22 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი მიხაილ კაზაკოვი. 77 წლის მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული. ის სამკურნალოდ ისრაელში, კერძოდ კი ქალაქ თელ-ავივთან ახლოს მდებარე კლინიკაში იმყოფებოდა.
მისი გარდაცვალების ინფორმაცია ოფიციალურად 22 აპრილის საღამოს მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა გავრცელა.
მიხაილ კაზაკოვი 1934 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ლენინგრადში დაიბადა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა “მხატ”-ის თეატრალურ სასკოლო – სტუდიაში გააგრძელა, რომლის დამთავრებისთანავე კინემატოგრაფიაში დაიწყო მოღვაწეობა.
მისი პირველი სამსახიობო დებიუტი შედგა რეჟისორ მიხეილ რომის სურათში “მკვლელობა დანტეს ქუჩაზე”. თავის დროზე როლები შეუსრულებია მრავალ გახმაურებულ საბჭოთა კინოფილმებში. ამათგან გამოსარჩევია “ერთი წლის ცხრა დღე”, “გასროლა”, “ადამიანი ამფიბია”, “გამარჯობათ, მე თქვენი დეიდა ვარ” და სხვა.
მიხაილ კაზაკოვი სამსახიობო პროფესიას კინორეჟისორობასაც უნაცვლებდა. მის მიერ გადაღებულ სურათებს შორის გამორჩეულია “პოკროვსკის კარები” და “ქალბატონის ვიზიტი”.
1996 წელს მიხაილ კაზაკოვმა საკუთარი თეატრი – “მიხაილ კაზაკოვის რუსული ანტრეპრიზა” დაარსა.
1980 წელს მიხაილ კაზაკოვს მიენიჭა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 2010 წელს კი გადაეცა რუსეთის დიდების ორდენი.