რამდენიმე ხნის წინ, აშშ-იდან ერთი ინფორმაცია მოვიდა, რომელსაც, კარგი იქნება, თუ ქართული მხატვრული სურათების შემქმნელებიც გაითვალისწინებენ...
ექიმების ცნობით, რამდენიმე გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას კი მნიშვნელოვნად ამცირებს.
ალბათ ეს მოსაზრება გაითავისეს და კინოკომპანია „დისნეის“ ხელმძღვანელობამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ აკრძალოს მწეველი ადამიანების თავის იმ ფილმებში გამოჩენა, რომლებიც ოჯახური ჩვენებისათვისაა განკუთვნილი.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ იმ ფილმების ტიტრებზე, რომლებიც ეკუთვნის სტუდიებს „Touchstone“- სა და „Miramax“-ს, სპეციალური ტექსტი დაიწერება, რომელიც მაყურებელს მოწევის მავნებლობას შეახსენებს. ეს გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც კადრში, პერსონაჟი სიგარეტით ხელში გამოჩნდება. კინოგამქირავებლები ასეთ სურათებს წინ წაუმძღვარებენ ამავე შინაარსისა და მიმართულების ტექსტებს.
კინოკომპანია „დისნეის“ ამ ნაბიჯმა აშშ-ში ერთსულოვანი რეაქცია გამოიწვია. ერთ-ერთმა კონგრესმენმა დანარჩენ კინომწარმოებლებსაც მოუწოდა რომ ამ მაგალითს მიბაძონ.
ამერიკელი ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვები, რომლებიც მწეველ პერსონაჟებს ეკრანებზე რეგულარულად ხედავენ, სამჯერ უფრო ხშირად ჰკიდებენ ხელს სიგარეტს. ამ დროს ამ ქვეყაში გადაღებული მხატვრული ფილმების გმირების უმეტესობა, თამბაქოს მოწევას უკეთებს რეკლამას.
აშშ-ში, ნიკოტინს დიდი ხანია დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს და ჯანსაღი ცხოვრების წესების დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ. ერთგვარი გამონაკლისი კინოს ინდუსტრია იყო, მაგრამ თამბაქოს მოწინაღმდეეგებმა ამ სფეროშიც შეაღწიეს.