გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დღევანდელი მანქანების სამრეცხაო, ბენზინგასამართი სადგურის უკან) დიდი ჯვარი იდგა, რომელიც 1846 წელს აღიმართა. 1837 წელს აქ ამ ადგილას ეტლი გადატრიალდა, ხელმწიფე-იმპერატორი სიკვდილს გადაურჩა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, მადლიერმა ქართველებმა მოგვიანებით ჯვარი დადგეს, რომელსაც თბილისელები „ვერის ჯვარს“ უწოდებდნენ. მოედნის რეკონსტრუქციის პერიოდში ჯვარი ლავრენტი ბერიას ბრძანებით აიღეს.
ახლა არ იკითხავთ ვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვუხდიდით უფალს მადლობას?
1837 წლის ოქტომბერში თბილისში სტუმრად ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველისთვის, რომელსაც თანამედროვენი „პალკინსაც“ უწოდებდნენ მისი შეზღუდული განათლებისა და ჯოხის პოლიტიკის გამო. 1825 წელს, როდესაც ტაგანროგში მოულოდნელად გარდაიცვალა უმემკვიდრეოდ დარჩენილი, რუსეთის იმჟამინდელი საჭეთმპყრობელი ალექსანდრე პირველი, მომდევნო ძმამ კონსტანტინემ კარს მომდგარი რევოლუციის შიშით უარი თქვა ტახტის დაკავებაზე, ამ მისიის შესრულება ბოლოს წილად ხვდა ძმებში ყველაზე უმცროსს, ნიკოლოზს. მან ტახტზე ასვლისთანავე სისხლში ჩაახშო დეკაბრისტების აჯანყება და ქვეყანის მართვა რკინის ხელით დაიწყო.
ცნობილი რუსი ისტორიკოსი ევგენი ტარლე, თავის ერთ-ერთ წიგნში ჰყვება მოსკოვის უნივერსიტეტში ნიკოლოზ I-ის სტუმრობის შესახებ. როცა რექტორმა მას საუკეთესო სტუდენტები წარუდგინა, მათთან მოკლე საუბრის შემდეგ იმპერატორმა თქვა: “მე არ მჭირდება ჭკვიანები, მე მჭირდება დამჯერენი.“
ეს ის ნიკოლოზია, რომელსაც უნდოდა დამჯერედ ექცია პუშკინი, ასეთი მოპყრობის შედეგად პუშკინი დაიღუპა.
ყველა სიკეთესთან ერთად ნიკოლოზ პირველს გაუგონარი ცინიზმიც ახასიათებდა. რუსეთის იმპერატორი ამგვარად აწერდა სასიკვდილო ბრძანებებს ხელს: “იმსახურებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მადლობა ღმერთს, სიკვდილით დასჯა ჩვენში არ არის. გაატარეთ 12-ჯერ 1000 კაცის რიგში“ ე.ი. ორ რიგად დაწყობილ 1000 ჯარისკაცს დასჯილისათვის 12-12-ჯერ უნდა დაერტყათ შპიცრუტენი (სპეციალური წკეპლა).
ძნელი წარმოსადგენია ამ ჯოჯოხეთს თუ გადაურჩებოდა ვინმე.
მის ცინიზმზე ლაპარაკობს კიდევ ერთი ფაქტი:
1825 წლის 14 დეკემბერს პეტერბურგში, სენატის მოედანზე მოხდა დეკაბრისტების ცნობილი გამოსვლა. მეორე დღეს, რუსეთის დედოფალმა დღიურში ჩაწერა: “ოჰ უფალო! მარტო იმან, რომ ჩემი უძვირფასესი სიცოცხლე საფრთხეში იყო, საკმარისია ჭკუიდან შეშალოს ადამიანი. ღმერთო დიდებულო, რა საშინელი დღე იყო გუშინ?..“
მომდევნო წლის ივლისის 13-ში, პეტრე-პავლეს საპყრობილის ეზოში ჩამოახრჩეს დეკაბრისტთა ხუთი ბელადი: პ. პესტელი, ს. მურავიოვ-აპოსტოლი, კ. რილეევი, პ. კახოვსკი და მიხეილ ბესტუჟევ-რიუმინი. უკანასკნელ წუთს რილეევმა მღვდლის ხელი მიიდო გულზე და უთხრა: “გესმით, როგორ მშვიდად მიცემს გული?..“
როცა ჯალათმა ყულფჩამოცმულ გმირებს სკამები გამოაცალა ფეხქვეშ, მურავიოვს, რილეევსა და კახოვსკის თოკები გაუწყდათ და სახრჩობელის ქვემოთ გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ. მურავიოვმა შესძახა:
- უბედურო სამშობლოვ, ადამიანის ჩამოხრჩობის უნარიც კი არ შეგწევს.
სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ ნიკოლოზ I-მა სასწრაფო ბარათით აცნობა დედამისს: “ნაჩქარევად გწერ ორ სიტყვას ძვირფასო დედილო. მინდა გაცნობო, რომ ყველაფერი წყნარად და წესიერად ჩატარდა. საძაგლებს საძაგლად ეჭირათ თავი”.
1837 წლის ოქტომბერში, აი ასეთი „ძვირფასი“ სტუმარი გვეწვია ქართველებს თბილისში. მისი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის მონახულება და დათვალიერება. ჩამოსვლის მეოთხე დღეს იმდროინდელმა ქართველმა თავად-აზნაურობამ ნიკოლოზს გრანდიოზული აღლუმი მოუწყო მადათოვის კუნძულზე. იგი მდებარეობდა დაახლოებით იქ, სადაც ამჟამად დედა ენის ძეგლი და ჩოგბურთის კორტებია. ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. სწორედ მათ შორის მდებარეობდა კუნძული, რომელიც 1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად ორბელიანს უწყალობა. მე-19 საუკუნეში "ორბელიანების კუნძული" გენერალმა მადათოვმა შეისყიდა. ამ ადგილს ამიტომ ეწოდებოდა მისი სახელი. მოგვიანებით, როცა მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოაქციეს ეს კუნძული თბილისელთა დასასვენებელ ადგილად იქცა..
მადათოვის კუნძულზე მოწყობილი აღლუმის შემდეგ ნიკოლოზ პირველს წვეულება გაუმართეს. სადაც თავმოყრილი იყო ქართველი არისტოკრატიული საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენლობა. მათ შორის მანდილოსნები, რომლებიც თავიანთი სილამაზით ბრწყინავდნენ. ამ მანდილოსნებში ერია მაიკო ორბელიანიც, ქალი რომლის სილამაზეზე პოეტები ლექსებს წერდნენ, ხოლო მხატვრები შედევრებს ქმნიდნენ. ამ წვეულებაზე დიდად ნასიამოვნებ და გამხიარულებულ იმპერატორს, იმხანად ძალზე მოდური „პოლონეზიც“ კი უცეკვია ჯერ სილამაზით განთქმულ მართა სოლოღაშვილთან, ხოლო შემდგომ, იმდროინდელი ქალაქის მოურავის – სარაჯიშვილის მეუღლესთან. ლხინიდან ნიკოლოზ პირველი გააცილეს და მოსასვენებლად წაიყვანეს.
იმპერატორს ის ღამე მისთვის საგანგებოდ მოწყობილ კოჯრის ციხეში გაუთევია. სწორედ ამ ციხეში, დიდად ნასიამოვნებ იმპერატორს, ქართველმა თავადებმა ქალწული მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული ორბელიანი მიჰგვარეს.
ვიკითხოთ მაინც ვინ იყო ამ სამარცხვინო საქმის ინიციატორი. ვის ეკუთვნოდა ეს იდეა, ნიკოლოზ პირველის მოსასვენებელში მაიკო ორბელიანის მიგვრისა?
