კრიმინალური საკითხავი

კრიმინალური საკითხავი

დღევანდელი საკვირაო მოგონებების მთავარი გმირები კვლავ ქართველი მილიციონერები იქნებიან. ამ ხალხს თავის დროზე მოღვაწეობა საქართველოს გარეთ მოუწიათ. რასაკვირველია მოსაგონარი ბევრი გააჩნიათ და რამდენიმე „გამორჩეულ“ ამბავს ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ პერტაის გადავცემ. ბატონი მერაბი ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგვიყვება.

„1977 წელია. ლენინგრადში ვმუშაობ და ამ დროს გაქურდეს ერმიტაჟის ერთ-ერთი დარბაზი, საიდანაც ვან გოგის „მაწანწალას პორტრეტი“ გაიტაცეს. ეს სურათი 23 მილიონ მანეთად იყო შეფასებული და მთელი მილიცია ფეხზე დადგა.

სურათის ძებნა დავიწყეთ და ზუსტად ერთი თვის თავზე სამი უცხოელი კოლექციონერი დავაპატიმრეთ, რომლებიც ლენინგრადიდან, მოსკოვიდან და ტალინიდან ცდილობდნენ ამ ცნობილი სურათის ქვეყნის გარეთ გატანას. სასაცილო და კურიოზული კი ის იყო, რომ სამივეს „მაწანწალას პორტრეტი“ ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ორი ყალბი უნდა ყოფილიყო. თუმცა ექსპერტიზა სამივე სურათს ჩაუტარდა და ექსპერტებმა სამივე ორიგინალად ცნეს. ანუ სურათები ისეთ უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, რომ ორიგინალი ვერ დადგინდა. მაგრამ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა.

სამი დღის მერე ლენინგრადში 30 წლის მერაბ დოლიძე დავაპატიმრეთ, რომელსაც „მაწანწალას პორტრეტის“ მეოთხე ეგზემპლარი აღმოაჩნდა და ექსპერტებმა ისიც ორიგინალად სცნეს. როგორც გაირკვა, მერაბი ხელმოცარული მხატვარი და ქურდი ყოფილა. ერმიტაჟიდან სურათი მას მოუპარავს, ასლებიც მას დაუხატავს და უცხოელებისთვისაც მას მიუყიდია, თითოეული 50 ათას მანეთად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნამდვილი „მაწანწალას პორტრეტი“ თავად მერაბ დოლიძეს ჰქონდა სახლში და ორიგინალი ერმიტაჟს დაუბრუნდა, ასლები განადგურდა, ხოლო დოლიძეს კი პირობითი სასჯელი მისცეს და სამუშაოდ ერმიტაჟის რესტავრატორებში გაამწესეს, სადაც მან პროფესორობას მიაღწია...“

ჩვენი მომდევნო სტუმარი პოლკოვნიკი გოჩა ალფაიძე იქნება.

„ერთხელ ჩვენს თანამშრომელს დედა გარდაეცვალა რაჭაში და რაღაც საქმის გამო დასაფლავებაზე გამგზავრება შეგვაგვიანდა. ვერ ვასწრებდით და ამიტომ გავრისკეთ და „ჩერეზ“ ცხინვალი გავემგზავრეთ მოკლეზე. უკვე რაჭის საზღვარზე ვიმყოფებოდი, რომ წყალი აგვიდუღდა და მანქანა შევაჩერეთ. გადმოვედით და „ჩალიჩი“ დავიწყეთ. ისეთი ადგილია, კაციშვილი არ ჭაჭანებს, ირგვლივ მთები და ტყეა, ვერც კი იფიქრებ, იქ თუ ადამიანი დადის. უკვე გასამგზავრებლად გავემზადეთ, როცა გაბმული სტვენის ხმა გავიგონეთ. ტყისკენ გავიხედეთ და საკმაოდ მოშორებით ახალგაზრდა კაცი შევნიშნეთ. მან გამოგვძახა:

– ძმებო, ძმებო, ძაღლები ხომ არ არიან ახლო-მახლო?!

