კომპანია "Legendary Pictures"-მა გადაწყვიტა, რომ ცნობილი ეკრანული პერსონაჟი გოძილა კვლავ გააცოცხლოს. იაპონური წარმოშობის ურჩხულის მორიგ თავგადასავლებს კინორეჟისორი გარეტ ედვარდსი გადაიღებს. მაყურებლებისათვის ის ცნობილია, როგორც პოპულარული ფილმის „მონსტრების“ გადამღები.
რით დაიმსახურა ედვარდსის კანდიდატურამ ზემოთნახსენები კინოსტუდიის ხელმძღვანელების ყურადღება, ცნობილი არ არის.
გოძილას შესახებ არსებული ახალი კინოპროექტი მძაფრსიუჟეტიანი სურათების თაყვანისმცემლებს მრავალ საინტერესო და მოულოდნელ სიურპრიზს შესთავაზებს. სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, რის შესახებაც კინოჟურნალისტებმა შეიტყვეს, არის ის, რომ ეს ფილმი იაპონური ორიგინალის შინაარსთან მიახლოებული იქნება.
გოძილას შესახებ პირველი მხატვრული ფილმი ჯერ კიდევ 1954 წელს გადაიღეს იაპონიაში. ამომავალი მზის ქვეყანაში ამ ფანტასტიკურ არსებას კიდევ რამდენიმე სურათი მიუძღვნეს. გოძილამ ჰოლივუდშიც გადაინაცვლა და სხვადასხვა კინოვერსიებში მიიღო მონაწილეობა.
ახალი კინოპროექტის გადაღების ვადები ჯერ-ჯერობით არ სახელდება..