მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი

მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი

მიმდინარე წლის 19 აპრილს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართული აკადემიისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება. განიხილა რა წარმოდგენილი საექსპერტო მოხსენებები, აგრეთვე ევროკავშირის, აშშ-ს ადმინისტრაციისა და ვენეციის კომისიის მიერ ამ თემასთან დაკავშირებული განცხადებები და მოწოდებები, კონფერენციამ აუცილებლად ცნო მიეღო საგანგებო მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისადმი.

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება უკიდურესად მძიმეა. მასობრივად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ინფორმაციის საშუალებათა უზურპაციის, ელიტარული კორუფციის, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პრაქტიკის, ოპოზიციური აზრის დევნისა და სხვა ფაქტები ყოველდღიურ რეალობად იქცა. მნიშვნელოვნად იმატა პოლიტიკურ და უკანონო პატიმართა რიცხმა. აღნიშნული სრულად იქნა ასახული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამას ემატება ჩავარდნები საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ტერიტორიების დაკარგვა, მატერიალური ზარალი და ადამიანური მსხვერპლი.  

საერთაშორისო თანამეგობრობა მილიარდობით დოლარს ახმარს საქართველოს ეკონომიკური დახმარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროგრამებს, თუმცა სახელმწიფოს მართვის დამკვიდრებული ერთპიროვნული სტილი და მანკიერი მეთოდები კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს. 

საზოგადოებაში მატულობს ხელისუფლების რადიკალური მეთოდებით შეცვლის მომხრე პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა. დაგროვილი უკმაყოფილება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სერიოზულ გამოწვევად იქცევა არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონალური და საერთო-ევროპული სტაბილურობისათვის.

ხელისუფლება იძულებულია სრულად ან ნაწილობრივ ცნოს არსებული პრობლემები, თუმცა, არ გააჩნია რა მათი გამოსწორებისათვის საჭირო რესურსები, ერთი მხრივ, საზოგადოებას უტოპიურ ლოზუნგებს სთავაზობს, ხოლო მეორე მხრივ, გეგმაზომიერად უშლის ხელს პოლიტიკური ძალებისათვის კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.  

თავისი პოზიციის არგუმენტირებისათვის ხელისუფლებას მოჰყავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასება, როგორც „კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის მშენებლობის გზაზე“. რეალობაში კი საქმე გვაქვს არჩევნებისას გამოყენებული დაუშვებელი მეთოდების დახვეწასთან:

1.   ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დღემდე დაუდგენელია. სხვადასხვა მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში შეყვანილ, მაგრამ არარსებული ამომრჩევლების რაოდენობა დაახლოებით 1,000,000-ია, რაც არჩევნების ხელისუფლებისათვის სასარგებლო შედეგით დამთავრების წინასწარი პირობაა.

2.   საქართველოს პოლიცია პოლიტიზირებულია. არჩევნებისას მისი ძალისხმევა მიმართულია არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ საზოგადოებაზე ზემოქმედებისაკენ.

3.   ასევე პოლიტიზირებულია სასამართლო სისტემა, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია დარღვევების შესახებ წარმოდგენილი საჩივრების სამართლიანი განხილვა.

4.   ხელისუფლების მიერ შეუზღუდავად გამოიყენება ადმინისტრაციული და საბიუჯეტო, ისევე როგორც საერთო რესპუბლიკური მაუწყებლობის ელექტრონული მედია-რესურსები. დაუდგენელია ამ მედია-საშუალებების მფლობელთა ვინაობა და დაფინანსების წყაროები. ასევე ხდება სახელმწიფო რესურსებით ფინანსირებული საზოგადოებრივი ტელევიზიის რესურსების ექსპლოატაცია.

5.   ბიზნესზე სახელისუფლო ზეწოლა განაპირობებს არჩევნებისას ფინანსური შემოწირულობების სრულ კონცენტრაციას მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. 

ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას საქართველოს საზოგადოების, მისი მომვალი თაობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობისათვის შექმნილ საფრთხეებს, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს:

  1.    გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს საარჩევნო გარემოს გაუბჯობესების საკითხებზე კონსტრუქციული მოლაპარაკების მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ვერ აფასებს საპირისპირო მოქმედებების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებს, ან ხელისუფლების უზურპირების მიზნით თავად უწყობს ხელს ასეთი საფრთხეების შექმნას.  

2.   საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში მიღებული მეთოდების გამოყენებით დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, გადაუდებლად განაახლონ მოლაპარაკებები ოპოზიციური პარტიების ჯგუფთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე; უარი თქვან ამ პროცესის ჩაგდების, გაჭიანურების „სარეზერვო“ ანუ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ფსევდო-ოპოზიციური სუბიექტების შექმნის მცდელობებზე.

3.   ობიექტური შეფასება მისცენ ოპოზიციური „რვიანის“ მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე დაყენებულ მოთხოვნებს, საგანგებო ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მხრიდან ამ წინადადებათა უარყოფის მოტივაციის ობიექტურობას და საჯაროდ გამოხატონ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვონ მხარეებს მიმდინარე მოლაპარაკებებში თავიანთი საექსპერტო მონაწილეობა.

ამასთან, გამოვხატავთ უღრმეს პატივისცემას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისადმი.

 

                                                                                                                              19.04.2011