For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
მე მართლაც სერიოზულად დავაინტერესე პრიმაკოვი. სააკაშვილის პირველი ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პრიმაკოვი თბილისში ჩამოვიდა. პრივატული შეხვედრები ჰქონდა ჯერ ჟვანიასთან, მერე მე და ჟვანია შევხვდით. მისი ხელშეწყობით 2004 წლის მაისში თბილისში ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა, რომელშიც რუსმა ოლიგარქებმა მონაწილეობა მიიღეს.
პრიმაკოვი თბილისშია გაზრდილი და ის თავისებური პატრიოტია ჩვენი ქვეყნის. მას უყვარს ეს ქალაქი, ქართველები და თავისებურად აენთო, სურვილი გაუჩნდა დაგვხმარებოდა და დამპირდა, რომ სააკაშვილს პუტინთან შეხვედრის წინ დააკვალიანებდა.
მეორეს მხრივ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტს მანანა ასლამაზიანს ვთხოვე სააკაშვილისთვის რუს ტოპ-ჟურნალისტებთან შეხვედრაში დამხმარებოდა.
ვაპირებდი შევხვედროდი ჟურნალისტ ნატალია გევორქიანს, რომელმაც პუტინზე პირველი წიგნი დაწერა. ნატალია რუსეთის პრეზიდენტს თვეების განმავლობაში ყველგან თან დაყვებოდა და ამ წიგნს მასთან ერთად წერდა. მან ბევრი რამ იცოდა პუტინზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა იმუშაო მასთან.
ჩემთვის რუსეთის პოლიტიკის შიდა სამზარეულო საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ამ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებდით. ნაკლებად მაინტერსებდა, პუტინი ლიბერალია, დემოკრატია თუ ვინაა, ან მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორები საითაა მიმართული. ეს რუსების პრობლემაა, ჩემი პრობლემა გახლდათ, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.
სააკაშვილის ვიზიტის და ჩვენი ქვეყნების დაახლოების, რუსული ინვესტიციების საქართველოში ჩადების გეგმებზე ვსაუბრობდით, პრიმაკოვს სიყვარულს ვეფიცები და ამ დროს ზურა აბაშიძეს - საგარეო საქმეთა მინისტრი, თედო ჯაფარიძე ურეკავს. ზურას ჯერ ფერი დაეკარგა, მერე გალურჯდა და ამბობს, რომ მინისტრმა შეატყობინა, რომ ის ელჩობიდან გამოწვეულია!
ზურა შემობრუნდა ჩემსკენ და გაკვირვებული მიყურებს მე - რევოლუციის ერთ-ერთ ავტორს, რომელიც მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდი. თედო ჯაფარიძემ ზურას უთხრა, რომ მისი ელჩობიდან გამოწვევა მას არ გადაუწყვეტია.
მაშინვე ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, პრეზიდენტის ვიზიტამდე სამი დღით ადრე, რატომ გაიწვიეს ელჩი? ზურა მეუბნება - მე არ ვიციო და ყურმილს მიშა სააკაშვილს აჩეჩებს - აჰა, ამას ელაპარაკეო. - შენ არ იცი, მაგან რუსეთში არჩევნები გააყალბა, მაგან ისეთი რაღაცეები ჩაიდინა, როგორ შეიძლება მაგის მანდ ყოფნა, კიდევ მადლობა თქვას, რომ არ ვიჭერ - ხავის მიშა.
2003 წლის ნოემბრის არჩევნების დროს საუბრობდნენ, რომ რუსეთში ხმები ედუარდის და მემარჯვენეების სასარგებლოდ ძალიან გაყალბდა, მაგრამ ელჩი რა შუაში იყო? რუსეთში ელჩობისას მეც ჩავატარე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არც გამიგია, საელჩოში ისე მოვიდა საარჩევნო კომისია, ჩაატარა არჩევნები და ხმების 60-65% მიშას პარტიამ აიღო.
- ჩაიაროს ამ შენმა ვიზიტმა და აბაშიძე მერე გაიწვიე - ვუთხარი სააკაშვილს.
მიშამ მიპასუხა, რომ ახლა ელჩად ჩემს უახლოეს თანამებრძოლს კოტე კემულარიას ვნიშნავ და რუსებისთვის ეს უფრო მაგარი მესიჯი იქნება, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად, მანდ ჩემს მეგობარს ვნიშნავ.
