ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მილიონი წლის წინ მტკვარი მამა დავითის ქედის სიმაღლეზე მიედინებოდა, მოგვიანებით მტკვარმა ჩაჭრა მყიფე, არამდგრადი გრუნტი და დაბლა ჩავიდა. ადვილად ეროზირებად გრუნტში დაიწყო მეწყერული პროცესის განვითარება. არამდგრად ქანებზე აშენებული თბილისის მდგომარეობა კი, კიდევ უფრო დაამძიმა თბილისური ე.წ. „ცათამბჯენების“ აშენებამ.
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გარემოს დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე For.ge-სთან საუბარს შორეული წარსულიდან იწყებს, როცა მტკვარი დღევანდელ ნიშნულზე ბევრად უფრო მაღლა მიედინებოდა.
13 ივნისის ტრაგედიას არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანი უსწრებდა: საბჭოთა პერიოდში მდინარე ვერეს ხეობა არაერთგზის დაიტბორა, 4 ივნისს კიდევ ერთი განგაშის ნიშანი იყო ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განადგურება. თუმცა ამ მოვლენებს გაცილებით ადრეული წინარე ისტორია აქვს, რაც წყლის მთავარ არტერიას - მდინარე მტკვარს უკავშირდება.
- ეს პროცესი მილიონი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ადრე თბილისის ტერიტორია მთაგორიანი გახლდათ, მახათას და მამა დავითის ქედების სიმაღლეზე მოდიოდა მტკვარი. ეს არის 620 მეტრის სიმაღლე, მაგრამ, რადგანაც მტკვარს აქ შეხვდა არამდგრადი ქანები, ძალიან სწრაფად დაიწყო მდინარემ ხეობის ჩაჭრა და შექმნა ღრმა კანიონი. ეს ხეობა დაახლოებით 400 და 500 მეტრის სიღრმისაა. წარმოიდგინეთ, 620 მეტრს 400 მეტრი რომ გამოვაკლოთ, სწორედ ამხელა მონაკვეთის ჩაჭრა მოხდა. როდესაც ჩაიჭრა მდინარე, მისი კალთები (ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთა) ეროზიის ქვეშ მოექცა. წელიწადში 540 მილიმეტრის ოდენობით ატმოსფერული ნალექები მოდიოდა, ამიტომ მოხდა ამ კალთების ეროზირება, ჩაჭრა და ხევების თუ პატარა მდინარეების წარმოქმნა, რამაც ძალზე დაასუსტა ეს ადგილები. ფაქტობრივად, აქ დიდი კანიონებია, ამიტომ ცხადია, ასეთ სენსიტიურ თიხებში, ქვიშაქვებში წარმოიშვა უამრავი მეწყერი, რომელიც უკვე ათასეული წლებია, არსებობს.
ე.წ. სითბური კუნძულების თაობაზე რას გვეტყვით, რაც თბილისში გაჩაღებულმა მშენებლობამ და მაღლივმა შენობებმა წარმოქმნა და, რამაც დედაქალაქის ფონი დაამძიმა?
- რა თქმა უნდა, ეს არის ეკოლოგიის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალიან გაუარესდა თბილისში. ადრე თბილისში ყველაზე მაღალ სახლებად 4-5-სართულიანი შენობები ითვლებოდა, შემდეგ გმირთა მოედანზე აშენდა 11-სართულიანი სახლი, მერე მტკვრის ხეობაშიც აშენდა 20-სართულიანი, ახლა 32-სართულიანი სახლები მიემატა თბილისს და ყველა ეს სახლი აშენდა ქალაქის ცენტრში. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ტექნოგენური დატვირთვაა, ეს მაღალი სახლები არ აძლევენ ჰაერის ნაკადებს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. პირიქით, ხდება კონვექციური დინება ამ მაღალი სახლების გარშემო. დიდი გამონაბოლქვის გამოც წარმოიქმნა სითბური კუნძულები ქალაქის ცენტრში. ამის გამო გაიზარდა კოკისპირული წვიმების ხანგრძლივობა. თუ ადრე კოკისპირული წვიმები სულ რაღაც 15-20 წუთში, ნახევარ საათში, მაქსიმუმ, ერთ საათში თავდებოდა, იმ ტრაგიკულ ღამეს ექვსი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მოდიოდა კოკისპირული წვიმა, რის გამოც მთელი წლიური - 540 მილიმეტრი ნალექის მეოთხედი მოვიდა ამ რამდენიმე საათში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ვერეს ხეობა და მეწყერული ხეობები, რადგან კოკისპირული წვიმების ეპიცენტრი სწორედ ვერეს ხეობის თავზე იყო. წვიმამ დაალბო, დაასველა, დაამძიმა მეწყერი. ასე რომ, როცა დაიწყო თბილისის განაშენიანება, ამ განაშენიანებით დამძიმდა მეწყერების მდგომარეობა. მეწყერი როდის მოდის აქტიურ მდგომარეობაში? როდესაც მას ძირს გამოუთხრი და, როცა ის მძიმდება. როგორც წესი, მეწყერი მძიმდება ატმოსფერული ნალექებით და სახლებით.
