევდონიმმა:

– ოჰ! ძლივს მართლის წერა დაიწყეს: ამდენ ნახირს, რასაკვირველია, ერთი ნალი დასჭირდებოდაო“.

„აკაკიმ ერთი ძველი, ეტრატზე დაწერილი სახარება წარუდგინა „წერა-კითხვის საზოგადოებას“ და მისწერა, ეს წიგნი ხუთ თუმნად იყიდებაო. საზოგადოების გამგეობამ ფასი იუცხოვა და წიგნის ყიდვაზე უარი განაცხადა. ყველაზე უფრო მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი იყო ამ წიგნის ყიდვის წინააღმდეგი. ეს რომ აკაკიმ გაიგო, თქვა:

– ახლანდელს დროში მღვდელი რომ ჯვრისა და სახარების წინააღმდეგი იყოს, რად უნდა გაუკვირდეს კაცსო“.

„ჩვენში ცნობილი სვიმონ გუგუნავა, „თამარიანის“ გამლექსავი და აკაკი ღამე მიდიოდნენ ერთად. გზაში სვიმონი გამოეთხოვა ამხანაგს და თავის სახლში შევიდა. აკაკიმ  კი გასწია ბალახვანისაკენ მარტოდ-მარტომ და ერთ ყრუ და ბნელ ქუჩაში რომ შეუხვია, წინ კაცი გადაუდგა და მიაძახა:

– მოიტა, რაც ფული გაქვს!

– რა გაეწყობა, მაგრამ ერთი პირობით კი – ნახევარს დამჯერდი...

– მე პირობის არ ვიცი რა! მოიტა მალე სულ!

– შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ხელით კი არ შემიძლია, რომ მოგცე და შენ თვითონ ამოიღე.

მოძალადე მივარდა მწერალს, ჩაუყო ჯიბეებში ხელი, ვერა იპოვა რა და გულდაწყვეტით ჰკითხა: რომ ვერ მივაგენიო?

 – რა სულწასული ყოფილხარ, – მიუგო აკაკიმ, – მე ჩემს სიცოცხლეში სულ მაგ ჯიბეებში ვყოფ ხელს, ჯერაც არა მიპოვნია, შენ კი ერთ წუთს გინდა იპოვო?

– რომ არა არის რა, რა ვიპოვოო?

– ეგ მეც ვიცოდი და მიტომაც შემოგაძლიე ნახევარი, რომ გულიც ნახევრად დაგწყვეტოდაო. – მოძალადეს გაეცინა და უთხრა:

– წადი და მეორედ აღარ გნახო უფულოდო.

– მადლობელი ვარ! ღმერთმა გისმინოს, რომ უფულოდ მეც აღარ მენახოს ჩემი თავიო, – მიუგო მწერალმა.

ეს ამბავი სვიმონმაც გაიგო. შეწუხდა, რატომ არ გაგაცილეო და სხვათა შორის იკითხა:

– ვინ იყო ის შეჩვენებული, ეჭვი მაინც ვერ აიღეო?

– აქაური არ უნდა ყოფილიყო, ერთი, რომ მე ვერ მიცნო და თუ მიცნო, ჩემი ჯიბის იმედი რომ ჰქონდაო, – უპასუხა აკაკიმ“.