პროდიუსერი ელტონ ჯონი

პროდიუსერი ელტონ ჯონი

პოპულარული ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკის მოყვარულთათვის. მისი პიროვნება უცხო არ არის ფეხბურთის თაყვანისმცემლებისთვისაც, რადგან ბატონი ელტონი დიდი ხნის განმავლობაში ინგლისური საფეხბურთო კლუბ „უოტფორდის“ პრეზიდენტი და მფლობელი გახლდათ. ის შურის გრძნობას იწვევს კოლექციონერებს შორისაც, რადგან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ორი-სამი ათასი სათვალე შეაგროვა. ელტონ ჯონი სიამაყის საგანია მსოფლიოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვისაც. ბრიტანელი მუსიკოსი ხომ საკუთარ განსხვავებულ ორიენტაციას არასოდეს მალავს და რამდენიმე წლის წინ „ძლიერთა სქესის“ ახლო მეგობარზე ოფიციალურად იქორწინა. რამდენიმე თვის წინ ელტონ ჯონმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა, როდესაც საპატიო ასაკს მიღწეული, ერთი პაწია ბიჭუნას მამიკო გახდა.

ცოტა ხნის წინ წინ ეს არაორდინალური პიროვნება მსოფლიო შოუბიზნესის სამყაროს ახალი იდეით გამოეცხადა. ცნობილი გახდა, რომ მას განზრახული აქვს ჰოლივუდშიც დაიმკვიდროს ადგილი. ელტონ ჯონმა საკუთარი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღების იდეა წამოაყენა. ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ ინფორმაციით, მომღერალმა ცნობილი სცენარისტი ლი ჰოლი დაიქირავა და თავისი ბიოგრაფიული კინოსცენარის დაწერა დაავალა. ეს იდეა ჯერჯერობით კერძო ინიციატივათა რიცხვს მიეკუთვნება და ელტონ ჯონის ცხოვრებაზე ფილმის შექმნით არც ერთი ჰოლივუდური კინოსტუდია არ დაინტერესებულა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ელტონ ჯონი ფინანსურად წელგამართულ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნება და დარწმუნებულია, რომ სცენარის დასრულების შემდეგ რომელიმე ცნობილ სტუდიასთან თანამშრომლობით ამ ფილმის თანაპროდიუსერიცგახდება.

„მართლაც რომ მშვენიერი იდეა გამიჩნდა და, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. მომავალმა კინოსურათმა ჩემი პიროვნება სრულყოფილად უნდა წარმოაჩინოს. ჩემი როლის შემსრულებელს თავად ავარჩევ. მსახიობებს შორის მრავალი ნაცნობი მყავს და, ალბათ, ამ კინოსურათში დასაქმებაზე უარს არ მეტყვიან. ჩემი ცხოვრება მეტად საინტერესოდ წარიმართა. გავიხსენოთ თუნდაც საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობა და სხვა მრავალი განხორციელებულიპროექტი. ძალიან მინდა, რომ ყოველივე ამან სურათში ასახვა ჰპოვოს. ბედნიერი ვიქნები, როდესაც ჩემი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი დიდ ეკრანზე ელტონ ჯონის ბიოგრაფიას იხილავს”, - განუცხადა ჟურნალის კორესპონდენტს ბრიტანელმა მუსიკოსმა.

საინტერესოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჰოლივუდი პოპულარული მუსიკოსების ცხოვრების ეკრანებზე გადატანით სერიოზულად დაინტერესდა.

კინორეჟისორმა ტოდ ჰეინსმა გადაიღო ფილმი „იქ არ ვარ“, რომელიც ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბობ დილანის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ეხება. დილანის როლი სხვადასხვა ასაკის ერთდროულად ექვსმა მსახიობმა განასახიერა. მათ გარდა, სურათში მონაწილეობა მიიღეს ქეით ბლანშეტმა, რიჩარდ გირმა, ჰიტ ლეჯერმა, ქრისტიან ბეილმა და 13 წლის შავკანიანმა მსახიობმა მარკუს ფრანკლინმა.

2005 წელს ჰოლივუდში გადაიღეს სურათი „წინააღმდეგობის გადალახვა“, რომელიც ქანთრის ჟანრის მუსიკოს-შემსრულებელი ჯონი კეშის პირად მოგონებებზეა დაფუძნებული.

რაც შეეხება ელტონ ჯონისა და ლი ჰოლის თანამშრომლობას. რამდენიმეწლის წინ ამ ორმა პიროვნებამ ერთობლივი ძალებით მიუზიკლი „ბილი ელიოტი“ დადგა, რომელიც საფუძვლად დაედო 2000 წელს გადაღებულ ამავე დასახელების მხატვრულ ფილმს. ამ სურათის სცენარის ავტორი ლი ჰოლი იყო და 2000 წლის „ოსკარის“ ერთ-ერთ ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.