ზურა აბაშიძე გაშრა, მე სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
იქ იმდენად კარგად აღზრდილი ადამიანები ისხდნენ, რომ ამ ინფორმაციაზე ფურთხება და დედის გინება არ დაუწყიათ. სუფრა დაიშალა, ზურა დარჩა დაბნეული და პარალიზებული. გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვიზიტს კვირეების მაძილზე ამზადებენ. აბაშიძემ უამრავი შეხვედრა დაუგეგმა სააკაშვილს და მოულოდნელად მას ასე უპატივცემულოდ მოექცა.
პრეზიდენტს მოსკოვში დავხვდი. პირველი შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პრიმაკოვთან ჰქონდა. პრიმაკოვმა გააკეთა ყველაფერი, მიეხმარა. მათ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან პრიმაკოვი თავის შტაბეჭდილებებს პუტინს გაუზიარებდა. პრიმაკოვმა პუტინი შეხვედრისთვის პოზიტიური განწყობით მოამზადა. თუმცა, შემდეგ, მიშა პრიმაკოვის როლს ძალიან აუბრალოებდა, წარმატება ჩემთვისაც რომ არ გაეზიარებინა.
იმავე საღამოს მეორე შეხვედრა ჟურნალისტებთან გვქონდა. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის კომუნალურ სამოთახიან ბინაში ჯინსებში გამოწყობილი სააკაშვილი წავიყვანე. რუსების მიერ გამოყოფილ პრეზიდენტის დაჯავშნულ ლიმუზინში ვსხდებით მე და მიშა და ესკორტის თანხლებით მივდივართ ამ ოჯახში, სადაც გვხვდება 50-60-მდე ჟურნალისტი.
მათ შორის ბევრი ცნობილი ჟურნალისტი. იქაურობა ხალხით გაიტენა. ეს პრივატული შეხვედრა იყო, რა თქმა უნდა, კამერების გარეშე. ამ შეხვედრის პეწიც ეგ იყო, არაფორმალურ ვითარებაში, მიშა ჯინსებში იატაკზე იჯდა და პლასტმასის ჭიქებით ვსვამდით, არაყს, ღვინოს და ათას თემაზე ვსაუბრობდით.
ამ ჟურნალისტებს თავიდან სააკაშვილის მიმართ ძალიან სკეპტიკურად განწყობა ჰქონდათ, თუმცა მე ვეუბნებოდი, არა, ჩვენიანია, ლიბერალია, თავისუფალი ადამიანი, ჰიპი!
მართლაც, დაინახეს ახალგაზრდა ბიჭი, ჯინსებში, იატაკზე, სადაც ხალიჩებიც არ ეფინა და მისდამი სიმპათია გაუჩნდათ. ფაქტიურად, რუსული ჟურნალისტიკის მეტრები მიშასთან დავამეგობრე. რაც აინტერესებდათ, ყველაფერზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, მეც კმაყოფილი ვიყავი და მიშაც ჭყლოპინებდა.
დილით სააკაშვილი პუტინს უნდა შეხვედროდა. მან ამ შეხვედრაზე 45 წუთი დააგვიანა. იმიტომ, რომ მას ჯერ სასტუმროს აუზში ბანაობა გადაუწყვეტია. მისი ბანაობაც თავისებური კომედიაა - უნდა ნახოთ მიშას ბანაობა, ეს ორმეტრიანი არასპორტული კაცი, სანამ წყალში ჩახტება, ჰაერშივე ხელების ქნევას იწყებს, თითქოს უნდა გაფრინდესო და ზღართანით ეშვება წყალში, რაც სასაცილო სანახაობაა.
იბანავა, აუზიდან ამოსვლა დააგვიანდა, მას დროის შეგრძნებაც საკმაოდ არეული აქვს და ამის გამო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე 45 წუთით დააგვიანდა. პუტინთან შეხვედრაზე წავიდნენ - მიშა, კოტე კემულარია, რომელიც ელჩი არ იყო, მაგრამ სააკაშვილი მას ელჩად ასაღებდა, რაც პროტოკოლის დარღვევაა, ოქრუაშვილი და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი.
