სწორედ ზემოთ აღნიშნულ პლენუმზე კვლავ გააქტიურდნენ ანტირეფორმისტული ძალები, რომლებიც უკვე პირდაპირ საუბრობდნენ საარჩევნო სისტემის საშიშროების შესახებ: რ.ი. ეიხე - ”საარჩევნო ბრძოლის დროს ჩვენ შევხვდებით მტრის ნარჩენებს და საჭიროა შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ რომელ მტრებთან მოგვიწევს შეხვედრა, სად არის ამ მტრების კერა”.
კომპარტიის მოსკოვის საოლქო კომიტეტის მდივანი ნ.ს. ხუშჩოვი: ”უსიტყვოდ ადგილი აქვს მტრული ძალების გამოცოცხლებას ქალაქში და სოფლად. ჩვენთან რიაზანში დიდი ხანია გამოვლენილია ესერების დაჯგუფება, რომელიც ასევე ემზადება , როგორც ახლა უწოდებენ, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე არჩევნებისთვის”.
ლ.ი. მირზოიანი - ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი: ”ზოგ ადგილებში სასულიერო ფენა ისე მოხერხებულად ერგება საბჭოთა წესს, რომ ნაწილობრივ ანიარაღებენ ჩვენს პირველად ორგანიზაციებს”.
ამავე პლენუმზე სტალინის რეფორმების მომხრე საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ვ. მ. მოლოტოვი ცდილობდა ტროცკისტობის ბრალდების ქვეშ მასობრივი რეპრესიების ჩატარების მომხრეთა ვნებების დამშვიდებას: ”ჩვენ ხშირად ვისმენთ ასეთ საკითხს, თუ ყოფილი ტროცკისტია, არ შეიძლება მასთან საქმის დაჭერა. არ არის ეს სწორი. ჩვენ მივდიოდით ყოფილი ტროცკისტების გამოყენების გზით და ამაში არ შევმცდარვართ”.
სხვათა შორის, ცნობილმა პარტიულმა მუშაკმა კაგანოვიჩმა, როცა ნ. ხრუშჩოვს რეკომენდაცია გაუწია სტალინთან მოსკოვის ოლქის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისას, თან უთხრა, რომ ხრუშჩოვი ადრე აქტიური ტროცკისტი იყოო, მაგრამ ახლა ტროცკისტებს თავგამოდებით ებრძვისო, ამის შემდეგ სტალინმა მისი და საბჭოთა სახელმწიფოს საბედისწეროდ ნიკიტა ხრუშჩოვის დაწინაურებას მხარი დაუჭირა.
საბჭოთა კავშირის მაშინდელი პროკურორი ა. ი. ვიშინსკი საგამოძიებო ორგანოების ნაკლოვან მხარეებზე ალაპარაკდა: რომ მას ”ბრალდებისკენ გადახრა” ჰქონდა და ე.წ. ”მუნდირის ღირსებას” იცავდა. ”თუ ბრალდებული ჩავარდა, ჩაავლეს, წაათრიეს, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა დაამტკიცონ რომ ის დამნაშავეა. უხერხულად ითვლება რომ შეწყვიტონ საქმე დაუმტკიცებლობის გამო, თითქოს ეს მათ მუშაობას კომპრომენტაციას უკეთებს”. ეს ეწინააღმდეგება ცკ-ის 1933 წლის 8 მაისის ინსტრუქციას, რომელიც მიმართული იყო ”უსაფუძვლოდ ადამიანებისათვის პასუხისმგებლობის წაყენების წინააღმდეგ”.
მიუხედავად იმისა, რომ კომპარტიის ცკ-ის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა დემოკრატიული რეფორმებს და კვლავ კლასობრივ მტერთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა, 1937 წლის 5 მარტს პლენუმის დასკვნით სიტყვაში სტალინი ისევ ძირეული რეფორმების გატარების პოზიციაზე იდგა: ”პარტიული ორგანიზაციები განთავისუფლდებიან სამეურნეო საქმიანობისგან, თუმც ეს სწრაფად ვერ მოხდება. ამისთვის აუცილებელია დრო. უნდა დაკომპლექტდეს სოფლის მეურნეობის ორგანოები, უნდა მივცეთ საუკეთესო ადამიანები. მრეწველობა უფრო მტკიცედ არის აწყობილი და მათი ორგანოები არ მოგვცემენ მათი შეცვლის უფლებას და ეს ძალიან კარგია. უნდა ავითვისოთ საბჭოთა და სამეურნეო ორგანოების ბოლშევიკური მმართველობა, კი არ უნდა ჩავენაცვლოთ მათ, არამედ მივეხმაროთ მათ, განვამტკიცოთ და ვუხელმძღვანელოთ მათზე გავლით და არა მათი გვერდის ავლით”.
