მსახიობებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
დღევანდელ წერილში, ტრადიციულად, ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის სახელთან ერთი ტრაგიკომიკური კურიოზია დაკავშირებული. ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ. თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: “ შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” ”მე ვიყავი”, - უპასუხა მსახიობმა. ”აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.
შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: “რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”. ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: “იფ, კნიაზჯან!” მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.
რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი იგონებდა:
“მსურს ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან. იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო. მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისაკენ და შეძრწუნებული ყვირის: “მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!” კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: “რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!” შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო, ეს ონავრობა აპატია “გადარეულებს”.
სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:
“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე. პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, - იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო - იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია. ს.გ.), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, - მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.
ცნობილი ქართველი მომღერალი და კოტეს როლის შემსრულებელი ბათუ კრავეიშვილი იგონებდა:
“ერთხელ, “ქეთო და კოტეს” გადაღების დროს ცხელი დღე იდგა. როგორც კი გიორგი შავგულიძე სტუდიაში მოვიდა, მაშინვე შემომჩივლა – გრიმის გაკეთება და კოსტიუმის ჩაცმა ძალიან მეზარებაო. იმ დღეს თამარ ჭავჭავაძე შეუძლოდ ყოფილა და ამის შესახებ მარტო გიორგის სცოდნია. მან თავისი ტანსაცმელი გაიძრო, ხანუმას შლეიფიანი კაბა გადაიცვა, გაზეთი აიღო და იქვე მოლზე, ხის ჩრდილში წამოწვა. მე კი გამაფრთხილა, ხმა არ ამოიღოო. დიდი დრო გავიდა. შალვა გედევანიშვილმა ნერვიულობა დაიწყო, მე განგებ შევეკითხე:
- რაშია საქმე, რატომ გადაღებას არ ვიწყებთ?
- როგორ დავიწყოთ, როცა გიორგი შავგულიძე ჯერ არ მობრძანებულა.
გავიდა კიდევ ნახევარი საათი.
- შალვა ბატონო, მართალია, შავგულიძე არ ჩანს, მაგრამ ვერც თამარს ვხედავ.
- როგორ გეკადრებათ, ბათუ, თამარი რამდენი ხანია მოსულია. აგერ იქ, ხის ქვეშ გაზეთის კითხვაში, მგონი, ჩასძინებია კიდეც.
კიდევ ნახევარი საათი იცადეს. ახლა კი უკვე ვახტანგ ტაბლიაშვილიც განერვიულდა და შალვას შეეკითხა, ჟორამ ხომ იცოდა, რომ დღეს ნიკოს, ხანუმას, კოტესა და მისი სცენები უნდა გადაგვეღოო.
- იცოდა, როგორ არ იცოდა, - უპასუხა შალვამ.
- მაშ, რაღა ჯანდაბა მოუვიდა, - ახლა კი იყვირა ვახტანგმა. უცბად ხის ჩრდილიდან შავგულიძემ თავი წამოყო და წამოიძახა - მართლა დამძინებია და დამავიწყდა მეთქვა: თამარის ქალიშვილმა ტელეფონით შემატყობინა, დედას სიცხე მისცა და გადაღებაზე ვერ მოვაო. ატყდა სიცილი, რომელიც ხარხარში გადაიზარდა და გაჯავრების თავი აღარავის ჰქონდა”.
ნიკოლოზ სანიშვილი იგონებდა:
“მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო ჭიჭინაძე ეტარებინა მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა. ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა, მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო?! თურმე, მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან.
“მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, - ყვებოდა მიშა, - ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილი? არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი. ”გათხოვილია?” – ჩამეძია ოფიცერი. არა-მეთქი. მე გახლავართ აშშ-ის სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდი ამერიკაში”. დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც “დავით გურამიშვილის” გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა.”