მეორე კომიკური ისტორია ის იყო, რომ მან სხვადასხვა შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა, რაც ხშირად ემართებოდა. მაშინ ვთვლიდით, რომ იგი მაღალი მატერიებით იმდენად იყო დაკავებული, რომ ასეთ წვრილმანებს ვერც კი ამჩნევდა. საერთოდაც, დიდი ადამიანები ხომ დაბნეულები არიან?! მიშას შეიძლებოდა სხვადასხვა ფეხსაცმელი ცმოდა და ეს ითვლებოდა იმ შარმად, იმ ქარიზმად, რომლის გამოც ხალხს სააკაშვილი უყვარდა.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიშა აღარ მინახავს. მე მასთან უკვე დისტანცირებული ვიყავი და პრეზიდენტთან ურთიერთობისას წესს ვიცავდი, მას თავისი ახლო წრის ხალხი შემოერტყა: თედო ჯაფარიძე, გელა ბეჟუაშვილი, დიდი შავი სათვალით ფოიეში სრულიად მოულოდნელად ბიძამისი თემურ ალასანია გამოჩნდა. იქვე ვნახე უცნაური პერსონაჟები - ძმები ხიხინაშვილები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის შეფის პატრუშევის მეგობრები არიან, მერე მათ ჩვენთან მეტალურგიულ ქარხანაზე დიდი პრეტენზიები ჰქონდათ; მიშა სურგულაძე, ტარიელ ონიანის ძმაკაცი. მოკლედ, სასტუმრო “მერიოტში” უცნაური წარმოშობის ქართველები “გაიჩითნენ”.
პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის დეტალებზე ოქრუაშვილი მომიყვა. დაგლიჯა, ძალიან მაგარი ვიზიტი იყოო - იძახდა ოქრუაშვილი. რატომ, ირაკლი-თქო - ვკითხე. ჩვენ ვიცოდითო, რომ როცა პუტინი კარგ ხასიათზეა, რელაქსაციის დროს იგინებაო, როცა ჩვეულებრივზე 2-3 -ჯერ გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ გამოვედით და საქმიანი ლანჩი გაიმართა, პუტინი იგინებოდაო, ანუ ძალიან კმაყოფილი დარჩაო?!
ამის შემდეგ, სააკაშვილი რუს ბიზნესმენებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მე, გოგი თოფაძე და სააკაშვილი ვიყავით. თოფაძე წამოიყვანა როგორც უდიდესი ქართველი ბიზნესმენი, მეინსტრიმი. იგი, რატომღაც, მიშასთან ახლობლობდა. შეგხვდნენ ჩუბაისი, დერიპასკა, ბენდუქიძე - მაშინ ჯერ იქაური ოლიგარქი, გენერალოვი, იტერას ხელმძღვანელი - მაკაროვი, სულ 15 ტოპბიზნესმენი.
მოსკოვურმა ვიზიტმა კარგად ჩაიარა. მიშას და პუტინის ურთიერთობა ფანტასტიურად დაიწყო. მათ ერთმანეთს გაუგეს და ერთმანეთს დიდი სიმპათიით დაშორდნენ. იმის ლაპარაკი, რომ პუტინი თავიდანვე გადაკიდებული იყო მიშაზე, არასწორია.
ჩემთვის გაუგებარი დარჩა, საიდან გაჩნდა ის უცნაური ხალხი ჩვენს ირგვლივ და რა ესაქმებოდათ ტარიელ ონიანის ძმაკაცებს პრეზიდენტის გარემოცვაში?
მე ხომ ჩემი მისია შევასრულე, გარდა ამისა, მიშას ქალებსაც ვართობდი, ლელა კილაძეს - სააკაშვილის გრიმიორს და მარიკა ვერულაშვილს რესტორან-კაფეებში დავატარებდი. სააკაშვილს გრიმიორი ოფიციალურად, სატელევიზიო გამოსვლების წინ გრიმის წასასმელად ჭირდებოდა და მას პირისფარეშივით სულ თან დაატარებს. ლელა კილაძე ახლა გრიმიორი აღარაა, თბილისის მერიაში ძალიან დიდი თანამდებობაზე მუშაობს და დიდ საქმეებს აკეთებს.
სავაჭრო პალატა
ახალმა ხელისუფლებამ უცნაური საკადრო პოლიტიკა დაიწყო. ეს ძალიან მანერვიულებდა და ხშირად ვფიქრობდი ჰქონდა, თუ არა ჟვანიას პრემიერ მინისტრის და სააკაშვილს - პრეზიდენტის კომპეტენცია. 2003 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი ვერც კი იოცნებებდა, რომ წლის ბოლოს პრეზიდენტი გახდებოდა. ამიტომ არც თავად და არც მისი გუნდი ამხელა ძალაუფლების ხელში ასაღებად მზად არ იყვნენ. სააკაშვილის გუნდს მისი პარტიის წევრები - ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია ხევიაშვილი, გია ნაცვლიშვილი და კოტე კემულარია წარმოადგენდნენ.