სტალინი განაგრძობდა: ”ჩვენთან ზოგიერთი ამხანაგი ფიქრობს, რომ თუ ის სახალხო კომისარია, მაშინ ყველაფერი იცის. ფიქრობენ, რომ ჩინი თავისით დიდ რამეს იძლევა, თითქმის ამომწურავ ცოდნას. ან ფიქრობენ, თუ ის ცკ-ის წევრია, ე.ი. შემთხვევით არ ვარ ცკ-ის წევრი და მე ყველაფერი ვიციო. არ არის ეს სწორი. ჩვენ, მოხუცები, მალე გვერდზე გავდგებით, სცენიდან ჩამოვალთ. ეს ბუნების კანონია. და გვინდა, რომ ჩვენ გვყავდეს რამდენიმე ცვლა”.
სტალინი პარტიის მიერ ქვეყნის არადემოკრატიულ მართვას ბიუროკრატიულ ცენტრალიზმს უწოდებდა და ალტერნატიული და ფარული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას არა მარტო საბჭოებში, არამედ პარტიის ორგანოებშიც მოითხოვდა.
1937 წლის 13 მარტს კომპარტის ცკ-ის პოლიტბიურომ დაამტკიცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც თავისი შინაარსით უზრუნველყოფდა საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს: ” საქმეების წარმოების შეწყვეტა მოქალაქეებისათვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევის შესახებ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა და წარსულში საქმიანობის მოტივებით”. ამის საფუძველზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაუქმდა ის ორგანო, რომელიც იმ პირების სიას რეგულარულად ადგენდა, რომელთაც საარჩევნო უფლება არ ეძლეოდათ.
1937 წლის 27 ივნისს ცკ-ის პლენუმზე ი.ა. იაკოვლევი, რომელიც საარჩევნო სისტემის შემმუშავებელი სპეციალური კომისიის წევრი იყო, კითხულობს მოხსენებას ახალ საარჩევნო კანონზე: ”სსრკ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს ყოველ საზოგადოებრივ ორგანოზაციას და მშრომელთა საზოგადოებას საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში წამოაყენოს კანდიდატურა. ... ამ სტატიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ის შემოტანილია ამხანაგ სტალინის წინადადებით. მისი მიზანია განავითაროს და გააფართოვოს დემოკრატია”.
სხვათა შორის, იაკოვლევი შესანიშნავად აყალიბებდა დემოკრატიის მნიშვნელობის არსს, რაც დღევანდელი საქართველოსთვისაც საკმაოდ საჭირბოროტო საკითხია, რადგან არჩევნების გაყალბების პრობლემა ჩვენში დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ არ მოხსნილა. გავეცნოთ თუ რას ამბობდა იაკოვლევი: ”ჩვენმა თანამშრომლებმა უნდა შეიგნონ, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მუშაობის დროს უკონტროლობის პრეტენდენტობა შეიძლება ჰქონდეთ... რომ მხოლოდ ქვემოდან კონტროლის დახმარებით და დამატებით ზემოდან ხელმძღვანელობის კონტროლით, შესაძლებელია საბჭოების მუშაობის გაუმჯობესება.”
”თავისთავად, ამა თუ იმ ბიუროკრატიული ჯგუფის მიერ კანონების ჩანაცვლების პრაქტიკა წარმოადგენს ანტისაბჭოთა საქმეს. გლეხი ხელისუფლებაზე მსჯელობს არა მარტო იმით როგორია კანონი -თუნდაც ის იყოს დიდებული, მაგრამ მას თუ თავისი საქმიანობით მისი აღმასრულებელი ამახინჯებს, გლეხი პირველ რიგში ხელისუფლებაზე იმსჯელებს აღმასრულებლის მოქმედებების საფუძველზე”.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ეს ნიშნავდა რომ სტალინის დაჯგუფებამ თითქოს გამარჯვება მოიპოვა საბჭოთა სახელმწიფოს დემოკრატიზაციისათვის ბრძოლაში. მაგრამ 1937 წლის 28 ივნისს პლენუმის დახურვის წინ ხდება საოცარი მოვლენები, რომელსაც საიდუმლოების ფარდა ჯერ კიდევ ახურავს, რამაც საბჭოთა სახელმწიფოს განვითარებას იმისგან სრულიად განსხვავებული მიმართულება მისცა, რაც სტალინის რეფორმისტულ ჯგუფს ჰქონდა დასახული.
