საშა კოენის ახალი როლი

საშა კოენის ახალი როლი

2011 წლის მეორე ნახევარში, სადამ ჰუსეინის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებაა დაგეგმილი. სადამის როლი ცნობილმა ბრიტანელმა კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა უნდა შეასრულოს.

ამ მსახიობის სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში. ჯერ იყო და ყეყეჩი ბორატის სახე განასახიერა ამავე სახელწოდების სურათში. ამერიკული თავგადასავლების მაძიებელი ბორატის შესახებ გადაღებული კინოსურათი, თავის დროზე ყაზახეთში აკრძალულიც კი იყო. ამის შემდეგ ინგლისელი კომიკოსი ახალი ამპლუით მოგვევლინა, როდესაც ჰომოსექსუალის როლი ითამაშა სურათში „ბრუნო“.

საშა ბარონ კოენი ფილმში „დიქტატორი“ მოგვევლინება, როგორც მსახიობი და სცენარის თანაავტორი.

„დიქტატორი“ დაფუძნებული იქნება წიგნი „მეფე და ზაბიბას“ მოტივებზე. ეს თხზულება ერაყში ფრიად პოპულარული იყო. მის ავტორობას თავად სადამ ჰუსეინს აბრალებდნენ. რამდენიმე წლის წინ, ბაღდადის სახელმწიფო ტელევიზიაში მისი ეკრანიზაცია განხორციელდა, ამავე ქალაქის ერთ-ერთმა თეატრმა კი მის მოტივებზე მიუზიკლი დადგა.

ამ ახალი ფილმის რეჟისორი ლარი ჩარლზია, რომელსაც თავის დროზე კომედიები „ბორატი“ და „ბრუნო“ აქვს გადაღებული. ფილმი „დიქტატორი“ მსოფლიოს კინოთეატრებში 2012 წლის მაისში გამოვა.

თავად საშა ბარონ კოენს ამჟამად მეტად დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვს. რამდენიმე თვეში ის დაიწყებს მუშაობას ახალ კომედიაზე „ტორენტე - მართლმსაჯულობის მარცხიანი ხელი“. ეს არის ამერიკული რიმეიკი საქვეყნოდ განთქმული ესპანური სურათისა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ბორატისა და ბრუნოს როლების შემსრულებელი დაკავებული იქნება ახალი კინოფილმის გადაღებებზე, რომელიც ლეგენდარულ მომღერალს ფრედი მერკურის მიეძღვნება.