არაბული გაზაფხული: თურქმენეთი

არაბული გაზაფხული: თურქმენეთი

ჩვენ კვლავ გვაინტერესებს ის, თუ რა ხდება მუსულმანურ ნავთობ-სახელმწიფოებში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის მიღმა. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ფრაგმენტები „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის კორესპონდენტის მუჰამად ტაჰირის სტატიიდან ავღანეთზე. აღნიშნულ სტატიაში მუჰამადი გვთავაზობს საკუთარ შეხედულებებს თურქმენეთზე – ბუნებრივი აირით მდიდარ შუააზიურ რესპუბლიკაზე, რომელიც ირანს და ავღანეთს ესაზღვრება და კასპიის ზღვაზე აქვს გასასვლელი. სტატიაში მისი პირადი მოსაზრებებია გამოთქმული, რაც აუცილებლად არ ასახავს „რადიო თავისუფლების“ პოზიციას.

თურქმენეთს ყველა ის ნიშანი აქვს, რაც ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან: ნახშირწყლების უზარმაზარი მარაგი, მდიდართა მცირერიცხოვანი ჯგუფი და ღატაკი მოსახლეობა, ჩინოვნიკური კორუფცია, რომელიც Transparency International-ის შეაფსებით ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მასშტაბისაა მსოფლიოში, განდიდების მანიით შეპყრობილი არაადეკვატური ლიდერი და ორუელის რელობა, რომელიც იქმნება სახელმწიფო მედიაზე მკაცრი ცენზურის განხორციელებითა და სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის შეზღუდვით.

ჯერ-ჯერობით ხალხი არც აშხაბადის და არც სხვა თურქმენული ქალაქების ქუჩებში არ გამოსულა, თუმცა როგორც ჩანს პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის მთავრობა, სულაც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მოსახლეობა ამას არ გააკეთებს. ამიტომ ადგილობრივი მედია არაბულ გაზაფხულს საერთოდ არ ახსენებს, ხელისუფლება კი პოტენციურ მეამბოხეებს ეძებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასვე მის ფარგლებს გარეთ.

იანვარში, რუსეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია MTS-ს ხუთი წლის წინ გაფორმებული კონტრაქტი გაუუქმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას თურქმენული ბაზრის 80% მობილური კავშირით და ინტერნეტით უნდა ეუზრუნველყო. მისი მომსახურებით ქვეყანაში 2,5 მილიონი ადამიანი სარგებლობდა (თურქმენეთში სულ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს). თურქმენეთის ხელისუფლების თქმით, საქმე მხოლოდ იმაშია, რომ MTS უზარმაზარ შემოსავლებს იღებდა და ძალიან ცოტას უნაწილებდა სახელმწიფოს გადასახადების სახით. თუმცა, კონტრაქტის გაუქმების ირიბი შედეგი ის არის, რომ საზოგადოება, რომელიც ისედაც მკაცრი კონტროლის პირობებში ცხოვრობდა, ინფორმაციის და კომუნიკაციის ყველა არასამთავრობო წყაროს გარეშე დარჩა.

ხელისუფლებას მხოლოდ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების არ ეშინია, არამედ იმ ასობით თურქმენისაც, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. აშხაბადში ამბობენ, რომ მთავრობა ცდილობს სამშობლოში დაბრუნება აიძულოს იმ თურქმენებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ ან სწავლობენ, რათა შემდეგ ქვეყნიდან აღარ გაუშვას. დადის ხმები იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნებული თურქმენი სტუდენტები იმ რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს, რომ შემდეგ მათ ქვეყნის დატოვების უფლებას აღარ მისცემენ.

თავად მთავრობა საკუთარ პოზიციას არანაირად არ ხსნის. თუმცა შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ხელისუფლებას აზრით ეს ახალგაზრდები შეიძლება რევოლუციური იდეების გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომ ისინი მით უფრო ძლიერად ექცევიან ამ იდეების გავლენის ქვეშ, რაც უფრო დიდხანს იმყოფებიან სახლიდან მოშორებით, და რომ ისინი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ თურქმენეთის სტაბილურობისთვის.

„ასეთი ნაბიჯების ახსნა რთულია, თუმცა ის, რომ ეს ჭორები სწორედ ახლა გაჩნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია“, – მიაჩნია ფარიდ ტუხბატულინს, რომელიც ვენაში ბაზირებული თურქმენეთის ადამიანის უფლებათა ინიციატივის დირექტორია.

