მდინარე ვერე თერგივით დაუმორჩილებელი არ არის, მაგრამ თბილისის ისტორიამ აჩვენა, რომ, ერთი შეხედვით, ამ პატარა მდინარის გოფრირებულ მილში მოქცევა დაუშვებელი იყო. მდინარე ვერეს ხეობაში მე-19 საუკუნეში წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული და ვერეს წყალს თბილისელები სასმელადაც იყენებდნენ. მოგვიანებით, 1927 წელს, აქ თბილისის ზოოპარკი დაარსდა, მაგრამ მდინარე ვერე თბილისის ზოოპარკს არ წყალობდა. 1960 წლის 4 ივლისს, ისევე, როგორც ახლა, თბილისს საშინელი სტიქია დასტყდომია თავს. მაშინაც ადიდებულა მდინარე ვერე, დაუტბორავს ზოოპარკი, ყველა ცხოველი დაღუპულა, მაშინაც გადარჩენილა ბეჰემოთი...
მომხდარის შემდეგ გაჩნდა კითხვები, უნდა დაისაჯონ თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც ვერ გათვალეს მდინარე ვერეს ვერც წარსული და ვერც მომავალი, ვინც ესტაკადის მშენებლობა დაგეგმა სპეციალისტთა საქმეში ჩართვის გარეშე და ვინც გოფრირებულ მილში მოაქცია დაუმორჩილებელი მდინარე ვერე.
ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაუთვალიწინებელი მშენებლობები აშკარაა, მაგრამ შეეძლო თუ არა ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას ამ რისკების თავიდან გათვლა და წინამორბედთა მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება?! თავის დროზეც მდინარე ვერეს ნაწილი მილში მოაქციეს და სწორედ ამან გამოიწვია ტრაგედია. ამჟამად კი, მდინარე ვერეს გაცილებით დიდი ნაწილი მოახვედრეს გოფრირებულ მილში და სტიქიამაც არ დააყოვნა. როგორც იხსენებენ, მდინარე ვერემ არა მარტო 1960 წელს შექმნა პრობლემები, არამედ 1963 წელსაც, შემდეგ - 1972 და 1995 წლებშიც. მაშინ ამბობდნენ, თბილისი შემოგარენის ფერდობები ტყიანი რომ ყოფილიყო, ასეთი მოვლენები არ განვითარდებოდა. განსაკუთრებით, მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა.
„თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მოითხოვს, ამაზე პასუხი არქიტექტორებმა, ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქის განვითარების სპეციალისტებმა გასცენ.
„ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“,- მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი და განმარტავს, რომ მდინარე ვერეს ადრეც ახასიათებდა წყალმოვარდნები. ნაციონალების დროს კი ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე (და არა თბილისის საჭიროებებისთვის) დაწყებული პოლიტიკური პროექტი იყო, რათა მაშინდელ მმართველ პარტიას ეპატაკებინა ამომრჩევლისთვის, რომ გზის გაყვანა მოასწრეს მერის არჩევნების წინ.
ექსპერტი მშენებლობის საკითხებში ირაკლი მასხარაშვილი აცხადებს, რომ ესტაკადის გარეშე ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და ესტაკადა სრულიად გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ესტაკადით მდინარე ვერეს დინების განადგურება მოხდა და ეს მდინარე ბევრად უფრო აგრესიული გახდა. „მდინარე ვერეს ჩასვლა ამ გვირაბებში პირველი დანაშაულია“, - ფიქრობს ირაკლი მასხარაშვილი.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ხუშტურებით იმართებოდა და არც ამ პროექტს უნდა ჰყოლოდა ავტორი, არქიტექტორი, თორემ კარგი არქიტექტორი არ დაუშვებდა მდინარე ვერეს ხეობაში ხელოვნურ ჩარევას, სადაც მარჯვენა მხარე ეროზიულია, მარცხენა მხარეს კი ფშვნადი კლდეა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია) აცხადებს, რომ დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, ცხრა წლის მანძილზე ნაშენები თბილისი წამებში როგორ დაიშალა.
„ვინაიდან, ზოოპარკში ადგილები გამოთავისუფლდა, გალიაში ისინი ჩავსვათ, ვის გამოც ქალაქი წყალმა წაიღო. დროებით გვმართოს მტაცებლებმა, არ მგონია, უარესად დავშავდეთ... ახლა იფრინეთ ვერტმფრენებით და ეძებეთ, რომელი ბუჩქის უკან იმალება ლომი... უნიათოების ხელში ადამიანები კი არა, მტაცებელი ცხოველებიც უძლურები აღმოჩნდნენ“.