მიუხედავად იმისა რომ ამ გუნდმა მტკიცედ იბრძოლა, მისი გენერალური ხაზის გავლენიან მოწინააღმდეგეებს სასტიკი დარტმებიც მიაყენა ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის, რიკოვის, ტუხაჩევსკის, თუ სხვათა ლიკვიდაციის სახით, როგორც ჩანს მთელი ბიუროკრატიულ-პარტოკრატიული სისტემის ფართო შეტევის წინაშე ის მაინც უძლური აღმოჩნდა და იძულებული გახდა თავისი რადიკალური რეფორმისტული იდეები დასაჟანგად განწირულ სეიფში შეენახა.
პროცესები კი შემდეგნაირად განვითარდა. სრულიად მოულოდნელად პოლიტბიურო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სრულ დისონანსში მოდის მანამდე არსებული დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების ნებასთან. ჩვეულებრივი კანცელარიის ნომრის პროტოკოლ 51. პუნქტ 66(1) ქვეშ ისეთი რამე წერია, რამაც სათავე დაუდო საბჭოთა კავშირში 1937-38 წლების მასობრივი რეპრესიების დაწყებას: ”1. აუცილებლად ჩაითვალოს უმაღლესი სასჯელის გამოყენება ყველა იმ აქტივისტის მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან გადასახლებული აჯანყებული კულაკების ორგანიზაციებს. 2. საკითხის სწრაფად გადასაწყვეტად შეიქმნას სამეული ამხ. მირონოვის - დასავლეთ ციმბირის სამხარეო შსსკ-ის უფროსის, ამხ. ბარკოვის - დასავლეთ ციმბირის სამხარეო პროკურორის და ამხ. ეიხეს -დასავლეთ ციმბირის პარტიის სამხარეო კომიტეტის მდივნის შემადგენლობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა დასავლეთ ციმბირის აღიარებული ჯალათის ეიხეს საინიციატივო წერილს პოლიტბიუროსადმი. სამი დღის შემდეგ 2 ივლისს პოლიტბიურომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს დაევალათ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული კულაკები და სისხლის სამართლის დამნაშავეები აეყვანათ აღრიცხვაზე, შემდეგ დაეპატიმრებინათ და მათგან ყველაზე მავნეები სპეციალურად შექმნილ სამეულებს დაეხვრიტათ, ხოლო დანარჩენები კვლავ გადაესახლებინათ. ყოველივე ამისთვის კი ცინიკურად მხოლოდ ხუთი დღე იქნა გამოყოფილი.
ყველანაირი საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ”ამხანაგი” ეიხე მარტო არ მოქმედებდა და მის უკან იდგა ცკ-ის წევრთა და მთელი ქვეყნის პარტნომენკლატურის დიდი უმრავლესობა, რომელსაც პოლიტბიუროს მხრიდან ეიხესა და სხვათა მსგავს მოთხოვნებზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო ბოლშევიკთა პარტიის ცკ-სა და პოლიტბიუროდან რეფორმატორთა გუნდის წევრების განთავისუფლებისთვის მიეღწია ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებით, ისევე როგორც ეს სტალინმა თავის დროზე გააკეთა საბჭოთა კავშირში ლენინის შემდეგ გავლენით მეორე პირის ტროცკისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, სტალინი ალტერნატივის წინაშე დადგა. ამ ბინძურ თამაშში ან უნდა აჰყოლოდა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დამდგარ ერთ მუშტად შეკრულ გამხეცებულ ბოლშევიკურ პარტოკრატიას და ამით თვით მას ხელისუფლებაც და სიცოცხლეც შეენარჩუნებინა, რაც თავისი გრანდიოზული პოლიტიკური პროექტების ბოლომდე განხორციელებისათვის სჭირდებოდა, ან ახლავე დაპირისპირებოდა ამ ურჩხულს და დიდი რისკის არსებობით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა.
სტალინმა, როგორც პრაგმატულმა პოლიტიკოსმა ხელისუფლების შენარჩუნება და ამით პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება ამჯობინა, რის გამოც სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვშჩინისა და პროდასავლური ლიბერალისტური პროპაგანდის მსხვერპლად იქცა.