“თავისუფლების ინსტიტუტი” სადღაც, ნახევრად დანგრეულ შენობაში შეხიზნული ცალკე ჯგუფი იყო, რომლის წევრებს მაქსიმალიზმისთვის პერიოდულად ხან მამა ბასილის მხარდამჭერები, ხანაც ლევან მამალაძის “ზონდერკამანდები” ცემდნენ. ბოკერია, ლევან რამიშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები სულ ცემა-ტყეპაში ჰყავდათ, ამიტომ ისინი ხალხს ეცოდებოდა, თუმცა მათ წინააღმდეგ პროპაგანდა ძლიერად მუშაობდა და ხალხს არწმუნებდა, რომ ესენი იეღოველები იყვნენ, რის გამოც ესენი ბევრს ეზიზღებოდა.
სააკაშვილის გუნდში არ იყო ზურა ადეიშვილი, რომელსაც, მიშას თხოვნით, მოგვიანებით ვარწმუნებდი, რომ იუსტიციის მინისტრი გამხდარიყო. სააკაშვილის გუნდს არც კახა ლომაია წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, არც სააკაშვილმა და არც ჟვანიმ არ იცოდნენ რისთვის უნდა გამოეყენებინათ ხელისუფლება. შესაძლოა, ზურა ჟვანიამ თავის შესაძლებლობები დროებით დამალა, რომელსაც მომავალში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა, მერე გამოიყენებდა. მიშამ მხოლოდ ის იცოდა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძის და მისი გარემოცვის ლანძღვითა გახდა და პირველივე დღიდან ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.
ინგლისელმა ჟურნალისტმა, ჯონათან ლითლმა ამ კამპანიის თაობაზე ძალიან საინტერესო წერილი დაწერა, სათაურად ერქვა - “საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ - ლიბერალურ-ბოლშევიზმის ახალი ექსპერიმენტი.” ეს წერილი მოგვიანებით წავიკითხე და გავოცდი, იმდენად კარგად ასახავს 2004 წლის მარტ-აპრილის მოვლენებს.
ვფიქრობდი, რომ მიშაც და ზურაც “ლიბერალები” იყვნენ. ზურაზე ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა სააკაშვილი არანაირი ლიბერალური ღირებულების მატარებელი არ აღმოჩნდა, ის კლასიკური ავტორიტარული მმართველია.
ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ სააკაშვილს მარტივი და ცინიკური გეგმა ჰქონდა, მას მიაჩნდა, რომ მოკლე დროში ეფექტის მისაღწევად, ძველი შენობების ფასადები უნდა ეღება და ეღება. მისი აზრით, თუ რუსთაველის პროსპექტს თანამედროვედ მოაწყობდა, მას ლამპიონებით გაანათებდა და ფასადებს შეალამაზებდა ხალხი ამით კმაყოფილი იქნებოდა. შემდეგ კი იმ პოპულარობის ფონზე, რომელიც მას გააჩნდა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცდებოდა. მისთვის და ქვეყნისთვის სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მან დასახული გეგმა, მხოლოდ ფასადების შეღებვის ნაწილში შეასრულა.
რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ რევოლუცია არ მსურდა. მე ეს მართლა არ მინდოდა. მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: შევარდნაძე სუსტი მმართველი იყო და ის და მისი კორუმპირებული გარემოცვა ხალხს მობეზრებული ჰქონდა; „რუსთავი 2“-ს ხელისუფლება და ბადრი პატარკაციშვილი განვითარების საშუალებას უსპობდნენ. ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ამას რევოლუცია მოჰყვა, რის შემდეგაც ფიქრი დავიწყე, თუ როგორ უნდა გამოგვეყვანა ქვეყანა კრიზისიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩვენ, ცხოვრების დონით, ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. შევარდნაძის დროს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, არა მარტო სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას ჩამორჩებოდა.
მართალია, პოლიტიკური ძალაუფლების აღებას მოვერიდე, ვინაიდან ტელევიზიის მფლობელი ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის შექმნასაც გამოვკლებოდი.
