მიმდინარე წლის 20 აპრილს, აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა ჯგუფ “Tv on the Radio”-ს ი ბასისტი, 34 წლის ჯერარდ სმიტი.
ჯერარდ სმიტი გასული წლის მიწურულს დაავადდა, რის შესახებაც ოფიციალური ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურმა საიტმა ორი თვის წინ გაავრცელა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუსიკოსი გაძლიერებულ მკურნალობის კურსს გადიოდა. ამის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ჯგუფის უკანასკნელ ამერიკულ ტურნეში.
2011 წლის 13 აპრილს, ნიუ-იორკის “Radio City Music Hall”-ის საკონცერტო დარბაზში ჯგუფმა “Tv on the Radio”-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი დისკი “Nine Types of Light”. მეორე დღეს კი საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა. სამწუხაროდ ჯერარდ სმიტის გარეშე, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა.
მუსიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯგუფმა დაგეგმილი კონცერტები ვადამდე ადრე შეწყვიტა. 20-დან 26 აპრილამდე “Tv on the Radio”-ს კონცერტები დეტროიტში, ჩიკაგოში, მინეაპოლისში და დენვერში უნდა ჩატარებულიყო. ჯგუფის მომავალი გეგმების შესახებ აშშ-ის საინფორმაციო საშუალებები არაფერს იტყობინებიან.
ჯერარდ სმიტი ჯგუფს 2005 წელს შეუერთდა და მისი სამი ბოლო დისკის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ესენია:“Return to Cookie Mountain” (2006), “Dear Science” (2008) და “Nine Types of Light” (2011), რომელმაც ჯგუფს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
როკ-ჯგუფი “Tv on the Radio” 2001 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან: პროდიუსერი, გიტარისტი და კლავიშებზე შემსრულებელი დევიდ სიტეკი, ვოკალისტი ტენდე ადებიმპე, გიტარისტი კიპ მელოუნი, მედოლე ჯალილ ბანტონი და აწ გარდაცვლილი ჯერარდ სმიტი.