“სახეშეცვლილი” მარკ ტვენი

“სახეშეცვლილი” მარკ ტვენი

უახლოეს მომავალში აშშ-ში განზრახულია მარკ ტვენის ნაწარმოებების, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლისა“ და „ტომ სოიერის თავგადასავლის“ ხელახალი გამოცემა. ხელახალი ვახსენეთ და ცნობილი ამერიკელი მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ერთი სიურპრიზი ელით. ახალი რედაქციით გამოქვეყნებულ ამ რომანებში შეიცვლება ან სრულიად ამოვარდება ის სიტყვები, რომელიც მკითხველთა გარკვეული წრისათვის ( ძირითადად აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობისათვის) შეურაცხმყოფელია. საუბარია ისეთი შინაარსის მქონე სიტყვებზე, როგორიცაა მაგალითად „შავი“, „ნეგრი“, „მონა“.

ზემოთ ნახსენები „ტერმინოლოგიის“ გასწორებაზე მუშაობს მარკ ტვენის შემოქმედების მკვლევარი ალან გრიბენი. ეს უკანასკნელი გამოცემისათვის ამზადებს მწერლის სრულ შემოქმედებას, რასაკვირველია, საკუთარი რედაქციით.

ცოტა ხნის წინ ალან გრიბენმა განაცხადა, რომ „ჰეკლბერი ფინში“ არაკორექტული გამონათქვამები 219-ჯერაა ნახსენები, შედარებით „უწყინარ“ „ტომ სოიერში“ კი მხოლოდ ოთხჯერ.

მარკ ტვენის ნაწარმოებების გადაკეთების მცდელობამ აშშ-ში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ იდეის მთავარი სულის ჩამდგმელი, ალან გრიბენი ყოველდღიურად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით რამდენიმე ასეულ კრიტიკულ მესიჯს ღებულობს. მათი განრისხებული ავტორები დიდი მწერლის თხზულებათა დამახინჯების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მკვლევარი თავს იმით იმართლებს, რომ თავის დროზე „გადაკეთებული“ „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ რამდენიმე ინსტიტუტის სტუდენტებს საჯაროდ წაუკითხა და მათი მოწონებაც დაიმსახურა.

გრიბენს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა კოლეგებს შორისაც. ისინი ამტკიცებენ, რომ მარკ ტვენის ენა ზუსტად ასახავს იმ პერიოდის ამერიკულ სამეტყველო კულტურას, ამიტომ ამ ნაწარმოებების დამახინჯება გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა.

„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ თავდასხმების ობიექტი პირველად არ ხდება. 1885 წელს გამოქვეყნებული ეს საყმაწვილო თხზულება, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკულ სკოლებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად აკრძალულ ნაწარმოებთა საპატიო სიაში არაერთხელ მოხვედრილა.

მაგალითად, 1957 წელს წიგნი ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს. 1998 წელს კი „ჰეკლბერი ფინმა“ არიზონას შტატში სასამართლო პროცესი მოიგო. ერთ-ერთი შავკანიანი მოსწავლის მშობლებმა ამ თხზულების სკოლის ბიბლიოთეკებიდან სრულიად ამოღება მოითხოვეს, რადგან „ჰეკლბერი ფინი“ მუქკანიან მოსახლეობას აბუჩად იგდებდა. მარკ ტვენი დიდი ხანია გარდაცვლილია, ამიტომ სარჩელი არიზონას შტატის განათლების კომიტეტის წინააღმდეგ შეიტანეს. რამდენიმედღიანი ხმაურიანი გარჩევების შემდეგ წიგნი გამართლდა.

ეს იყო გუშინ, მაგრამ საბოლოოდ რა ბედი ეწევა ამ საყმაწვილო ნაწარმოებებს მომავალში? ამ კითხვაზე პასუხს დღეს აშშ-ში ვერავინ გაგცემს.