დიტო გელოვანი: რაც შეეხება საეჭვო დუმილს

დიტო გელოვანი: რაც შეეხება საეჭვო დუმილს

"რა ცრუმორწმუნე ხალხია აქაური ფერმერები! პირდაპირ გასაოცარია! თითქმის ყველანი მზად არიან დაიფიცონ, რომ თავიანთი თვალით ნახეს ეგ ძაღლი ჭაობებში. - სტეპლტონი ღიმილით ლაპარაკობდა, მაგრამ მის თვალებში ამოვიკითხე, რომ თავის ნათქვამს ბევრად უფრო სერიოზულად ეკიდება. - ლეგენდამ სრულად მოიცვა სერ ჩარლზის არსება და ამან მიიყვანა ასეთ ტრაგიკულ დასასრულამდე". "რანაირად?" "როცა ადამიანს ასე დაძაბული აქვს ნერვები, ყოველი ძაღლის გამოჩენა შეიძლება საბედისწეროდ გათავდეს სუსტი და სნეული გულისთვის". (არტურ კონან დოილი, "ბასკერვილების ძაღლი")

ძაღლიც არის და ძაღლიც. ბევრი ადამიანია ყველაზე ცუდ ძაღლზე უკეთესი? მე, მაგალითად, ყველა ძაღლი მიყვარს, ყველაზე ავი ძაღლიც კი ადამიანის მიერ არის გაავებული. ძაღლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, იქნებ ადამიანსაც ესწავლა მოსმენა, ხოლო მოსმენა და შემდეგ ფიქრი - ეს არის გაგება. ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ, მაგრამ "ძაღლმა და ღორმა გაიგოო" - ბევრჯერ გაგვიგია.

"ღმერთო, მეტეორი გვესროლე" - ბევრჯერ თქმულა და ბევრჯერ დაწერილა. როდესაც ამას ამბობენ და წერენ, არ ამბობენ და არ წერენ, თუ ვის გულისხმობენ, კონკრეტულად ვის უნდა ესროლოს მეტეორი ღმერთმა. ალბათ, ყველას, ნებისმიერს, გარდა იმისა, თუ ვინ არის აღნიშნული მოწოდების ავტორი და თუ მოწოდების ავტორთან ერთად ამ უკანასკნელის ახლობლებსაც დაინდობს, მთლად გადასარევი იქნება. აბა, რა სასიამოვნოა, როცა თავში მეტეორი გხვდება!

ამას გათითოკაცება ქვია და ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს სტიქიამ ერთ მუშტად შეგვკრა, გაგვაერთიანა, გვასწავლა თანადგომა, ერთმანეთზე ფიქრი, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გაგება. სულ სტიქია არ არის ამდენი ომი,  უმუშევრობა, ძალადობა, ქურდობა, მათხოვრობა, ზვიადიზმი, მიშიზმი, ენჯეოიზმი, ქართული ესტრადა, ქართული ფეხბურთი, ქართული საბანკო სექტორი, ქართული მედია, ტალახი, ჭლექი, ძონძი, ჭუჭყი და ახლა უკვე ტეტანუსი!

ეს სტიქიაა. და, კვლავ კონან დოილის სტეპლტონი - "როცა ადამიანს ასე დაძაბული აქვს ნერვები, ყოველი ძაღლის გამოჩენა შეიძლება საბედისწეროდ გათავდეს სუსტი და სნეული გულისთვის".

რას ერჩი ძაღლს? რას ერჩი აფთარს? რას ერჩი ვეფხვს? გაუშვი, ირბინოს, მოშივდება, გადაეყრება უპატროდ მიტოვებულ ძროხას და შეჭამს. ჩვენც ხომ ასე ვჭამთ ჩვენს მიერვე უპატრონოდ მიტოვებულ სამშობლოს, რომელიც, სხვათა შორის, მეწველი ძროხა გვგონია.

თუ არ გვგონია და, აგერ სტიქია, რომელიც იყო ლაკმუსის ქაღალდი, ტესტი, რომელმაც ლაფში, როგორც სარკეში ჩაგვახედა და გვითხრა, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.