ისტორიკოს გ. საითიძის ვარაუდით, მისი ადრესატი, ცნობილი პიროვნება – ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონია (1809-1895). „დაუნდობელი და მედროვე კაცი. მას დამთავრებული ჰქონია პეტერბურგის პაჟთა კორპუსი, ანუ ის სასწავლებელი, სადაც სამეფო სახლის შვილებიც სწავლობდნენ. ეს იყო უმაღლესი რანგის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი სასწავლებელი. იგი პირადად იცნობდა ნიკოლოზ პირველს, რომელიც მას თურმე „ჩემს ცელქს“ („მოი შალუნს“) ეძახდა.“
– მაგრამ რატომ იქცა იმპერატორის მსხვერპლად მაინცდამაინც მაიკო ორბელიანი? იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, როგორც ობოლი დაუცველი აღმოჩნდა. იგი გახლდათ ცნობილი საგვარეულოს, იმ დროისთვის კი გაღარიბებული, თავად ქაიხოსრო ორბელიანის ასული. იმ ქართველი თავადებიდან კი, რომელთაც ამ დაბნეულ ახალგაზრდა ქალს ასეთი საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინეს, მათი უმრავლესობა კარგად იცნობდა და ნათესავადაც ერგებოდა ქაიხოსრო ორბელიანს - მაიკოს მამას. სანამ იგი ცოცხალი იყო, ერთადაც ხშირად რომ ქეიფობდნენ და ერთმანეთს ძმობა-ერთგულებასაც ეფიცებოდნენ. სწორედ ამ საახლობლო წრემ გადაწყვიტა მაიკო ორბელიანი მიეგვარათ საძინებელ ოთახში იმპერატორისათვის. თავად კი, ცხადია მეჯლისის შემდეგ ნადიმსაც გამართავდნენ იმპერატორის კმაყოფილებით კმაყოფილები.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ იმ დღეს „პალკინის“ ყურადღება მხოლოდ მაიკო ორბელიანზე არ შეჩერებულა, წვეულებაზე არაერთი ულამაზესი წარჩინებულ ქართველი ქალი გამოირჩეოდა. ამ წვეულების ერთ-ერთი მონაწილე გენერალ-მაიორი სტიშინსკი, თავისი ქართველი მეგობრის, ჭილაევისადმი (ჭილაშვილი) გაგზავნილ წერილში მიუთითებს: ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე განსაკუთრებით ბრწყინავდა სამი ქალი: გრაფ სიმონოვიჩის ასული, უკვე დაქვრივებული ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა და მაიკო ორბელიანი, რომელიც „ძალიან საინტერესოდ და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, როგორც წვნიანი და ტკბილი ფორთოხალი“.
ამ დროისთვის მაიკო სავარაუდოდ 20-21 წლის უნდა ყოფილიყო. ვამბობთ სავარაუდოდ, რადგან მისი დაბადების თარიღი დღემდე სადავოა. ზოგიერთნი მის დაბადების თარიღად 1817 წელს მიიჩნევენ, ზოგიერთნი კი – 1818 წელს.
მამამისი, ქაიხოსრო ორბელიანი ეფემია ორბელიანის, ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ნიკოლოზს და მაიკოს გარდა ნათესაობისა დიდი მეგობრობაც აკავშირებდათ. მათი მიმოწერებიც არსებობს. ერთგან ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი წერს: „საყვარელო დაო, მაიკო, ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ არც შენ უყვარხარ ჩემსავით ვისმე (ერთს მეტს)“.
ის ერთი კი, ვისაც მაიკო ორბელიანი დიდი სიყვარულით უყვარდა, იყო ტატო ბარათაშვილის მეგობარი და კლასელი, ლევან მელიქიშვილი. ლევანი იყო მაიკოს ოფიციალური საქმრო. ეს იცოდა მთელმა თბილისის საზოგადოებამ. წყაროების მიხედვით მათ დაქორწინება გაუჭიანურდათ, რადგან ორივენი გაღარიბებული ოჯახიდან იყვნენ. ლევანს მაიკო დანიშნული ჰყავდა და ჰქონდათ დიდი სიყვარული.