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიუარეთ. მან კი მოცდა გვთხოვა, შემდეგ გორაკები გადმოიარა და ონამდე მიყვანა გვთხოვა. თან გაგვანდო, რომ ცხინვალიდან მოდიოდა და იაფად აღებული წამალი მოჰქონდა. ჩვენი მეგზური მანქანაშივე გავჩხრიკეთ, 70 გრამი ოპიუმი აღმოვუჩინეთ, ონის პოლიციას ჩავაბარეთ და შემდეგ დასაფლავებაზე წავედით...“

ვიცე-პოლკოვნიკი ოლეგ ფროლოვი ერთ თბილისურ შემთხვევას გაიხსენებს.

„გასული საუკუნის 70-იანი წლებია, ის პერიოდი, როდესაც თხუთმეტ-თექვსმეტსართულიანი შენობების აგება ახალი ხილი იყო თბილისში. ჩვენ, სახანძრო სამსახურის მუშაკებს, იქ მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა.

მაშინ საბურთალოს სახანძროს (ყოფილი ორჯონიკიძის რაიონი) უფროსის მოადგილე ვიყავი და არაერთხელ დავსვი საკითხი, მრავალსართულიან სახლებში მუშაობისთვის, შესაბამისი აღჭურვილობა გამოგვეწერა, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავდა. მპასუხობდნენ: რა აიხირე, ხომ ხედავ, რომ მრავალსართულიან სახლებში ხანძარი არ ჩნდებაო.

ერთხელაც, საბურთალოს ერთ-ერთ ახალაშენებულ თექვსმეტსართულიან კორპუსს მეათე სართულზე გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდებოდა: სახურავისკენ და ქვევით. „იმდენი ილაპარაკე, ოლეგ, რომ თექვსმეტსართულიანი იწვის“, – მითხრა ჩემმა მაშინდელმა უფროსმა და ისე შემომხედა, თითქოს ჩემი ბრალი იყო.

ადრე მოსკოვში ვმუშაობდი, ამ საქმეში საკმაო გამოცდილება მქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი მუშაკი ვიყავი, ჩემს ხელქვეითებთან ერთად ჩავერთე ხანძრის ჩაქრობაში. ერთი ნაწილი ქვედა სართულებზე მუშაობდა, მე და ჩემ მიერ შერჩეული ბიჭები კი ზემო სართულებს მოვედეთ. ცეცხლი საშინლად მძვინვარებდა და რამე ნივთის გადარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენ უფრო იმის გვეშინოდა, რომელიმე იქ მცხოვრები მოქალაქე არ მოხვედრილიყო ცეცხლში.

– წამოდი, ოლეგ, ქვევით დავეშვათ, – მითხრა ერთ-ერთმა ხელქვეითმა, რომელსაც მხურვალებისგან სახის კანი გასწითლებოდა, – რომელი ჭკუათმყოფელი გაჩერდებოდა ამდენ ხანს სახლში! ჩავიდეთ, თორემ გოჭივით შევიბრაწე.

ჩვენ მეთექვსმეტე სართულზე ვიმყოფებოდით და ბინებს ვათვალიერებდით. ერთი ბინაღა გვქონდა დარჩენილი. ხის კარი შევამტვრიე, ცეცხლმოკიდებულ სახლში შევვარდი და, უკვე გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც საძინებელი ოთახიდან საეჭვო ხმები მომესმა...

მივედი და რას ვხედავ: ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ისეთი ხვევნა-კოცნა აქვს გაჩაღებული და ისეთი სიყვარულის კოცონი აქვთ დანთებული, ვერც კი გრძნობენ, ცეცხლწაკიდებულ სახლში რომ იმყოფებიან. არც ვაციე, არც ვაცხელე და წყვილს ერთი ვედრო წყალი გადავასხი, რომელიც სამზარეულოდან მოვარბენინე... აი, მაშინ კი ინებეს სიყვარულის ნეტარებიდან დაბრუნება და ხელიხელჩაკიდებული, დედიშობილები დაეშვნენ თბილისური „ცათამბჯენის“ კიბეებზე...“