„რისთვის გვინდა შვეულმფრენები და ავიაცია, თუ არა ასეთი მასშტაბური კატასტროფისთვის?“

„რისთვის გვინდა შვეულმფრენები და ავიაცია, თუ არა ასეთი მასშტაბური კატასტროფისთვის?“

რატომ არ გამოიყვანეს შვეულმფრენებით ადამიანები ვერეს ხეობიდან, სანამ ისინი იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ? რისთვის გვინდოდა ავიაცია, თუ არა ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში? ეს კითხვები აქტაუალური გახდა სწორედ 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს, როცა მაღლივი კორპუსებიდან ადამიანები დაჰყურებდნენ სვანიძის ქუჩაზე სახურავზე ამძვრალ, წყლით შემორტყმულ ადამიანებს და ვერ შველოდნენ. სამაგიეროდ, ტრაგედიიდან მეორე და მესამე დღეს შვეულმფრენები სერავდნენ თბილისის ზეცას.

ამ დროს სულ სხვაგვარი სიტუაციაა ცივილიზებულ მსოფლიოში. ოკეანეებში ჩაძირული გემებიდანაც კი ამოჰყავთ ადამიანები შვეულმფრენების დახმარებით და ეს წამებში ხდება. ოპერატიულად მოქმედებს ავიაცია დასახრჩობად განწირული ადამიანების გადასარჩენად ევროპაში, ამერიკასა თუ რუსეთში. ის კი არა, ცხოველების გადარჩენასაც ახერხებენ საშინელი სტიქიის დროს.

პრობლემა მარტო შვეულმფრენებში არაა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქს არ აქვს განგაშის სისტემა, რაც კომუნისტების დროს გამართულად მუშაობდა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ დასახლებულ პუნქტებში, სადაც გეოლოგიურად საშიში ზონაა, განგაშის სისტემა უნდა ჩაირთოს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე For.ge-სთან საუბარში 13 ივნისის ღამეს იხსენებს, როცა პატარა ნაკადული ნილოსის მსგავს მდინარედ გადაიქცა, მოჰქონდა სახლები, სახლებზე გადასარჩენად ამძვრალი ადამიანები და ამ დროს არც სამაშველო ოპერაციებისთვის ადაპტირებული, 1967 წელს გამოშვებული ამერიკული „იროკეზები“ ჩანდა და არც „მი- 8“, რომლებიც ან მარნეულის, ან ალექსეევკის ბაზებიდან უნდა აფრენილიყო. ეს მაშინ, როცა ამ ადამიანების ერთადერთი გადარჩენის გზა მხოლოდ ჰაერიდან იყო.

„შვეულმფრენების გამოუყენებლობა ცალსახა დანაშაულია. პირველად ვაჟღერებ თქვენთან ამ ინფორმაციას, რომ დაწყებულია ჟურნალისტური გამოძიება. სტიქიური უბედურების დაწყების მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში „112“-ზე 670 ზარი დაფიქსირდა, რაც რატომღაც საკმარისი არ აღმოჩნდა მასშტაბური ოპერაციის დასაგეგმად. მაშინ რისთვის გვინდა შვეულმფრენები და ავიაცია, თუ არა ასეთი მასშტაბური კატასტროფისთვის? ეს ადამიანები დახრჩობას ხომ გადარჩებოდნენ. ადამიანებმა თავს უშველეს სახურავზე ასვლით, სანამ წყალმა არ მოანგრია ამ სახლების საძირკველი და თავის კალაპოტში არ წაიღო მასზე შეფარებული ადამიანები. ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები მარტო სახურავზე იმყოფებოდნენ. 670 ზარი არ უნდა ყოფილიყო ანალიტიკური განსჯის საგანი?! სოციალური მედია აღმოჩნდა ამ მასშტაბური კატასტროფის პირველი მაუწყებელი, თორემ შეიძლება, უფრო დრამატულად განვითარებულიყო მოვლენები.

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი ანთებული ფარნით ცდილობდა, განგაშის სიგნალი მიეწოდებინა სხვა ადამიანებისთვის და სამჯერ დრამატულია კადრი, როდესაც 16-სართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები ზემოდან დაჰყურებდნენ ამ სახლზე მსხდომ სამ ადამიანს, გადის ერთი საათი, არავინ მოდის მათ დასახმარებლად. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ჩვენი გმირი მაშველები და პოლიციელები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ სხვების სიცოცხლეს, ნაცვლად იმ ვალდებულებისა, რაც „112“-ის მენეჯმენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის საბჭოს უნდა განეხორციელებინა ჰაერის საშუალებით. მაღალი დონის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, პირადად იგი 2008 წელს სამოქალაქო თავდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ აკეთებდა განცხადებებს, რომელიც ეყრდნობოდა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, როგორც საომარ ვითარებაში, ისე ტექნოგენური ხასიათის გამოწვევების დროს, ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა ჟენევის ყველა დამატებითი ოქმით გათვალისწინებული პირობა - წინასწარი შეტყობინებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ჩათვლით. თუმცა ეს არ მომხდარა არც 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს, როცა პირველი პირები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მათი შეცდომა და ევაკუაციას არ ახორციელებდნენ, რადგან არ ეგონათ ასეთი მასშტაბური თუ იქნებოდა საომარი ვითარება.