ამ შეურაცხყოფამ მაიკო ორბელიანს ცხოვრების ხალისი დაუკარგა. ის დაავადდა. მისი სატრფო ლევან მელიქიშვილი დაწინაურდა სამხედრო სამსახურში და გადაიყვანეს ნახჭევანის ოლქის მმართველად, სადაც კანცელარიაში სამუშაოდ წაიყვანა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს ცალკე ისტორიაა. ლევანი, ამის შემდეგ, კიდევ დაწინაურდა. როცა მან მაიკოს ავადმყოფობა შეიტყო, დაქორწინება შესთავაზა. მაიკომ ცოლობაზე უარი უთხრა გულის სწორს. როგორც შერცხვენილმა, ჯვრისწერისა და ქართული გვირგვინის ღირსად აღარ ჩათვალა თავი, მაგრამ ლევანისგან მაინც გააჩინა შვილი. მაიკოს მდგომარეობა სულ უფრო გართულდა. 1849 წელს იგი ჭლექით გარდაიცვალა გულმოკლული. სიკვდილის წინ მასზე ზრუნავდა და თავს დასტრიალებდა ლევან მელიქიშვილი. ის სამსახურიდან საგანგებოდ ჩამოვიდა. როდესაც ლევანს შვებულება გაუთავდა, ტელეგრამა გაგზავნა: მაიკო ცუდად არის და ამ მომენტში ვერანაირად ვერ მივატოვებო.
მოგვიანებით, ლევან მელიქიშვილი ისევ ორბელიანის ქალზე, ალექსანდრაზე დაქორწინდა. ალექსანდრამ თავისი ინიციატივით მაიკოს დაობლებული შვილი იშვილა. ამის შემდეგ, მას ლევანთან კიდევ სამი ვაჟი შეეძინა. 1881 წელს გენერალ-ლეიტენანტი ლევან მელიქიშვილი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი 1892 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა და დასაფლავებულია მამა დავითის ეკლესიაში.
რაც შეეხება რუსეთის იმპერატორის „შალუნს,“მისი ცხოვრება ასე წარიმართა: „ივანე მუხრანბატონი იმავე ხანებში, როდესაც მაიკო გაუბედურდა, არჩეულ იქნა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღვრად, ანუ მარშლად. მაშინ სამი წლის ვადით ირჩეოდნენ ასეთ თანამდებობაზე. ივანე მუხრანბატონი კი, ცხრაჯერ იქნა არჩეული ზედიზედ, ანუ 27 წლის განმავლობაში უცვლელად წინამძღოლობდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას“.
როგორც მისი განვლილი გზითაც ჩანს, მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ივანე მუხრანბატონი ერთობ მოხერხებული კაცი ყოფილა, რომლისთვისაც მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზა იყო მისაღები. როდესაც მან მუხრანში სახლის მშენებლობა დაიწყო, მას ამ სოფელში სულ ორი გლეხი ჰყოლია: ერთი კარაპეტოვი და მეორე მამულაშვილი. დანარჩენები დიღომში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, კი თითქმის მთელი მუხრანი დაიკავა.
მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 მუხრანბატონმა საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა. 1882 მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო “Officier du mérite agricole” უბოძა. დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია შატო მუხრანი.
რაც შეეხება, თბილისიდან პეტერბურგში დაბრუნებულ რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ პირველს, რომლის სახელიც ისტორიაში ცნობილია, კიდევ, როგორც „სისხლიანი“, ანუ „ნიკოლოზ კროვავი“, მას უთქვამს: საქართველოში ისეთი მიღება მომიწყვეს, როგორსაც მხოლოდ მოსკოვში მიწყობენ ხოლმეო.
ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ იმპერატორმა 1832 წლის აჯანყებულები დასაჯა, რომელშიც მაშინდელი ნაღები და ღირსეული საზოგადოება იყო გარეული. თავად ნიკოლოზ ბარათაშვილიც კი, რომელიც მაშინ წლოვანებით პატარა იყო, ისე იყო გამოწყობილი ქართულ ტანსაცმელში, რომ ნიკოლოზ პირველს ძალიან მოსწონებია და უთქვამს: “შენ ჩემი ორდინარეცი ხარ”-ო.
