ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს. მიუხედავად ამისა, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოქალაქეთათვის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დაკეტილია. მონადირეებმა მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგებიც დაამონტაჟეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოები.
19 ივნისის ღამის განმავლობაში 112-ში 47 შეტყობინება შევიდა ამ თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა. ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. როგორც მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ტყემალაძე აცხადებს, სპეციალური ჯგუფები ე.წ. გაწმენდით სამუშაობეს ასრულებენ, რათა მტაცებელი ცხოველის კვალს მიაგნონ.
„თითქმის ყველა მონადირეს ძაღლი ჰყავს. ძაღლი არის ის არსება, რომელიც დაცვით საკითხებს თავის თავზე იღებს, რეაგირებას ახდენს მტაცებელზე და მონადირეს მესიჯს აძლევს. ზოგან ლეშის დაყრასაც ვგეგმავთ. ეს ყველაფერი კარგი მეთოდი გახლავთ, რადგანაც მას გამზადებულ საკვებს ვუდებთ, თუ მხეცმა ლეში მიირთვა, იქიდან არ წავა, შემდეგ კი ჩველი ლოგიკურად ვმოქმედებთ. აღნიშნული ძუ ვეფხვი თვინიერია და თხოვნა არის, რომ არ მოვკლათ. გავაფრთხილე ჯგუფის წევრები, რომ თუ მტაცებელს აგრესია ვერ შევამჩნიეთ, არ მოვკლათ და დავაძინოთ“, - აღნიშნა თემურ ტყემალაძემ.
სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. for.ge-სთან საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, თენგიზ კალანდაძე აცხადებს, რომ ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში, წვის ღუმელით, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
„ჩვენი ზედამხედველობით ხორციელდება სათითაოდ თითოეული ცხოველის გადათვლა, მათი ზედამხედველობა ტრანსპორტირებისა და დამარხვის პროცედურებზე. ამ დროის მონაცემებით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არის“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.