კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე ბრალდებული თავისუფალია

კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე ბრალდებული თავისუფალია

პროკურატურა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების თაობაზე არ ეთანხმება. თუმცა, გაასაჩივრებს თუ არა პირადი თავდებობით გათავისუფლებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ბრალდების მხარე დასაბუთებულ განჩინებას მიიღებს.

„მიგვაჩნია, რომ 10000-ლარიანი გირაო, რომლის შუამდგომლობითაც მივმართეთ სასამართლოს, უზრუნველყოფდა სწორედ აღნიშნული რისკების არსებობას. ვინაიდან ჩადენილია მძიმე დანაშაული და ისეთი დანაშაული, რა დროსაც ბრალდებულებს 4 მილიონზე მეტი ქონების გაფლანგვა ედებათ ბრალად“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდების მხარემ პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.

ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის, პატიმრობის შეცვლის დაყენება იმით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ხოლო საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები. ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ. როგორც ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ჩადო ისეთი მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაზე საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია, ხოლო აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად სცნო. 

„უახლოეს მომავალში მივმართავ იუსტიციის საბჭოს სააპლელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არარსებული ფაქტები ჩაწერა, გამოიგონა განჩინებაში და გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება. ჩვენ მივმართავთ ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, თითქმის რვათვიანი ტყვეობა დასრულდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების და საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველოდებით“, - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ სახლში არიან. გამონაკლისი იყო გიორგი ლობჟანიძე, რომელსაც სასამართლოდან ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად სამშობიაროში მოუწია წასვლა. ყოფილი პატიმარი ახლა შვილის დაბადების მოლოდინშია.

ყოფილი ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის ვიყავით ციხეში არარსებული დანაშაულის პირობებში. უსიამოვნო და მძიმე შეგრძნება იყო, სადაც ჩვენ ვიყავით, მაგრამ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია არარსებული დანაშაულისთვის რისთვის ვიყავით ციხეში“, - განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა დავით წიფურიამ.

„სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ვინაიდან თუ საზოგადოება ერთიანია, ის აუცილებლად გაიმარჯვებს“, - ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია.

„ამ შემთხვევაში სასამართლომ დაამარცხა ის უზნეო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. მინდა, მივულოცო პირველ რიგში გათავისუფლებულების ოჯახებს, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს. ვიცი, ყველა ამ დღეს და ამ წამს როგორ ელოდებოდა, რომ გაემარჯვა და ეზეიმა სამართალს. ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა საზოგადოებას, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურა პირველად გამოვიდა თავდაჯერებულის და ძლიერის პოზიციიდან და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არის საჭირო ციხეში და ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ ოჯახთან ერთად. თუკი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, ისინი დაბრუნდებიან ციხეში, თუკი მათ სასამართლო გაამართლებს, იქნებიან გამარათლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას და მიხარია, რომ ის ძლიერდება და მისი პრაქტიკა იზრდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეხმარა პროკურატურას შეცდომის გამოსწორებაში, ეს კი, მისი თქმით, თანასწორობაზე დაფუძნებულ შეჯიბრითობას ეჭვქვეშ აყენებს.

„მედიით გავეცანი საქმის განმხილველი სასამართლოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რეალურად, მას სწორი გადაწყვეტილება გამოუტანია თავის დროზე, როდესაც დაუშვებლად სცნო პროკურატურის მტკიცებულება, მაგრამ ეს იყო პროკურატურის პროცესუალური და ტაქტიკური შეცდომა, რის გამოც მისთვის საზიანო შედეგი დადგა. როგორც წესი, შემდგომი ინსტანციის სასამართლოებზე ჩვეულებრივ საქმეებზე, ასე ადვილად არ უშვებს ახალ მტკიცებულებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოზე წარდგენილი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არა თუ დაუშვა პროკურატურის საჩივარი, არამედ ახალი მტკიცებულება მიიღო, ქვედა ისტანციის სასამართლოს უთხრა ეს რა გიქნიაო და გაუუქმა გადაწყვეტილება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.