იმპერატორი წავიდა, მაიკო კი შერცხვენილი დარჩა, რომელსაც ეს გატარებული ღამე გატანჯული სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რას ვიზამთ, სხვა ქვეყნებშიც მომხდარა მსგავსი რამ, ასეთ სამარცხვინო ისტორიებს მეტ-ნაკლებად ყველგან წააწყდები. მაგრამ ჩვენი შემთხვევისთვის შესადარებლად უფრო პოლონეთი გამოდგება, ისიც მისი წარსულიდან ის დრო, როცა პოლონელი ხალხი ჩვენსავით დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ამას კი ჩვენგან სულ ცოტა 200 წლით დაშორებულ დროში გადავყავართ. ეს არის XIX საუკუნის დასაწყისის ევროპა, რომელსაც მხოლოდ ნაპოლეონის სახელი ეკერა პირზე. მას ზოგი შიშით, ზოგი სიძულვილით, ზოგიც მოწიწებით წარმოთქვამდა. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ მან არსებითად შეცვალა მაშინდელი ევროპის რუკა.
მისმა ხმაურიანმა გამარჯვებებმა თავისუფლებადაკარგულ პოლონელებს ქვეყნის გამთლიანების და ფეხზე დაყენების იმედი ჩაუსახათ. ამ დროისათვის პოლონეთი 1772, 1793, 1795 წლებში მეზობელი ქვეყნების მიერ სამჯერ განაწილების შედეგად სულს ღაფავდა. ამიტომაც იყო, რომ როცა ნაპოლეონი პოლონეთს ეწვია, მას მოწიწებით შეხვდნენ, რადგან მასში მხსნელს ხედავდნენ, რომელსაც შეეძლო, პოლონეთის უძველესი სამეფოსთვის დამოუკიდებლობა დაებრუნებინა. ნაპოლეონის პატივსაცემად გამართულ მეჯლისზე მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატეს ულამაზესმა ქალბატონებმაც. უმშვენიერესი სქესის უბადლო დამფასებელი მხედართმთავარი თავდაჯერებული ღიმილით ისმენდა ქათინაურებს და პოლონეთის არისტოკრატიაში თავის ახალ მსხვერპლს ეძებდა. უეცრად, დარბაზის სიღრმეში მან შენიშნა ქერათმიანი, მომხიბვლელი უცნობი ქალი და იკითხა, – ვინ არის? – მარია ვალევსკაია, მოხუცი გრაფის ახალგაზრდა მეუღლე ვალევიცედან, – მიუგეს.
მარია გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში დაიბადა და 16 წლის იყო, როდესაც 68 წლის გრაფმა ვალევსკიმ ითხოვა... მეჯლისზე იგი მეუღლესთან ერთად გამოცხადდა და ერთ-ერთ სვეტთან გაჩერდა. პოლონელი არისტოკრატიის ყურადღება ნაპოლეონისკენ იყო მიმართული. მხედართმთავარი კი მარიას თვალს ვერ აშორებდა.
მეორე დილით მარიამ ვარდების მდიდრული თაიგული და პატარა ბარათი მიიღო: “მე მხოლოდ თქვენ გხედავდით... აღფრთოვანებული ვარ და მხოლოდ თქვენ მინდიხართ. მიპასუხეთ დაუყოვნებლივ და ნაპოლეონის ვნება დააოკეთ!' თუმცა, იმპერატორის კურიერი გრაფი ვალევსკის სასახლიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ნაპოლეონმა ისევ კალამი აიღო და მეორე ბარათი მისწერა. მაგრამ, ამაოდ. მარია გულგრილი აღმოჩნდა უდიდესი დამპყრობლის მიმართ, რომელიც ემუდარებოდა, “მისი საცოდავი გული მცირეოდენი სიხარულით და ბედნიერებით დაემშვიდებინა'. იმპერატორმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო ვალევსკაიას წინააღმდეგობა გაეტეხა, როდესაც მას სიყვარულზე მეტს დაჰპირდა – მან მიანიშნა, რომ კეთილგანწყობის სანაცვლოდ პოლონეთს დამოუკიდებლობას მისცემდა.
