13 ივნისის ტრაგედიამ ერი და ბერი რომ გააერთიანა და ქართველებმა ერთად დგომის უპრეცედენტო მაგალითი ვუჩვენეთ მსოფლიოს, ალბათ ყველა დაგვეთანხმება. და ამ ყველაფრის ფონზე, საპარლამენტო ოპოზიცია და კონკრეტული ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობდა კარგის ცუდად წარმოჩენას. ჯერ ვითომ მაშველებმა ვერ იმუშავეს სათანადოდ და ვერც საპატრულო პოლიციამ ივარგა, მაგრამ როცა მაშველების და პატრულის თანამშრომლების უპრეცედენტო თავგანწირვის მაგალითები გაიგო საზოგადოებამ, “ნაციონალურ მოძრაობას” და “რუსთავი-2”-ს აღარ დაუჯერა. ისინიც თითქოს განზე გადგნენ, ხმას არ იღებდნენ, მაგრამ...
“მზაადება პროვოკაცია, რომელსაც ამზადებენ ადამიანები, რომლებსაც ზნეობა არ გააჩნიათ. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს პროვოკაცია მიმართული იქნება სწორედ 13 მაისის ტრაგედიაზე. როგორ და რა ფორმით, ვერ გეტყვით, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ამ პროვოკაციაზე ადამიანების ჯგუფები მუშაობენ”,-ეს განცხადება ორი დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ გააკეთა, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს - ვერავინ იფიქრებდა, რომ ძნელბედობის ჟამს ვინმეს მზაკვრული აზრი მოუვიდოდა თავში და მანჯავიძის განცხადებასაც წაუყრუეს, თუმცა...
21 ივნისს, სვანიძის ქუჩის დასაწყისში განთავსებულ შენობაში, სადაც თავს იყრის მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი საკვები, სხვა საკვებთან ერთად შეტანილი იქნა მცირე ზომის კონტენიერით სოკოს სალათი. სალათს ცუდი სუნი ასდიოდა და მოხალისეებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა მისი საკვებად მიღება არ ისურვეს და უკმაყოფილებაც გამოთქვეს. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც გაირკვა, სვანიძის ქუჩაზე მომუშავეებს საკვებით ვაკის რაიონის გამგეობა ამარაგებს და... გამგეობის მენიუში სოკოს სალათი არ ყოფილა. ვაკის გამგების წარმომადგენლებმა მიიტანეს პროდუქტი მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეებისთვის და აღსანიშნავია, რომ იქ მენიუში სოკოს სალათი არ ყოფილა. რა გამოდის? ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა სვანიძის ქუჩაზე სოკო, რომლის საკვებად მიღება ვარგისი არ იყო და სოკოთI მოწამვლა რით სრულდება, ჩვენზე უკეთ გეცოდინებათ. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ იქნა დადგენილი, თუ ვის მიერ იქნა შემოტანილი აღნიშნული პროდუქტი და ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა გაფუჭებული სოკოს სალათი სვანიძის ქუჩაზე. კომენტარისთვის საკრებულოს წევრს, ბატონ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.
-ბატონო სოსო, რამ მოგცათ საფუძველი იმისა, რომ გაგეკეთებინათ ის განცხადება, რომელიც გააკეთეთ?
-მე მქონდა ინფორმაცია და როგორც მოქალაქე, ვალდებული ვიყავი, ეს გამეჟღერებინა. თანაც, იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადამიანები, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას აპირებენ, თავს შეიკავებენ და აღარაფერს ჩაიდენენ.
-უკვე ჩაიდინეს - სვანიძის ქუჩაზე გაფუჭებული სოკოს სალათი მიიტანეს და ჯერ დადგენილი არ არის, ვინ და როგორ მოახერხა ამის გაკეთება.
-ხუმრობთ ალბათ ხომ?!
-არა ბატონო სოსო, სიმართლეს გეუბნებით, ვაკის რაიონის გამგეობა ამარაგებს სვანიძის ქუჩას საკვებით და მათ მენიუში სოკოს სალათი არ იყო და ახლა იმას არკვევენ, ვინ გააკეთა ეს.
-მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება და ის ადამიანები, უფრო სწორედ, ის არაადამიანები, ის უზნეო ხალხი, ვინც ეს გააკეთა, უმკაცრესად დაისაჯონ. დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ქვეყანაში. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე ზოგადად დასჯის და სიმკაცრის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ახლა გაჩერება და გაჩუმება არ შეიძლება. ის, ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი. მათი სახელი თუ სახელები ქართველმა ერმა უნდა იცოდეს.
-ლოგიკურად, ახლა ზედმეტი დაძაბულობა და ახალი ტრაგედია ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს და...
-რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. ვერ აიტანეს ხალხის ერთად დგომა, სოლიდარობა ვერ აიტანეს ადამიანების და გაბოროტებულები არიან ახლა. კიდევ ვიმეორებ, თუ ხელისუფლებას სურს თავისი ძალა დაანახოს, თუ სურს, რომ “რუსთავი-2”-მა ყოველდღიურად არ უმეოროს პირდაპირ ეთერში, რომ უნიათოა, ეს ადამიანები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. სხვაგვარად, დაუსჯელობის სინდრომი იმდენად გაუჯდებათ, რომ უარესს იზამენ, უარესს მოიფიქრებენ. იმედია, ხელისუფლება ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მომავალში ყველა ერთად გავფრთხილდებით.