წინა კვირაში ხდებოდა ტრაგედიაც და ფარსიც, იყო კომედიაც და ტრაგიკომედიაც, იყო დრამა, იყო ენთუზიაზმი და მარაზმი, იყო გმირობა და ღალატი, იყვნენ გმირები და ანტიგმირები, იყო თავდადება და თავდადების იმიტაცია, პირადი ფოტოგრაფებისა და უწყების პიარშიკების თანხლებით... იყო ჟურნალისტიკა და იყო პროპაგანდა, გაგება და გაუგებრობა, გაურკვევლობა, დაბნეულობა, გადაბრალება, უსაფუძვლო სიამაყე და საამაყო თავმდაბლობა, ადამიანები და არაადამიანები, კაცთმოძულე ვეგეტერიანელები, გამოქვაბულში ჩარჩენილი პრადვინუტები, შავლენტიანი კომედიანტები და გულწრფელი დარდით შეძრულები.

ჩვენ ვართ სტიქია, ოღონდ არა მიწა, რომელიც გვარჩენს, არა ცეცხლი, რომლითაც ვთბებით, არა ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, არა წყალი, რომლითაც ვინათლებით, არამედ მეწყერი, ხანძარი, ნიაღვარი და ქარიშხალი.

არავინ თქვას, რომ ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს. არავინ თქვას, რომ არ იცოდა ან ვერ ხვდებოდა, რა მოყვებოდა ტრაგედიას. რომ იქნებოდა ერთ-ერთი ტელევიზიის სუპერპროფესიონალიზმი და შემდეგ - სუპერნაციზმი, მინისტრებს ადევნებული ფოტოგრაფები და პიარ-სამსახურები, ნიჩბის ბარიგები, ნაძირალა ნაცები, ხარბი ტაქსისტები, ძუნწი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის გასაჭირს ამომრჩველთა ხმებად აქცევენ, გამხეცებული ცხოველები და გაცხოველებული პოლიტიკური დებატები.

იყვნენ ნიჩბებით აღჭურვილი წაკლა-ნუგზარები. "პარტიის ბიჭები წამოვიყვანე. გმირთა მოედანს საღამომდე გავხსნით" - თქვა კობა სუბელიანმა. ეს ის გმირთა მოედანია, კობა სუბელიანებმა გმირების დასარბევად რომ გადაკეტეს.

იგრძნობოდა სააკაშვილი. სააკაშვილი იგრძნობოდა ყველგან - ვაშაყმაძის გაბუნიაში, კოდუას ჟორჟოლიანში, ახალაიას თუთბერიძეში, უტიაშვილის კვესიტაძეში, წკრიალაშვილის ხაბაზში. "გული მიკვდება" - თქვა გიულის მიშამ და ვინ იტყვის, რომ გულში არ ზეიმობდა?! ერთხელ ხომ იზეიმა ომში დამარცხება?

და, ტრაგედიის ადგილზე მოწყობილი პოდიუმი, დიკო და ზალიკო - "ახალი ამბები კეთდება აქ!!!" ერთხელ ხომ უკვე იყო მათი აქტიური მონაწილეობით გაკეთებული ასეთი ახალი ამბავი - სისხლზე და ცრემლზე მოწყობილ პოდიუმზე ჩავლილი შეურაცხყოფილი ჯარი, სახურავზე შეყრილი გვამების გვერდით შესრულებული ხორუმი და ყოველივე ამით დამტკბარი კურდღელი მთავარსარდალი შეურაცხყოფილი ჯარისა.

ტრაგედიის პოლიტიზებას ნურავინ დამაბრალებს, ჩვენში ისედაც ყველაფერი პოლიტიზირებულია - ბაზარი და ვაგზალი, ქუჩა და მოედანი, მარკეტი და სუპერმარკეტი, სცენა და სტადიონი, სკოლა და უნივერსიტეტი, ბანკები და ფინანსები... ლომი რომ ლომია, ვეფხვი რომ ვეფხვია, ბეჰემოთი რომ ბეჰემოთია, ისინიც პოლიტიზირებულები არიან ვირების მიერ.