არის ქალაქები, სადაც როცა შენიშნეს, რომ ბუნების კანონზომიერება ირღვეოდა, საერთოდ აიკრძალა ავტომანქანების გადაადგილება. ფაქტობრივად, სატრანსპორტო არტერიის გაყვანას შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, გავჭერით კლდე ვაკე-საბურთლოს გზაზე, მდინარე მოვაქციეთ გოფრირებულ მილში, გავაკეთეთ ესტაკადა... გამოსავალი მანქანების შემცირებაა?
- მანქანების შემცირება კარგია, მაგრამ აქ უპირველესი პრობლემაა, რომ მდინარე ვერე უნდა გათავისუფლდეს ამ გვირაბებისგან. იცით, რომ გმირთა მოედანი დიდ გვირაბზე მდებარეობს? თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი გზა შედის და გამოდის გმირთა მოედანზე და ქვეშ კიდევ მას წყალი აქვს, გვირაბი აქვს, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მდინარე ვერეს უდიდესი ნაწილი გვირაბებში მოაქციეს, აქეთ კიდევ ვარაზისხევი და სახლებია, იქვე ზოოპარკი ააშენეს ჭალაში. ეს დიდი უპასუხისმგებლობაა, ეს უცოდინრობის მწვერვალია.
ვაკე-საბურთალოს კლდეს რაც შეეხება, ეს არტერია საჭიროა, მაგრამ ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებაში ყოველ ჩარევას აქვს დადებითიც და უარყოფითიც. ეს უნდა შეფასებულიყო, იქნებ, სხვა გზა მოენახათ და არ გაეჭრათ ეს კლდე?! კლდის გაჭრა იმდენად არაა პრობლემატური, რამდენადაც კლდის ქვეშ გვირაბში მდინარის გატარება. როდესაც მდინარე ვერე მოაქციეს რამდენიმე გვირაბში, პირველი გვირაბი - ანუ მთავარი გვირაბი სწორედ სვანიძის ქუჩასთან არის. ეს ყველაზე არასწორადაა გაკეთებული. ეს მოხდა საბჭოთა პერიოდში. უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ თბილისი მდებარეობდა არამდგრად ქანებზე, თიხის, ქვიშა ქვების შუა შრეებით, რომლებიც დამეწყრილია. განსაკუთრებით, დიდი მეწყერია მდინარე ვერეს ხეობაში. დიდმა მეწყერმა, რომელიც ახალდაბა-ბეთანიის გზაზე მოხდა 13 ივნისის შუაღამეს, გამოიწვია ამ გვირაბის ჩახერგვა. მილიონობით ტონა კუბური მეტრი მიწის მასების მოწყვეტა მოხდა, რომელიც ჩამოვიდა ხეობაში, თავის ხეებიანად, თვითონ ვერეს ხეობა დაბინძურებულია, ეს ყველაფერი მიაწყდა გვირაბს, რომელიც ჩაიხერგა.
1962 წელს ცნობილი ჰიდროლოგისა და ჰიდროენერგეტიკოსის გივი სვანიძის სასწავლო ჰიდრომეტეოლოგიური ლაბორატორიის აშენება რამდენად გონივრული იყო სტიქიის პირველ ზონაში? ეს ლაბორატორია სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით ამას მოჰყვა საცხოვრებელი სახლები. სვანიძის ქუჩაზე მდებარე ხორცპროდუქტების ქარხნის აშენება გამართლებული იყო?