მიმაჩნდა რომ ეკონომიკური რეფორმების ჩასატარებლად ჩვენ არც სათანადო ცოდნა გვქონდა და არც საამისო გამოცდილება, ამიტომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის დამუშავება უცხოელი ექსპერტებისთვის უნდა შეგვეკვეთა. ასეთად ეგორ გაიდარი მესახებოდა. გაიდარმა რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკა კაპიტალისტურ რელსებზე გადაიყვანა. ის კარგად იცნობს იმ სირთულეებს, რაც მსგავსი ტიპის ეკონომიკების გაჯანსაღებას ესაჭიროება და მას შევთავაზე, კიდეც დაეწერა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეული ხედვები. გაიდარი დამთანხმდა, მან ამისთვის 250 ათასი დოლარი მოითხოვა, რაც აბსოლუტურად მისაღები ფასია. მზად ვიყავი ეს თანხა ჩემი ჯიბიდან გადამეხადა.
ვინაიდან გაიდარი მაინც, პოსტსაბჭოთა ეკონომიკის ექსპერტია, მისი ნაშრომი ძირითად დოკუმენტად არ უნდა წარმოგვედგინა. მქონდა ინიციატივა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე სოლიდური კონფერენცია ჩაგვეტარებინა. ჩემი წარმოდგენით, უნდა მოგვეწვია ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, გამოჩენილი რეფორმატორები და ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოგვეწვია ცნობილი ეკონომისტები.
გვქონდა წინადადება, რომ ეს კონფერენცია კენიაში ჩაგვეტარებინა. შეგვეძლო მყუდრო გარემოში ჩავკეტილიყავით და ეს ფუნდამენტური ნაშრომი შეგვექმნა. ჩვენი მხრიდან მე და პრემიერ-მინისტრი ვგეგმავდით ამ კონფერენციაში მონაწილეობას. სააკაშვილს მსგავსი ტიპის პრობლემები არ აწუხებდა. მისთვის მაშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ იჟღერებდა ახალი ჰიმნი.
მინდოდა შეგვექმნა საქართველოს მრავალწლიანი განვითარების გეგმა, რაზეც დღესაც ვლაპარაკობ. ამ გეგმით უნდა მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება და ნორმალური, განვითარებული ქვეყნის წყნარად ჩამოყალიბება.
გვსურდა, რომ თვითოეულ სფეროს განვითარებაზე გაწერილი პროგრამით გვემუშავა. გლობალური ეკონომიკის პირობებში რა უნდა გამხდარიყო სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული დარგი, რა იქნებოდა საექსპორტო კულტურები, ჩაი მოგვეყვანა თუ არა? მეღვინეობა როგორ განგვევითარებინა, სად, რომელ რაიონში აჯობებდა მეცხოველეობის განვითარება, შეგვესწავლა ტრადიციული და ახალი ბაზრები. ეკონომიკის რა სფეროები წამოგვეწია - მძიმე მრეწველობა, მოპოვებითი მრეწველობა, ტურიზმი თუ სხვა. რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი მეცნიერებაში, განათლების სფეროში და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ეს პრობლემები სისტემურად განიხილებოდა. უნდა შეხედო სად არის შენი ტრადიციული ბაზრები, რომელი დარგის განვითარება შეგიძლია, ქვეყანას რისი წარმოების პოტენციალი აქვს, შეგვეფასებინა ადამიანური რესურსები - ასეთ ფუნდამენტურ გამოკვლევას ვაპირებდით.
ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ უნდა შემდგარიყო მთავრობის ეკონომიკური გუნდი, რომელიც რეფორმატორულ ღონისძიებებს კვალიფიციურად განახორციელებდა. ჩვენ საამისო ხალხი არ გვყავს, ამიტომ უცხოეთში კვალიფიციური ადამიანები მინისტრებად უნდა დაგვექირავებინა.
ჩვენ პრემიერ-მინისტრად კარგა ხანს ბრიტანეთის მოქალაქე ლადო გურგენიძე გვყავდა, თავდაცვის მინისტრად - ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილი, ეკონომიკის მინისტრად ამერიკის მოქალაქე - ეკა შარაშიძე, რუსეთის მოქალაქეები არიან - საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი - კახა ბენდუქიძე.
არ ვიცი ეს ხალხი რა ნიშნით შეარჩიეს, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ჩვენთვის, მთავარი იყო ქვეყნის წინსვლისთვის ჭკვიანი მინისტრები გვყოლოდა, მათი მოქალაქეობას სულ არ მივაქცევდით ყურადღებას.
(გაგრძელება იქნება)