გასულ კვირაში ზოოპარკის პოლიტიზირება მოხდა, უფრო სწორად, ზოოპარკის ზედა, იმ ნაწილის, რომელიც სტიქიას გადაურჩა. გადარჩენილ ნაწილში მშვიდად იცოხნებოდნენ ზებრები, იცუცქნებოდნენ ყურცქვიტები, იკენკებოდნენ თუთიყუშები და არად დაგიდევდნენ პოლიტიკას. არაფერი გაუგიათ ხვლიკებს და გველებს. ისინი მხოლოდ მაშინ ჩაებმებიან პოლიტიკაში, როცა ერთი ადამიანის ძალისხმევით თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი აშენდება და როდესაც უამრავი უსაქმური ხმას ამოიღებს: გველს სცივა, კურდღელი ვიწროდ არის, ზებრას ზოლი აკლია, თუთიყუში საეჭვოდ დუმს.

რაც შეეხება საეჭვო დუმილს...

თუ დაუთვლია ვინმეს, რამდენი ავტომობილი გადის ყოველ დღე ზოოპარკის მიმდებარე გზას, რამდენი ფეხით მოსიარულე მოძრაობს და რამდენს გამოუთქვამს პროტესტი, ან, თუნდაც გულისტკივილი, რომ ეს არ არის ზოოპარკისთვის შესაფერისი ადგილი, რომ აქ ცხოველი ცოდოა, დიდხანს ვერ იცოცხლებს, ლაპარაკი რომ შეეძლოს - გვაგინებს, გაქცევა რომ შეეძლოს - გაიქცეოდა, გადაიკარგებოდა, დაახვევდა და ცხოველთა უფლებების გამძღარ და კმაყოფილ დამცველებს დაუბარებდა, ეგ თქვენი კანონები, ჩვენს დასაცავად სემინარებზე რომ შეგიმუშავებიათ, მაგრამ ვერ გაგითავისებიათ, დაახვიეთ და ერთ ადგილას... გაითავისეთო.

გასულ კვირაში ვეფხვის უფლებებს მანამ იცავდნენ, სანამ ვეფხვმა ადამიანი არ დაგლიჯა. არადა, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო "ამას როგორ უნდა ესროლო", "რა უნდა დაეშავებინა", "თატკალი", "თაკვალელი" და ა.შ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მილიონნახევრიან ქალაქში და ოთხმილიონიან ქვეყანაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოაწყო ძაღლების თავშესაფარი და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებდა ხმას, როცა ადამიანებს უკანასკნელ თავშესაფარს ართმევდნენ. და ერთბაშად რამდენმა იყვირა "ხელები შორს გურიელიძისგან", როდესაც ზოოპარკის დაბნეულ დირქტორს პოლიციაში რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა შესთავაზეს?

რა იცის, ან რატომ უნდა იცოდეს ზურაბ გურიელიძემ, რამდენი ლომი, რამდენი ვეფხვი და რამდენი მგელია იმ დაწესებულებაში, რომელზეც თავად არის პასუხისმგებელი? ეს უნდა იცოდეს მინდია ჯანელიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, გუგული მაღრაძის რამდენიმე კომპეტენტურმა და მაღალანაზღაურებადმა ნათესავმა და საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში. ზურაბ გურიელიძემ ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ მადლობლები უნდა ვიყოთ, დაახლოებით მაინც რომ იცის და გვიან, მაგრამ მაინც გაახსენდა, რომ ცხოველებს აქვთ ჩიპები, მაგრამ ჩიპები არ მუშაობს და რა აზრი აქვს ჩიპს, თუ იგი ცხოველთან არ მიგვიყვანს?!