- ასეთი ნებართვების გაცემაში არ მონაწილეობენ გეოლოგები, ან არ აძლევენ მათ ამის საშუალებას, ან ფიქრობენ, რომ ეს არ არის საჭირო. ეს არის ინჟინერ-გეოლოგის საქმე და არა მარტო კლიმატოლოგის და ამინდის ბიუროს სპეციალისტის. არამდგრადი გრუნტი რომ არის, ეს არ იცის კლიმატოლოგმა. მდინარის ჭალაში რომ არ შეიძლება მშენებლობა, ესეც არ იციან. მდინარის ჭალაში არავითარი მშენებლობა არ შეიძლებოდა. ეს ქრესტომათიულია, ამას ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, შეიძლება მხოლოდ ტერასაზე აშენება, რომელიც მდებარეობს ჭალიდან მაღლა. ეს ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები კი ჭალაშია განთავსებული. ეს არის დიდი შეცდომა. მშენებლობებზე ნებართვების გაცემა არა მარტო საბჭოთა პერიოდში, მის შემდეგაც გრძელდებოდა. შესაძლოა, იქ საკვლევი სადგურის აშენება საჭირო იყო, მაგრამ არა იმ ადგილზე. ის უნდა აშენებულიყო პირველ ტერასაზე, დანარჩენი ნაგებობებიც პირველ ტერასაზე უნდა აშენებულიყო, ქვევით არ შეიძლებოდა. ახლა რა მოხდა, მდინარე ვერემ წლები გვაცალა და შემდეგ თავისი ტერიტორიები უკან დაიბრუნა, წითელი ხაზები გაგვივლო და გვითხრა, ეს ჩემია და აქ მშენებლობა არ შეიძლებაო.
საერთოდ, თბილისის გაშენება ეროზირებულ ქანებზე გონივრული იყო?
- თბილისის აქ გაშენება შეცდომა არ იყო, მაგრამ შეცდომა დაუშვეს, როცა მდინარე მტკვრის შენაკადები მოაქციეს გვირაბებში. ეს არის მდინარე ვერე, ვარაზისხევი, დაბახანის ხევი, სუყველა ხევი მოაქციეს გვირაბში.
მაგრამ მოგვიანებით დაბახანა ხომ გაათავისუფლეს ამ მარწუხებიდან?
- დიახ, ბეტონი მოხადეს და მან რეკრიაციული დატვირთვა მიიღო. კარგია, რომ ასე გაკეთდა, მაგრამ იქაც, ზემოთ მეწყერებია ხეობაში. არა მარტო ეს ადგილები, საერთოდაც, თბილისის გარეუბნებში და თვითონ თბილისში 60-მდე მეწყერია. ავიღოთ ვაკის ცნობილი მეწყერი, რომელიც მარჯვენა კალთებზეა. იცით, ამ მიდამოებში როგორი ურბანული მშენებლობა მიმდინარეობს? ატენის ქუჩიდან შესულნი არიან და ამ მეწყრულ სხეულზე სახლებს ქვევით აშენებენ და აშენებენ. ეს დაუშვებელია.
ატენის ქუჩაც ერთ-ერთი რისკის ზონაა?
- რა თქმა უნდა, ამისთანა რისკის ზონა რამდენიმეა. ამჟამად თბილისში ყველაზე აქტიური მეწყრული ზონებია - მთაწმინდის მთის ჩრდილოეთ ფერდობი, იმავე მამა დავითის მთა, ნუცუბიძის პლატო, მუხათგვერდის მთის ფერდობები, მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპიროს გაყოლებაზე არსებული დიდი ტერიტორია, დაწყებული თამარაშვილის ქუჩიდან ვარაზისხევამდე. ეს არის ვაკის მეწყერი; სოფელ გლდანის მახლობლად, სადაც არის ხევძმარის ხეობა და სხვები. დიდი შეცდომა დაუშვეს შევარდნაძის დროს, რაც გაგრძელდა სააკაშვილის და ახალი მთავრობის პერიოდში. 2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოვალეობაში აღარ შედის ქალაქ თბილისის ტერიტორიის შესწავლა-ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობის კუთხით. არადა, ეს სააგენტო იკვლევდა მეწყერებს და იძლეოდა რეკომენდაციებს.
60-იან წლებში სწორედ ადიდებული ლეღვთახევი (დაბახანა, იგივე წავკისის წყალი) შევარდა აბანოებში და ხალხი დაახრჩო.
- იქაც მეწყერი წარმოიქმნა, მეწყერი რომ არ ყოფილიყო, არაფერიც არ მოხდებოდა. ახლაც გაივლიდა წყალი, ვერეს გვირაბი გაატარებდა, მაგრამ მეწყერი რომ წამოვიდა, ჩახერგა, ამან გამოიწვია უბედურება. ესტაკადას ეს არ გამოუწვევია. უბრალოდ, ესტაკადა არასწორად იყო გაკეთებული და ესტაკადის სწორედ ის არასწორი ნაწილი წაიღო წყალმა.
მეცნიერთა ნაწილი დაუყოვნებლივ მოითხოვს მდინარე ვერეზე კაშხლის აშენებას. ისინი აცხადებენ, რომ წყლის ნაკადს ვერც ერთი გვირაბი შეაჩერებდა და მსგავსი სტიქიის შესაჩერებლად მსოფლიოში ერთადერთი მეთოდი არსებობს – კაშხალი. აიტანს მდინარე ვერე ექსპერიმენტებს?