იმ პერიოდში სტალინის კაბინეტში შემსვლელთა სია შედგება სწორედ იმ პარტიული ნომენკლატურისგან, რომლებიც შემდგომში დიდი ენთუზიაზმით მოითხოვდენენ რეპრესიების სამიზნე ადამიანების რაოდენობის გაზრდას. სწორედ პარტიული ბიუროკრატიის ინტერესებში იყო ყველა იმ პიროვნების ლიკვიდირება, რომელიც ადგილებზე მათ აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნიდა ან პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენდა.
ვინც წარმოდგენილ ვერსიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მის გასამაგრებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ სტალინმა საბჭოთა მმართველობაში რეფორმების განხორციელება და პარტიის უფლებების შეკვეცა 1952-53 წელსაც მოინდომა, როცა მეორე მსოფლიო ომის მოგებისა და ქვეყნის წარმატებული აღმშენებლობის შემდგომ ბევრად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ როგორც უკანასკნელი დასაბუთებული ინფორმაციებით ირკვევა, მისმა გარემოცვამ სწორედ ამის გამო იგი მოწამლეს და ამით სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო, სტალინის შემდგომ მისმა თანამებრძოლმა ლავრენტი ბერიამ, თავისი ჩვეული სითამამით როცა დაიწყო აღნიშნული რეფორმების განხორციელება, ისიც მაშინვე მოიშორეს თავიდან, ესეც არ აკმარეს და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე უდიდესი დამსახურებების მქონე კაცი სახელმწიფოს მოღალატედ გამოაცხადეს.
ასე რომ, 1937 წელს დიდი პროექტებისა და ჩანაფიქრების მქონე სტალინმა უმრავლესობასთან შიდაპოლიტიკურ აშკარა დაპირისპირებას და თავის გაწირვას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ჩვეული, ფრთხილი, რთული კომბინაციების შემცველი ბრძოლა ამჯობინა, რასაც შემდგომში რეპრესიების მომხრეთა დიდი უმრავლესობის მიმართ სამართლიანი ანგარიშსწორება მოჰყვა და იგივე ის ეიხები, კოსიორები, ეჟოვები და სხვები თავადვე იქნენ დახვრეტილნი. ბედის ირონიით ანგარიშსწორებას ხრუშჩოვი გადაურჩა, რომელმაც პირადად რეპრესიებით სისხლის მდინარეები დააყენა ჯერ მოსკოვსა და შემდგომ უკრაინაში. ამგვარად, ნიდაყვებამდე სისხლში გასვრილმა ნიკიტამ, სტალინის სიცოცხლეში მის წინაშე მლიქვნელობით ქვემხოხავმა, მისი სიკვდილის შემდეგ რეპრესიებში მთავარ დამნაშავედ 1956 წელს ყოვლად ურცხვად იგივე სტალინი გამოაცხადა.
თვით ხრუშჩოვის სიტყვაში, რომელიც მან 1937 წელს წარმოთქვა მოსკოვის პარტიული აქტივის წინაშე, კარგად ჩანს, თუ რა თვალით უყურებდა იგი დემოკრატიულ არჩევნებს: ”უნდა გვახსოვდეს რომ ხალხის მტრები ყველანაირად ეცდებიან გამოიყენონ არჩევნები თავიანთი მტრული კონტრრევოლუციური მიზნით... ხალხის ყველა მტრის განადგურება წარმოადგენს საბჭოებში წარმატებული არჩევნების ჩატარების წინაპირობას...”
როგორც ამბობენ ხოლმე, ”ჯადოქრებზე ნადირობა” დაწყებული იქნა და 7 ივლისს სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე პარტნომენკლატურამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ხალხის მტრების სიხლის ნთხევა და რეპრესიები. მალე რეგიონებიდან წამოვიდა რეპრესიების ლიმიტებზე მოთხოვნები, სადაც იმავე ეიხემ მარტო დასახვრეტთა ლიმიტი 10 800 კაცზე მოითხოვა, ხრუშჩოვმა მოსკოვის ოლქში 41 500 კაცის დასჯა ჩათვალა აუცილებლად, ეჟოვმა რეპრესიების ლიმიტი საქართველოში 3000 კაცით განსაზღვრა. საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი მილიონი ადამიანის რეპრესიების ლიმიტი იქნა გაცემული.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით რეპრესიები უნდა დაწყებულიყო 1937 წლის 5 აგვისტოს და დამთავრებულიყო 15 დეკემბერს, სწორედ იმ დროს, როცა არჩევნები იყო დანიშნული.