ექსპერტი უშიშროების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ყველა ვარიანტში, პრეზიდენტს უნდა შეეკრიბა უშიშროების საბჭო და ეს არის პრეზიდენტის პირველი დანაშაული. მისი ვოიაჟები აქეთ-იქით და 10 მილიონი ლარის გამოყოფა ზღვაში წვეთია, მას უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რასაც კონსტიტუცია ავალებდა. თუმცა კინკლაობამ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომელთაც თავ-თავიანთი საბჭოები ჰყავთ, უარყოფითი როლი ითამაშა.

„სამი დონე უნდა არსებობდეს: ფედერალური, რეგიონალური და ლოკალური. ამ ტრაგედიისას არცერთი დონე არ მოქმედებდა. კრიზისების მართვის საბჭო, ეს დუბლირებული სისტემა, რისთვის შეიქმნა, გაურკვეველია. ჯერ ერთი, განგაშის სისტემა არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს ეს დონეები. კი ბატონო, ჯანელიძე დარბის და ფაფხურობს, რაღაცას მაინც აკეთებს, მაგრამ ირინე იმერლიშვილი რას აკეთებს და რას აკეთებს პრეზიდენტი? ეს არავინ იცის. ჯანელიძე გამოვიდა და ვენდე ზოოპარკის დირექტორსო. ამის გამო დღეს კიდევ ვეფხვმა დაგლიჯა ორი ადამიანი. ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება? ესაა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ესაა ქაოსი და ანარქია. შეიარაღებულმა ძალებმა აშკარად დააგვიანეს და ესაა პრეზიდენტის ბრალეულობა. ვერტმფრენები ჰქონდა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, ანუ არმიას და შს სამინისტროს. სად იყო ვერტმფრენები? მაშინ დაიშალოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო. აუცილებლად უნდა შეიქმნას საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, დაიხვეწოს კრიზისების მართვის სტრუქტურა და ეს უშუალოდ გადავიდეს ერთი ადამიანის ხელში და არა პრეზიდენტისა და პრემიერის ხელში. გუშინაც ჩავედი, რომ მონაწილეობა მიმეღო გაწმენდით სამუშაოებში, მაგრამ უკან გამაბრუნეს, „ვისოლთან“ გადაკეტილი ჰქონდათ გზა და აბრუნებდნენ უკან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა ფუფუნების დრო არ არის და დღეს არსებული უშიშროების საბჭოს დაშლის შემდეგ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას.

მით უმეტეს, ჯერ კიდევ არ ვიცით, ტერორიზმის საფრთხე რამდენად გველის პანკისში განვითარებული სიტუაციის გამო. ექსპერტის თქმით, სპეცოპერაციის დროს აიუფ ბორჩაშვილი დაიჭირეს და ისლამური ხალიფატის წარმომადგენლად წარმოაჩინეს, თუმცა მტკიცებულებები არ ჩანს და დაჭერის მიზეზი დამაჯერებელი არ არის, რაც წინა ხელისუფლების მანკიერი საქმის გაგრძელებაა, როცა ადამიანებს უმძიმეს დანაშაულში „ამხელდნენ“.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მტკვრისა და ვერეს ხეობაში განგაშის სისტემა ფუნქციონირებდა. მართალია, მისი მინისტრობის დროს განგაშის სისტემა უკვე მოშლილი იყო, თუმცა, მის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ქალაქს ჰყავდა სპეციალური სამსახური, რომელსაც უფლებამოსილება ჰქონდა, გამოეცხადებინა განგაში. ნინო ჩხობაძე დღესაც თვლის, რომ ყველა მდინარესთან განგაშის სისტემა ვერ იქნება, მაგრამ მდინარე მტკვრისა და ვერეს შემთხვევაში, ეს სისტემა უნდა იყოს.

შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ორი კვირის წინ მომხდარი ფაქტი, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის დატბორვის სახით და რატომ არ გაატარა პრევენციული ზომები?