- ეს არის V-ს მაგვარი ხეობა, სულ ხეობის სიგრძე 45 კილომეტრია, მეტი არ არის. 45 კილომეტრში რა დამცავი ჯებირები და შემაკავებლები უნდა გაკეთდეს? აქ ძალზე არამდგრადი ქანებია, დიდი ქარაფებია. აქ რომ განალაგო ასეთი საინჟინრო ნაგებობები, ჯერ გზა უნდა გაიყვანო, კიდევ უნდა დატვირთო, მანქანები შეიყვანო, შემდეგ ეს როგორ იმოქმედებს გარემოზე? იქიდან რომ კიდევ წამოვიდეს ღვარცოფი და მოხდეს მეწყერი, ამას შეაკავებს ის ნაგებობები? ხომ უცბად გადათელავს ამ ნაგებობებს და გადაუვლის. ასე კონკრეტულად და გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ კაშხლის საკითხს კარგი შესწავლა სჭირდება. ჯერ უნდა გაკეთდეს ამ ნაგებობების პატარა მოდელი, არამდგრადი ქანებიც გაითვალისწინონ, მეწყერის მოდელირებაც გააკეთონ და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, კაშხალი საჭიროა თუ არა. თორემ პირდაპირ ამის გაკეთება არ არის მეცნიერული, ეს ნაუცბათევია, როგორც ადრე ხდებოდა.
გმირთა მოედნის შექმნის საჭიროება პირველად ლავრენტი ბერიას ცეკას მდივნობის დროს გადაწყდა. დღეს მის გაუქმებაზეც მსჯელობენ. მაშინ აშენდა 11-სართულიანი სახლიც.
- ბერიამ ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მდინარე მტკვრის აქეთ-იქით იყო ჭალები, სადაც მდინარე კარგად დასეირნობდა და ეს მოექცა ბეტონის კედლებში, გაკეთდა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები და გაუმჯობესდა თბილისის ჰავა, საავტომობილო არტერიები გაიჭრა. უბრალოდ, ბუნებაში არასწორი ჩარევა მოხდა მოგვიანებით, როცა გაკეთდა ვაკე-საბურთალოს გზა. ეს არის დიდი დანაშაული, გმირთა მოედანს ამხელა ფუნქცია დააკისრეს. ეს უბნები, რაც დავასახელე, სენსიტიურია თბილისის მიდამოებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში ცხოვრება არ შეიძლება. ის გზა, რომელიც მიდის ახალდაბიდან ბეთანიაში, ზუსტად შუაზე კვეთს მეწყერს. ესეც ხომ დატვირთვაა მეწყერისთვის?! ახლა მოვიდა ამდენი კოკისპირული წვიმა, ამ დროს უბრალო გაელვებას და მეხსაც კი გავლენა აქვს მეწყერზე და შეიძლება გამოიყვანოს წონასწორობიდან, რადგან ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეწყერმა არ უნდა დაიწყოს მოძრაობა, ამ კუთხით უნდა შეისწავლონ მეწყერი. მდინარეებისა და ხევების ჭალებიდან ადამიანების გასახლება უნდა მოხდეს. გლდანულას ჭალაში უკანონოდ აშენდა უამრავი სახლი. ზოოპარკი უკვე მესამედ და მეოთხედ დაიტბორა და წაილეკა. მაინცდამაინც 20 კაცი უნდა დაღუპულიყო, რომ ზოოპარკი იქიდან გადაეტანათ?
თქვენ ყვარლის მოსახლეობასაც აფრთხილებთ, რადგან დურუჯი პრობლემატური მდინარეა.
- დურუჯი ყველაზე სენსიტიური მდინარეა. თიხნარის გარდა, აქ პრობლემაა ისიც, რომ მდინარეს დიდი ქვები მოაქვს. წარმოიდგინეთ, იქ ასეთი კოკისპირული წვიმა რომ მოვიდეს, ყვარელი საერთოდ აღარ იქნება. თვითონ გეოლოგებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არსებობს ისტორიული გეოლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია. სახლი რომ შენდება, შეიძლება, გეოლოგს გამოუძახონ და იმ ადგილის დასკვნა სთხოვონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა რეგიონალური გეოლოგის დასკვნაც, რომელიც მთელი რეგიონის თვალსაზრისით შეაფასებს მდგომარეობას და არა იმ წერტილის თვალსაზრისით.