“სასოწარკვეთილი ვარ... მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ის სიცარიელე, რაც ჩვენს შორისაა. ოოო, მოდი, მოდი! თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც ისურვებთ. თქვენი სამშობლო ყველაზე ძვირფასი იქნება ჩემთვის მას შემდეგ, რაც ჩემს საცოდავ გულს დაიპყრობთ. ნ.'
ხერხმა გაჭრა. თუმცა, ვალევსკაიამ მსხვერპლი სიყვარულის გამო კი არა, პოლონეთისთვის გაიღო. ამისკენ კი როგორც მას ისე მის ქმარს, რომ მიეცა ცოლისთვის თანხმობა, პოლონელმა დიდგვაროვნებმა უბიძგეს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენის შანსს მხოლოდ ამ კავშირში ხედავდნენ.
მარიამ ნაპოლეონს პასუხი მისწერა და აღელვებულმა იმპერატორმაც მას დაუყოვნებლივ გაუგზავნა ეტლი. მისი მომლოდინე მხედართმთავარი ადგილს ვერ პოულობდა, კაბინეტში ბოლთას სცემდა მანამ, სანამ სასახლესთან მდიდრული ეკიპაჟი არ გაჩერდა. მის წინაშე შეშინებული და ნამტირალევი ვალევსკაია იდგა. თუმცა, იმპერატორს მისი მორჩილება და თავშეკავებულობა ნაზ გრძნობებს უღვიძებდა. იგი საუბრობდა სიყვარულზე, ეფიცებოდა, მაგრამ პირველმა პაემანმა შედეგი ვერ გამოიღო. განთიადზე ნაპოლეონმა მარიამი გაუშვა და ალერსიანად გამოემშვიდობა. თუმცა, სულ მალე ვალევსკაია მხედართმთავრის საძინებელში აღმოჩნდა.
მეორე დღეს ვნებაჩამცხრალი ნაპოლეონი იტყვის: „პოლონეთს პოლონელები ფანტაზიით მართავენ..“
იქნებ ჩვენ შემთხვევაშიც ფანტაზიამ დაგვიბნელა გონება და სასურველი რეალობად წარმოვიდგინეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ ეს რა დროა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. 1832 წლის შეთქმულთა წარუმატებელმა მცდელობამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ქვეყანაში დეპრესია გაამეფა. მიუხედავად იმისა, რომ ცარიზმი მაინც ლმობიერად მოექცა ამბოხებულებს, რადგან ამით აღმოსავლეთის ქრისტიანი ხალხის მფარველის იმიჯს გაუფრთხილდა, შედეგი მაინც მძიმე გამოდგა. 38 შეთქმული დააპატიმრეს. მრავალი მათგანი რუსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს. სოლომონ დოდაშვილმა ვიატკაში დაასრულა სიცოცხლე. ამიტომ რა გასაკვირია, რომ დაშინებული იყო მაშინდელი თავადაზნაურობა. ისინი უკვე არ იყვნენ, ის ადამიანები რომლებსაც ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სამშობლოსთვის უძგერდათ გული და მზად იყვნენ მისთვის უყოყმანოდ სიცოცხლეც კი გაეწირათ. დარჩენილები და გადარჩენილებიც უკვე საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდნენ, მათ მხოლოდ ჩინ–მენდლებზე ეჭირათ თვალი. ზოგიერთ მათგანს გულწრფელად სჯეროდათ, რომ მხოლოდ იმპერიის მიმართ ერთგული სამსახურით შეძლებდნენ დაწინაურებას და ამით თავის დაბეჩავებულ ქვეყანასაც უშველიდნენ. რა იყო ეს – ადამიანების უღირსი საქციელი, როგორც ამას 60-იანელები მიიჩნევდნენ თუ ამჯერად უკვე სხვა გზის არჩევა, არა ბრძოლის, არამედ ცარიზმისადმი ერთგულების დემონსტრირების, რათა სამშობლოს ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მოეპოვებინათ. მაგრამ ვაი, რომ მათი მცდელობა და მათ შორის ქართველი ქალის თავგანწირვაც საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ არათუ უშედეგო, სამარცხვინო აღმოჩნდა.