რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში გამოქვეყნდა მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოღვაწე სასიამოვნო გარეგნობის მქონე ადამიანების ტრადიციული „ტოპ-ათეული“. საინტერესოა, რომ ამ ნუსხაში, „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე მამაკაცი მსახიობიც აღმოჩნდა.
მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ამ რეიტინგის სათავეში უბერებელი და მუდამ მშვენიერი ჯულია რობერტსი მოექცა. ამერიკელი ჟურნალისტების აზრით, ჯულიას გარეგნული მონაცემები მშვენივრად უსვამს ხაზს მის სულიერ სილამაზეს.
ფილმი „ავატარი“ ერთი პერიოდი მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერი იყო. ამ სურათმა არნახული პოპულარობა მოუტანა მასში დაკავებულ მსახიობებს, მათ შორის აღმოჩნდა ზოი სალდანაც. ეს ქალბატონი მსოფლიო ლამაზმანთა სიაში მეორეა.
სკარლეტ იოჰანსონმა ბოლო თვეების განმავლობაში პირადი ხასიათის რამდენიმე უსიამოვნება გადაიტანა, მაგრამ ჩვეულ „სპორტულ ფორმას“ მაინც არ ღალატობს. „შეიღებეთ ტუჩები წითელი პომადით და ნუ იტყვით უარს საყვარელ სენდვიჩებზე“, – ასეთი სახის განცხადება გააკეთა სკარლეტმა ქმართან განშორებიდან ორიოდე კვირის შემდეგ. ჟურნალისტები მისი სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოებით დაინტერესდნენ. პასუხიც ორიგინალური მიიღეს.
მეოთხე პოზიციაზე „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენელი ჯეიკ გილენჰაალი აღმოჩნდა. ჯეიკი მრავალი გოგონას თაყვანისცემის ობიექტია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უბრალო ჭაბუკად რჩება. განსაკუთრებით უყვარს გემრიელი კერძების მომზადება და მეგობრების გამასპინძლება.
მეხუთე საფეხურზე მშვენიერ ჯენიფერ ენისტონს ვხვდებით. „თავს მართლაც ლამაზად ვგრძნობ, როცა გულიანად ვიცინი ახლო მეგობრების წრეში, რომლებსაც ვუყვარვარ და მაფასებენ. სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში კი კარგი მასაჟი და ხილის წვენი მეხმარება“, – განაცხადა ბედნიერმა ჯენიფერმა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ულამაზესი ადამიანების სიაში აღმოჩნდა.
მეექვსე მზეჭაბუკი ბრედლი კუპერია. ჟურნალისტებმა მას ვერ მიაგნეს და ამ აღიარებასთან დაკავშირებით მისი აზრი ვერ შეიტყვეს.
მეშვიდე საპატიო ადგილი მომღერალმა ქეით პერმა დაიკავა. მის ქეითი ამჟამად ძალიან დაკავებულია, რადგან 13 თებერვალს მუსიკალური „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის მიუხედავად რამდენიმე სიტყვა მაინც არ დაინანა. „ადრე სარკეშიც კი ვერ ვიხედებოდი, თუ სახეზე ტონა კოსმეტიკა არ მესვა. საბედნიეროდ, ჩემმა მეუღლემ, რასელ ბრენდონმა (ბრიტანელი კომიკოსი) მაგრძნობინა, რომ ბუნებრივადაც მშვენიერი ვარ – ის განუწყვეტლივ მიმეორებს, ამქვეყნად ულამაზესი ხარო“.
ერთ დროს ამ სახის გამოკითხვების პირველი სამეულის უცვლელი წევრი ჯენიფერ ლოპესი ამჯერად მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.
მეცხრე მსახიობი ჯესიკა ზორია. ამერიკაში ის ცნობილი გახდა სერიალიდან „ჭორიკანა“. მას მუდმივად იწვევენ მოდური ბრენდების რეკლამებში და თანამედროვე კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მომხიბლავ მსახიობადაც მიიჩნევენ.
საპატიო ათეული კი მსახიობმა რობერტ პატისონმა დახურა. თავის დროზე მომხიბლავი ვამპირის როლის განსახიერებამ მას ცუდი სამსახური გაუწია. „როცა ხალხი გრიმის გარეშე მხედავს, ხშირად უკვირთ და მეუბნებიან – „ბიჭოს, რა კარგად გამოიყურები, ჯანმრთელი და ნორმალური იერი გაქვს“.