ამავდროულად, მთავრობა პასიურად არ ელოდება საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებას, არამედ ზეწოლას ახდენს ამ ადამიანების ნათესავებზე თურქმენეთში. ჩინოვნიკები მოულოდნელ ვიზიტებს ახორციელებენ მათ ნათესავებთან და მოითხოვენ მათგან ინფორმაციის გაცემას უცხოეთსი მყოფი თურქმენების ადგილმდებარეობაზე, საქმიანობაზე და არსებობის წყაროებზე.

თურქეთში მცხოვრებმა თურქმენეთის მოქალაქემ მიამბო, რომ მისი ოჯახის წევრები გააფრთხილეს, რომ თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ქვეყანაში არ დაბრუნდება და არ აცნობებს მათ ამ დაბრუნების შესახებ, მას „შეუძლება საერთოდ აუკრძალონ თურქმენეთში ოდესმე ჩასვლა“.

თუკი წარსული ინდიკატორად გამოდგება, ამ ხმების უგულებელყოფა არ ღირს. 2009 წლის აგვისტოში ბიშკეკის ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის 150 სტუდენტი, რომელიც შეეცადა სახლში სტუმრობის შემდეგ ყირგიზეთში დაბრუნებას, აშხაბადის აეროპორტში დააკავეს. მათ უმრავლესობას აუკრძალეს ქვეყნის დატოვება, თუმცა საბოლოოდ 50 სტუდენტს ბულგარეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება მისცეს.

პარალელურად, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ბერდიმუხამედოვს სასახლის გადატრიალებისაც ეშინია. 22 მარტს მან საჯაროდ გაათავისუფლა თანამდებობიდან მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და ახლო მოკავშირე – ეროვნული უშიშროების მინისტრი ჩარიმირატ ამანოვი. აღსანიშნავია ის, თუ რა ფორმით გაკეთდა ეს. ადრე ბერდიმუხამედოვი ქვეშევდრომებს ჩუმად, ხმაურის გარეშე წასვლის საშუალებას აძლევდა, თუმცა ამჯერად ის თავისი წინამორბედის, დესპოტური საფარმურატ ნიაზოვის პრაქტიკას დაუბრუნდა, მოხსნა რა მინისტრი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში. „მე გხსნით თქვენ თანამდებობიდან სერიოზული დაღვევებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ამანოვს განრისხებულმა შეხედა.

ამანოვის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ისევე როგორც ეგვიპტური არმია, უშიშროების სამინისტრო გადამწყვეტ როლს ითამაშებს არა მხოლოდ სასახლის გადატრიალების შემთხვევაში, არამედ მასზე დამოკიდებულია ასევე ნებისმიერი სახალხო აჯანყების წარმატებაც და მარცხიც. მეორეც, მომხდარი შესაძლოა გაფრთხილება იყოს სხვა ზედმეტად ამბიციური ჩინოვნიკებისთვის. თუმცა, ბერდიმუხამედოვი ჩვენთვის კარგად ნაცნობი არაბული სამყაროს სტრატეგიას სხვა ასპექტშიც მიყვება, როდესაც ზოგიერთ დათმობაზე მიდის.

თურქმენი ახალგაზრდების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თურქმენეთი ათ წელიწადზე მეტ ხანს უარს აცხადებდა ეღიარებინა უცხოეთში მიღებული განათლება, რაც ფაქტობრივად ხელს უშლიდა ბევრ თურქმენს, რომელსაც შესანიშნავი დიპლომი გააჩნდა, ნორმალური სამსახური ეშოვა სამშობლოში. 20 მარტს ბერდიმუხამედოვმა ამ პოლიტიკაზე უარი თქვა. „თურქმენეთს აუცილებელი რეფორმების განხორციელებისთვის განათლებული ხალხი სჭირდება“, – ნათქვამია მის ოფიციალურ განცხადებაში.

მიბაძავენ თუ არა თურქმენები ეგვიპტელების, ლიბიელების და ტუნისელების მაგალითს? რთული სათქმელია. თუმცა მეზობელ ქვეყნებში – ირანში, სომხეთში და აზერბაიჯანში – ადგილი ჰქონდა საპროტესტო აქციებს და მთავრობა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მსგავსი რამ თურქმენეთში არ მოხდება.
[foreignpress.ge]