თბილისი გლოვობს, არტ-ბათუმი ზეიმობს

თბილისი გლოვობს, არტ-ბათუმი ზეიმობს

დღეს ბათუმში კიდევ ერთი კონცერტი, „მსოფლიო ხალხთა ცეკვების ფესტივალი“ გაიმართა. ორგანიზატორი „არტ-ბათუმის“ ხელმძღვანელი ანზორ დევაძეა, რომლის განცხადებით ფესტივალის გამართვის შესახებ ნებართვა მერიიდან გაცემული არ ყოფილა.

„გვინდოდა, რომ უფრო მართო მასშტაბის ღონისძიება ყოფილიყო, მაგრამ მაქსიმალურად შევამცირეთ, რომ გრანდიოზული ღონისძიება არ ყოფილიყო. ძალიან წყნარად ჩავიარეთ, გავაცანით ბათუმის ქუჩები და ქალაქი. ეს იყო ტურისტული ღონისძიება, რომელიც ერთი წლის უკან დაიგემა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანზორ დევაძე.

16 ივნისს ბათუმში კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდა. აჭარის მთავრობამ საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის და ანსამბლ „ხორუმის“ დამფუძნებლის ვარსკვავი გახსნა. ასევე, ანსამბლმა „ხორუმმა“ საანგარიშო კონცერტიც გამართა. ერთი შეხედვით აქ უცნაური არაფერია, რომ არა 13–14 ივინისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება, რის გამოც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტიელბით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ საკუთარი „ფესიბუქის“ გვერდზე ვარსკვლავის გახსნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც ადგილობრივების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ბათუმელები მიიჩნევენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველო დაღუპულებს გლოვობდა, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო.

ბათუმელებს პროტესტს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობაზე უკეთ არავინ იცის რამდენად მტკივნეულია სტიქია და მსხვერპლი. ხაბაძე ირწმუნება, რომ ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება.

„ნუ წარმოაჩენთ, თითქოს არ განვიცადეთ. ეს იყო საქველმოქმედო ღინისძიება და ჩემს მიმართვაშიც იყო ამის შესახებ გაჟღერებული. თუ ნახავთ ჩანაწერებს, გამოვაცხადეთ წუთიერი დუმილი. ჩემს მიმართვაშიც იყო ნახსენები ასევე ტელეფონის და ანგარიშის ნომრები, სადაც მსურველს შეეძლოთ გადაერიცხათ თანხა.

ტელეფონის ნომრები გამოკრული იყო ასევე დარბაზში. ღონისძიება ორგანიზებული იყო თემურ ბიბილეიშვილის მიერ და ჩართული იყო განათლების სამინისტრო და სხვა უწყებებიც. ასევე, დახმარებას მასშტაბური სახე მიეცა. ჩვენ კიდევ ვაპირებთ საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას, რათა უფრო მეტი თანხა შევაგროვოთ და გადავაგზავნოთ“, – აცხადებს არჩილ ხაბაძე.

გლოვის დღეების პარალელურად, აჭარაში ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის და ანსამბლ „ხორუმის“ დამფუძნებლის ვარსკვლავის გახსნას, ადგილობრივი მთავრობის ძალიან მძიმე შეცდომას უწოდებს აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი.

„აჭარის მოსახლეობა ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნება ამ სამარცხვინო ფაქტს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, რეგიონში კონცერტები არ უნდა იმართებოდეს. ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, უდიდესი შეცდომა დაუშვა არა მარტო რეგიონის წინაშე, არამედ ქვეყნის წინაშე. დღეს აჭარაში არის ორი სახე - ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მეორე მოსახლეობა, რომლებიც ცდილობენ შეუმსუბუქონ დაზარალებულებს მდგომარეობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომხდარმა აღაშფოთა სრულიად აჭარის მოსახლეობა. ეს იყო ერთ–ერთი უგუნური და არაკეთილგონივრული გადაწყვტილება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სულხან ღლონტმა.

არჩილ ხაბაძესთან ერთად, ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის და ანსამბლ „ხორუმის“ ვარსკვლავის გახსნას ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვიც ესწრებოდა. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის მერია არ ყოფილა, თავად მერი კი, ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

„ამ ღონისძიების ორგანიზატორი არ არის ქალაქ ბათუმის მერი. უბრალოდ, მერი დაესწრო სტუმრის სტატუსით. დაპატიჟებული იყო და არ შეიძლებოდა არ მისულიყო. პირველ რიგში, მან სამძიმარი გამოთქვა თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბათუმის მერის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა თეკლა ჩიჩუამ.

ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის და ანსამბლ „ხორუმის“ დამფუძნებლის ვარსკვლავი ბათუმის სახელმწიფო ანსამბლის ტერიტორიაზე გაიხსნა. თუმცა ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ჩახვაძე ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზატორები არ ყოფილან.

„ვინაიდან სახელმწიფო ანსამბლის წინ გაიხსნა ვარსკვლავი, ამ კუთხით ვარ მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებული. დანარჩენი, ამ ღონისძიებასთან სხვა კავშირი არ გვაქვს. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო აჭარის სახელმწიფო ანსამბლმა სამი კონცერტი გადადო. ჩვენი ორგანიზებული რომ ყოფილიყო, როგორც ჩვენს მიერ დაგეგმილი სხვა კონცერტები გადაიდო, ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ნინო ჩახვაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო თემურ ბიბილეიშვილის მიერ და ჩართული იყო განათლების სამინისტრო, განათლების მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორები არ ყოფილან.

იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა გლოვობს სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს, რამდენად სწორი იყო ასეთი ღონისძიების გამართვა?

ვლადიმერ მგალობლიშვილი: როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, აჭარის მთავრობამ მაშინვე დავაფიქსირეთ ჩვენი მწუხარება. დღეს, სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში 60 ათას ლარს ვრიცხავთ აჭარის მთავრობის ხელფასიდან.

ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად სწორი იყო გლოვის ფონზე მსგავსი ღონისძიების ჩატარება?

- რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ამის პირდაპირი ორგანიზატორი ჩვენ არ ვყოფილვართ. ამ კონცერტის ორგანიზება საკუთარ თავზე მთლიანად აიღო ბატონმა თემურ ბიბილეიშვილმა, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა. ღონისძიება რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა დადგემილი. რადგან ტრაგედიის დღე დაემთხვა, ბატონმა თემურმა გადაწყვიტა და ბუნებრივია, რომ მთავრობის ინიციატივაც იყო, რომ ამ კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი მისცემოდა.

სპეციალურად ჩვენ განვათავსეთ ბანერები, სადაც შეიძლებოდა თანხის გადარიცხვა. მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა სცენაზე და დაახლოებით სამჯერ გააკეთა მოწოდება, რომ ამ კონცერტზე დამსწრე პირებს გარკვეული წვლილი შეეტანათ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი. არანაიარად არ იყო საზეიმო კონცერტი.

რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, კონცერტის თუნდაც ამ სახით ჩატარება თუ გადადება? ფაქტია, რომ ამ ვითარებამ საკმაოდ უხერხული სიტუაცია შექმნა...

- ბუნებრივია, გეთანხმებით, რომ უხერხული სიტუაციაა. თუმცა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, რომ სათანადო ახსნა-განმარტება გაგვეკეთებინა და ამ რთულ სიტუაციაში არ დავმალულვიყავით. როგორც გითხარით, ეს იყო საქველმოქმედო ხასიათის კონცერტი, რაც შეეხება გადადებას, ეს არ იყო ჩვენი პირდაპირი უფლებამოსილება. ამ კონცერტის ორგანიზებისთვის სახელმწიფოს მიერ რაიმე თანხები არ ყოფილა გამოყოფილი. შესაბამისად, კონცერტის გადადების არანაირი ბერკეტი არ გვქონდა.

თქვენი პოლიტიკური ოპონენტები თვლიან, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი აჭარის მმართველობის პერიოდში...

- ბუნებრივია, მათ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს რაც გააკეთეს 26 მაისის წინა ღამეს დახოცეს ხალხი და მეორე დღეს საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს აღლუმი.

და თქვენ თვლით, რომ ეს არის გამოსავალი?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე ამის თქმის უფლება ნაკლებად აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, ეს არ იყო საზეიმო კონცერტი.

რაც შეეხებაარტ-ბათუმისმიერ ჩატარებულ ფესტივალს, რაც ნამდვილად არაა საქველმოქმედო, ამ შემთხვევაშიც არ შეგეძლოთ მიგეღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს ფესტივალი არ გამართულიყო?

- „არტ-ბათუმი“ არის კერძო ორგანიზაცია, ეს ფესტივალი არ არის დაფინანსებული არც ბათუმის მერიის და არც აჭარის მთავრობის მიერ. ეს არის კერძო ორგანიზაციის მოქმედება და ბუნებრივია, ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნდა, რომ რამენაიარად ხელი შეგვეშალა ამ ღონისძიების ჩატარებაში.