რეპრესიები შეეხო ი.ი. იაკოვლევსა და ბ.მ. ტალს, რომლებიც სტალინის რეფორმისტული გუნდის ვიწრო წრეს მიეკუთვნებოდნენ და საარჩევნო საკითხების შემმუშავებელ კომისიაში მთავარ როლს ასრულებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ სტალინის გუნდსა და ფართო ნომენკლატორულ მმართველობას შორის დაძაბული, დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ასეთ პირობებში სტალინი და მოლოტოვი პოლიტბიუროს გადაწყეტილებით პირადად შედიან საარჩევნო საკითხების შემმუშავებელ კომისიაში და ჯერ კიდევ დემოკრატიული ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას ლობირებენ, მაგრამ 7 ოქტომბერს პოლიტბიურო იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გამორიცხავს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები პარტიული ორგანოების მიერ მკაცრი შერჩევა-შემოწმების შემდგომ უნდა დანიშნულიყვნენ. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად სტალინს მიაჩნდა რომ საარჩევნო კომისიები პარტიული კონტროლს არ უნდა დაქვემდებარებოდნენ და ამიტომ მათი აპარატი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან უნდა დაკომპლექტებულიყო.
9, 10 და 11 ოქტომბერს სტალინის კაბინეტში არჩევნებთან დაკავშირებით მუდმივი კრებები იმართება. დავა-კამათი მიმდინარეობდა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებელ იმ მუხლებზეც, რომელიც ადრე უკვე შეთანხმებული იყო პოლიტბიუროში, ცკ-ის პლენუმებსა და საბჭოების ყრილობებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ფართო პარტიული ბიუროკრატიის მხრიდან ისეთი სიმძლავრის ზეწოლა განხორციელდა რეფორმატორთა გუნდზე, რომ ის იძულებული გახდა უარი ეთქვა თანასწორი და ალტერნატიული არჩევნების ჩატარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციაზე.
პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით აუცილებელი აღარ იყო ალტერნატიული კანდიდატები, ხოლო უპარტიო კანდიდატები, საერთოდ, კანდიდატთა სიის 20-25% უნდა ყოფილიყო. პოლიტბიურო 9 წევრისგან შედგებოდა და მათგან სტალინი, ჟდანოვი, ანდრეევი და კალინინი ჯერ კიდევ ვერ ელეოდნენ პოლიტიკურ რეფორმას, მაგრამ ვოროშილოვი, კოსიორი, მიქოიანი, კაგანოვიჩი და ჩუბარი საბოლოოდ პარტიული ნომენკლატურის ნებას დაჰყვნენ და ბოლშევიკური პარტიის აბსოლუტურ ძალაუფლებას კვლავ მხარი დაუჭირეს.
11 ოქტომბერს პარტიის ცკ-ის პლენუმზე სტალინის გუნდის კაპიტულაცია რეფორმებთან დაკავშირებით საბოლოოდ გაფორმდა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პარტიის გარეშე ცალკე კანდიდატის წარდგენის უფლებაც კი არ მიეცა, რაზეც ასე ენთუზიაზმით საუბრობდა სტალინი ჯერ კიდევ 1936 წლის გაზაფხულზე ამერიკელ ჟურნალისტთან გოვარდთან.
ყოველივე ამას საერთაშორისო მდგომარეობის გამწვავებაც დაემატა. ვერანაირად ვერ მოხერხდა დასავლეთის ლიდერ სახელმწიფოებთან ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა, კონკრეტულად ინგლის-საფრანგეთთან, რასაც დიდი ძალისხმევით ცდილობდა სტალინი და საბჭოთა კავშირი იმავე დასავლეთის სახელმწიფოების წაყრუებითა და ხელშეწყობით მილიტარისტული პოლიტიკით გაძლიერებულ ნაცისტურ გერმანიასთან და იაპონიასთან დიდი ომის საფრთხის წინაშე დგებოდა. ეს შიდა პოლიტიკაშიც მეტი დისციპლინისა და მკაცრი ხელის მოთხოვნის პირობებს ქმნიდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნითაც ჰყავდა რადიკალური ბრძოლისთვის განწყობილი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ქვემოთ მითითებულ დოკუმენტურ ფილმში დამაჯერებლად არის დასაბუთებული რა მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულება მზადდებოდა ბოლშევიკური ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, რომელშიც მონაწილეობდნენ: რადეკი, ნამდვილი გვარი სობელსონი -ბოლშევიკური პარტიის ცკ-ის ყოფილი წევრი, კომინტერნის მდივანი, აქტიური ტროცკისტი. აი, რას ამბობდა ის 1937 წლის 24 იანვარს სასამართლო სხდომაზე: ”ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აქ ბატონობდეს უცხოური კაპიტალი, რომელიც ხელში ბევრად ადრე ჩაგვიგდებს, ვიდრე ხელისუფლებას მოგვცემს”.
