იოკო ონოს აღიარება

იოკო ონოს აღიარება

ცნობილმა მხატვარმა და ჯგუფ „ბითლზის“ წევრის, ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ ახალი აღიარება მოიპოვა. ქალბატონი იოკო ერთხელ უკვე იყო გამორჩეული, როდესაც  2009 წელს  ვენეციური ბიენალეს საპატიო „ოქროს ქანდაკება“ გადაეცა. ეს პრიზი მას ხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ერგო.

იაპონიაში მდებარეობს ქალაქი ჰიროსიმა, რომლის ხელოვნების ცენტრი სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის სხვადასხვა პიროვნებებს აჯილდოებს. თავის დროზე „ჰიროსიმას ხელოვნების ცენტრის“ ლაუერატები გახდნენ მხატვარი რობერტ რაუშენბერგი, არქიტექტორი დანიელ ლიბესკინდი და კუტურიე ისეი მიაკე.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჰიროსიმას თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მორიგი პრეს-რელიზი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო, ამჯერად იოკო ონოს გადაეცემა. ეს პატივი ონოს თანამედროვე ხელოვნებაში დიდი ღვაწლისათვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში გაწეული წვლილისათვის ერგო.

იოკო ონო მსოფლიოში კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ამის გარდა, თავის დროზე დიდ წარმატებებს მიაღწია, როგორც კინორეჟისორმა და მწერალმა.

იოკო ონოს დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ჰიროსიმაში, 2011 წლის ივლისში გაიმართება.

ჯონ ლენონის ქვრივი მეტად დაკავებულია, რადგან საკუთარი ავტობიოგრაფიის წერას შეუდგა. მასში დეტალურად იქნება განხილული მისი ურთიერთობა როგორც ჯონ ლენონთან, ასევე ანსამბლ „ბითლზის“ დანარჩენ წევრებთან. თავის დროზე, იაპონელ ქალბატონს ბრალს სდებდნენ, რომ მან ხელი შეუწყო ჯგუფის დაშლას. საკუთარ მემუარებში იოკო ონო შეეცდება, რომ ეს მოსაზრება გააბათილოს და ჯგუფში წარმოშობილი განხეთქილების ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრებს. ეს ავტობიოგრაფია დღის სინათლეს 2015 წლის დასაწყისში იხილავს.