ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ოლივერ სტოუნი უახლოეს მომავალში ახალი სურათის გადაღებას შეუდგება. ფილმის პირობითი სახელია “ველურები”. ის დაფუძნებულია ამერიკელი მწერლის, დონ უინსლოუს ამავე დასახელების ნაწარმოებზე. ამ წიგნის მთავარი მოქმედი გმირები განუყრელი ძმაკაცები – ბენი და ჩონი არიან. ახალგაზრდები ნარკოტიკების ვაჭრობით არიან დაკავებულები. ერთ მშვენიერ დღესაც ისინი მსხვილ ნარკოკარტელთან კონფლიქტში შევლენ. შურისძიების მიზნით ნარკომაფიის წევრები, ბენისა და ჩონის ახლობელ გოგონას – ოფელიას გაიტაცებენ.
ოლივერ სტოუნის ამ ახალ კინოპროექტში არაერთი ცნობილი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.
ჰოლივუდის უბერებელი ვარსკვლავი ჯონ ტრავოლტა ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორის როლით მოგვევლინება. არანაკლებ პოპულარული ამერიკელი მსახიობი უმა თურმანი კი ოფელიას დედას განასახიერებს.
თავად მთავარ გმირებს, ბენის და ჩონს მსახიობები აარონ ჯონსონი და ტეილორ კიტჩი ითამაშებენ, რომლებსაც პარტნიორობას კიდევ ორი სახელოვანი მსახიობი გაუწევს. ცოტა ხნის წინ, ამ სურათში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს ბენისიო დელ ტორომ და სალმა ჰაიეკმა.
ოფელიას როლი თავდაპირველად მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს უნდა შეესრულებინა. სამწუხაროდ ჯენიფერი ამ დღეებში სხვა კინოპროექტშია დაკავებული, ამიტომ ოლივერ სტოუნის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
ლოურენსის შემცვლელი მალე მოიძებნა და მისი ჩანაცვლება მსახიობი ბლეიკ ლაივლით მოხდა. ლაივლი კინოს სამყაროში მიღებული ადამიანია და თავის დროზე ორ გახმაურებულ სურათში – “ქურდების ქალაქი” და “პიპ ლის კერძო ცხოვრება” უთამაშია.
ოლივერ სტოუნის ახალი მხატვრული ფილმის - “ველურების” მსოფლიო კინოპრემიერა 2012 წლის მეორე ნახევარში გაიმართება.