გ. ლ. პიატაკოვი, აქტიური ტროცკისტი 1923 წლიდან, პარტიის ცკ-ის წევრი და მძიმე მრეწველობის კომისარი. ამერიკელ ინჟინერს, ჯონ ლიტლეიჯს, რომელიც 1927-37 წლებში საბჭოთა კავშირში მუშაობდა, თავის წიგნში მოჰყავს ქვეყნის მრეწველობაში საბოტაჟის ფაქტები, რომლებზეც ამბობს, რომ პიატაკოვის გარეშე ეს ვერ მოხდებოდაო.
ტუხაჩევსკი - საბჭოთა კავშირის მარშალი და წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის პირველი რანგის მეთაურები უბორევიჩი და იაკირი, კორპუსის მეთაურები პრიმაკოვი და პუტნა მყარი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ აღიარებით ჩვენებებს იძლეოდნენ, რომ აპირებდნენ სამხედრო გადატრიალებას, ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარებას და გერმანელ ფაშისტებთან ტერიტორიების დათმობების ხარჯზე შეთანხმების მიღწევას. იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=MwidWMom6TI -Иосиф Сталин. Разгром Пятой Колонны
აქ უპრიანი იქნება თუ გავიხსენებთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მუხროვანის ბატალიონის თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს, სადაც, როგორც უკვე კარგად არის ცნობილი, აღნიშნული ბატალიონის ხელმძღვანელობის მიმართ გამოტანილი უმკაცრესი სასჯელების მთავარი მოტივაცია რეალურად მხოლოდ ის იყო, რომ ამ სამხედროებმა იმ დროს მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგების ხელისუფლების მხრიდან უკანონო დარბევის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სამხედროებიდან ერთი მათგანი (კრიალაშვილი) მოკლეს, ხოლო მეორე (ოთანაძე) ტყვიებით დაცხრილეს და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. და ამგვარი დანაშაულებრივი საფუძვლით რეპრესიების ჩამტარებელი სააკაშვილი გორში სტალინის ძეგლს აგდებს მის მიმართ დიქტატორობის ბრალდებით.
ამ საქციელით სააკაშვილი ხრუშჩოვის მენტალური მემკვიდრეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხრუშჩოვი ამავე დროს შურისძიების მოტივით მოქმედებდა, როცა სტალინის წინააღმდეგ არნახული ყალბი პროპაგანდითა და სახელმწიფო დადგენილებებით მისი სახელი და ღირსება შელახა, რადგან გერმანელებთან თანამშრომლობის გამო მისი შვილის ლეონიდ ხრუშჩოვის სიკვდილით დასჯა სტალინს დააბრალა, რომელმაც ის სამართლიანად არ შეიწყალა და ეს არც უნდა ყოფილიყო გასაკიცხი იმ კაცისგან, რომელიც საკუთარი შვილის, ევგენი ჯუღაშვილის ტყვეობიდან დახსნისთვის კომპრომისებზე არ წავიდა.
სააკაშვილმა კი, ლიბერალისტური იდეოლოგიური მოსაზრებებით, ჯერ ერთი, სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის მოსახლეობას მიაყენა შეურაცხყოფა, როცა მათ უკითხავად სტალინის ძეგლი ჩამოაგდო გორის ცენტრალურ მოედანზე. მეორეც, მას არ ჰქონდა სტალინის ძეგლის ჩამოგდების უფლება, როცა ქართველ ხალხს ჯერ არ გაუკეთებია საბოლოო შეფასება ამ ისტორიული პიროვნების მოღვაწეობის მიმართ, რომელიც მხოლოდ ლიბერალისტების გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის და ეს ამ თემაზე ფართო დისკუსიებით ყველა თვალსაზრისის შეჯამების საფუძველზე იქნება მხოლოდ შესაძლებელი.
(გაგრძელება იქნება)