ბარემ, აქვე მადლობა ვუთხრათ საქართველოს პრეზიდენტს, რომელის მართალია მილიონებს ხარჯავს სასახლისა და ენჯეოშნიკების შენახვაში, რაც მისი კანონიერი უფლებაა, მაგრამ, სამაგიეროდ, გასაყიდად გამოიტანა ძვირფასი საკინძეები, ფული კი სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებათ.

მადლობა ვუთხრათ მილიონერებს, რომლებმაც იმდენივე გაიმეტეს, რამდენიც გლდანის შაურმამ. მადლობა ვუთხრათ "სიტი პარკს", რომელმაც გმირთა მოედანზე გაჩერებული ასობით ავტომობილიდან, მხოლოდ ათიოდეს მიაკრა საჯარიმო ქვითარი. მადლობა ვუთხრათ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დაუღალავად ათვალიერებდნენ ტრაგედიის ადგილს, მადლობა თავად სტიქიას, რომელმაც გვაიძულა, რომ გაგვეხსენებინა "გარემოზე ზემოქმედება" (უჩა ნანუაშვილმაც კი ახსენა!!!) და, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ დავით არჩვაძეს იმის გამო, რომ წაშალა პეტიცია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ხელმომწერთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდებოდა. ნუ, პეტიცია, როგორც პეტიცია, არაფერი განსაკუთრებული - სტუდენტებმა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე ვიმუშავეთ, ახლა კი კეთილი ინებეთ და ეს შრომა გამოცდების ჩაბარებად ჩაგვითვალეთო.

ეგ იქით იყოს. პეტიციას ახლდა განმარტებითი ბარათი - არზა, რომლის ნაწყვეტებსაც აქ მოვიტან და გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ სტილს, აზრთა წყობას და გადმოცემის მანერას. აი, ისიც:

"13 ივნისის დილიდან, ყველა სტუდენტი იწყებდა მზადებას მომავალი გამოცდებისთვის, ზოგი რეალურად, ზოგიც ფიქრებში.. არავის ეგონა რა საშნელება დატრიალდებოდა საღამოს… 14 ივნისს ყველამ ერთად დაიკიდა მომავალი გამოცდები, ყველამ დაივიწყა ქულები და აკადემიური მომავალი… ყველა ერთად გავიდა ქალაქის საშველად… არავინ ფიქრობდა კანის ფერზე, რელიგიურ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე… ყველა ყველასეხმარებოდა… გლოვობდნენ დაღუპულებს და სიხარულით ხვდებოდნენ გადარჩენილებს… არავინ ფიქრობდა დასვრილ და გაფუჭებულ ტანსაცელზე… არავის შიოდა და არავის სწყუროდა… მიზანი იყო ერთი – მოვაწესრიგოთ ქალაქი, ვიპოვნოთ დაკარგული თანამოქალაქეები, დაზარალებულებს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან და რომ ისინი არავის გაუწირია…

...მოგვეცით ძალაუფლება და ჩვენ ავაშენებთ თომას მორის უტოპიას…  მოგვეცით საშუალება, დავრჩეთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებად… ნუ ჩაგვიკლავთ მომავლის იმედს… ხელს ნუ შეუშლით სტუდენტებს, აკეთონ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საქმე, აშენონ ძლიერი საზოგადოება… მოგვეცით ნება, ეს ზაფხული მივუძღვნათ ჩვენს თბილისს, ჩვენ თანამოქალაქეებსგთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები.

პატივისცემით, Davit Archvadze”. დაინტერესებულ პირებს პეტიციის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე".

მადლობა მათ, ვინც არ მოაწერა ხელი ამ პეტიციას, მადლობა მათ, ვინც არც აპირებდა, მადლობა მათ, ვინც ამ პეტიციის თუ რაღაცის წაკითხვის შემდეგ ავტორის მიმართ უწმაწური სიტყვები წარმოთქვა, მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები ალალად და უსაყვედუროდ, უანგაროდ და ხმისამოუღებლად ემსახურებოდა საკუთარ ხალხს, ქალაქს, ქვეყანას და, უბრალოდ, ადამიანობას.

ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია, როცა მადლობას გიხდიან, რომ ასეთი მრწამსი გაქვს. არაფერია სამადლობელი, მაგრამ მაინც - მადლობა. რომ არ ვწერდე, არ ვიტყოდი. მხოლოდ გავიფიქრებდი.

ჰო... კარგად თუ დაფიქრდები, ფიქრი ბევრს ნიშნავს, ზოგი ისეთი მამაძაღლობას მოიფიქრებს, ზოგი ისეთ სიკეთეს გადაწყვეტს... გასულ კვირაში იყო ერთი რამ, რაზეც ვერ ჩამოვყალიბდი, ვერ გადავწყვიტე, სიკეთე იყო თუ მამაძაღლობა. კერძოდ, ის ყმაწვილი ტაქსისტი, მოხალისეებს უფასოდ რომ ემსახურებოდა, სიკეთეს რომ აკეთებდა... ორი დღეც და - ნაძალადევის გამგეობაში დასაქმდა, აქვს საკუთარი საწერი მაგიდა, კომპიუტერი, ინტერნეტი, ბაინდერი და სტეპლერი.

ჰოდა, რა ვერ გამიგია - ნაძალადევის გამგებლის მხრიდან ეს მადლობის ჟესტი იყო ყმაწვილი ტაქსისტის მიმართ, თუ საკუთარი პერსონის პიარი. შესაძლოა, ეს იყო მადლობა, მაგრამ რაღაც ძაან საეჭვოდ ბევრი სიუჟტი გაკეთდა, სტატია მომზადდა, პოსტი დაიწერა. არაფერი დაშავდებოდა, ყმაწვილ ტაქსისტს უარი რომ ეთქვა და ძველებურად, ყმაწვილურად გაეგრძელებინა ტაქსაობა. ჯერ მხოლოდ 24 წლის არის, მომავალი მისია, რა დროს კაბინეტი და სტეპლერია, რა დროს ჩინოვნიკობაა და კიდევ ის - "გთხოვთ მომცეთ კუთვნილი შვებულება".

თუმცა, ამ მედალს სხვა, უკეთესი მხარეც გააჩნია. ნაძალადევის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ შეძლო და მეოთხე ცდაზე მაინც გააკეთა სიკეთე. შეგახსენებთ, რომ პირველი ცდა იყო დენი 10 თეთრად, მეორე ცდა - გაზი 5 თეთრად, მესამე ცდა - წყალი უფასოდ.

მოვა დრო, ზაზა გაბუნია გახდება პარლამენტის წევრი, ხოლო მის ადგილს დავით არჩვაძე დაიკავებს და არჩვაძე გახდება კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც თომას მორის უტოპიას ააშენებს და ააშენებს არა სადღაც, არამედ ლოტკინზე და ხუდადოვის ტყეში, იქ, სადაც, ვინ იცის, ჯერ კიდევ დარბის თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მშიერი ვეფხვი, გულში რომ ფიქრობს: "ეს სად ვცხოვრობდი, ჩემი დედა ვატირე".

ვეფხვის დედაი კი, მწარედ ტირის.

ე.რ. (ეგრეა, რა) შიშისგან დაზაფრულმა მდევრებმა ჭაობისაკენ თავქუდმოგლეჯილებმა მოკურცხლეს. ერთი მათგანი, როგორც ამბობენ, იმავე ღამეს მოკვდა, ვერ გადაიტანა ის, რაც იხილა, ორი დანარჩენი კი ისე წახდა, ასეთი მძიმე განსაცდელის ხილვის შემდეგ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოჯანმრთელდა. ასეთია, შვილნო ჩემნო, თქმულება იმ ძაღლზე, რომელმაც მას შემდეგაც ბევრი უბედურება დაატეხა ჩვენს გვარს. და თუ ყოველივე ეს ჩავწერე, მხოლოდ იმისათვის, რომ ცოდნა ნაკლებად გვაძრწუნებს ხოლმე, ვიდრე უთქმელობა და ვარაუდები.

(არტურ კონან დოილი, "ბასკერვილების ძაღლი")