ახალი გზის პროექტირება „საქგზამეცნიერებამ“ განახორციელა, მშენებლობა კი კომპანია - „Caucasus road project“-მა. თავის დროზე For.ge ესაუბრა აღნიშნული პროექტის მთავარ არქიტექტორს, „საქგზამეცნიერების“ დირექტორს თამაზ შილაკაძეს. მაშინ თამაზ შილაკაძე გვარწმუნებდა, რომ ესტაკადა, რომელიც ჩადიოდა ვერეს ხეობაში, შემდეგ ადიოდა მთის წვერზე და ისევ ჩამოდიოდა სერპანტინად ვაკე-საბურთლოს გზაზე, პრობლემას არ შექმნიდა ვერეს ხეობისთვის და არ დაუკარგავდა გმირთა მოედანს თავის ფუნქციას. დღეს კი თამაზ შილაკაძე აცხადებს, რომ ეს უბედურება ვერეს ხეობაში კი არ დაიწყო, არამედ - ახალდაბაში (მდინარე ვერეს მარჯვენა მხარეს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე). მისი თქმით, ეს გამოიწვია სტიქიურმა მოვლენამ, მთას მოსწყდა დიდი მასივი, რომელმაც ჩახერგა 500 მეტრი სიგრძის გზა, შემდეგ ეს მასივი დაეცა წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთს, ესეც ჩახერგა, ჩავიდა ვერეს ხეობაში და მდინარე ვერე ჩაკეტა. ახალ გზამდე მან ყველაფერი წალეკა და ამ დიდ მასივს და დიდ წარღვნას ვერანაირი მილი ვერ გაატარებდა. ეს სუფთა წყალი არ იყო, აქ იყო ხეები და ასე შემდეგ, პროექტირების პერიოდში კი ყველაფერი გათვლილი, გათვალისწინებული იყო, მათ შორის, წყლის ადიდებაც და მდინარე ვერეს ისტორიაც.
ჩვენ დავუკავშირდით ურბანისტ ნიკო კახეთელიძეს, რომელმაც თავის დროზე გააფრთხილა ნაციონალური ხელისუფლება, რომ არ შეიძლებოდა მდინარე ვერეს კალაპოტში მოქცევა. თუმცა ნიკო კახეთელიძემ დროის უქონლობა მოიმიზეზა და მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვა. ამის მიუხედავად, ცნობილია მისი პოზიცია, რომ, თუ მშენებლობის დაწყებაზე უკვე გაცემული ლიცენზიები სერიოზულად არ გადაიხედება, დედაქალაქი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება.
ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრაგედია ნაციონალების ხუშტურმა გამოიწვია, რომლებიც დაიჩემებდნენ რაღაცას, არიქა, უნდა გავაკეთოთო და სპეციალისტებს არაფერს ეკითხებოდნენ. პროექტის შედგენის წინ გეოლოგური გამოკვლევები იგნორირებული იყო და ეს გათვლები საერთოდ ამოაგდეს შესასრულებელი სამუშაოების ციკლიდან.
„პირველ რიგში, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და გამოკვლეულიყო, გმირთა მოედანთან გაჭრილი ახალი ტრასის ბუნებასთან შეთავსება როგორი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ხეები მოჭრეს, ეკოლოგიური წონასწორობა დაარღვიეს. სააკაშვილს ლენტის გაჭრა ეჩქარებოდა. ამ სამუშაოებით უდიდესი „ატკატები“ კეთდებოდა და, თუ ასმილიონიანი სამუშაო იყო შესასრულებელი, 50 მილიონი უკან უნდა მიეტანათ. განსაკუთრებით საშიში ზონაა მთელი ვერეს ხეობა და, სადაც ეს გზა გაიჭრა, აქ ისეთი მცოცავი გრუნტებია, საცხოვრებელი სახლები კი არა, საინჟინრო სახლის ჩადგმაც არ შეიძლება. მთის მდინარეები და, ზოგადად, წყლის რეჟიმი არტახებში მოქცევას ვერ იტანს. გააკეთეს საშინელება, მდინარე მეტრანახევარ თუ ორმეტრიან დიამეტრის მილში მოაქციეს, მანაც გამოუშვა შლამი, ღორღი, ხეები წამოიღო, შიგნით გაჭედა და ვეღარ გაატარა, შემდეგ გადმოვიდა, რამაც ასწია მისი დონე და სიმაღლეებზე ასულმა მდინარემ გამოიწვია კატასტროფა. ამ ყველაფრის დამპროექტებელი ნიჭიერი კაცი მეუბნებოდა, პროექტი არ არსებობს, ვინ დაგაცლის პროექტის გაკეთებასო? იყო ზეწოლა და მე მგონი, მთლიანი პროექტი ახლაც არ არსებობს, რომ ვიღაცამ პასუხი აგოს“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.
იგი არტახებში მოქცეული მდინარისგან უბედურებას კიდევ ელის და ფიქრობს, რომ, შესაძლოა, გმირთა მოედანი მტკვარში აღმოჩნდეს. ექსპერტი იმასაც პროგნოზირებს, რომ მომხდარის გამო ხუდონზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. კერძოდ, კავკასიონის ქედზე ქანების დაშლა მიმდინარეობს, მოსალოდნელია 9-10-ბალიანი უდიდესი მიწისძვრები და ამ დროს კავკასიონის კალთებზე ხუდონჰესის გაკეთება დანაშაულია.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეა მთლიანად სისტემა, რომელიც რეალურად, არც არსებობს.
„თუკი ვიცოდით, რომ დაპროექტების დროს იყო დაშვებული შეცდომები და ველოდით, რომ ეს მოხდებოდა, მაშინ რას ვაკეთებდით?! რას აკეთებდა სახელმწიფო, მისი თვითმმართველობა, თბილისის მერია?! იმის გამო, რომ ბუნებრივი კატასტროფების მართვის ფუნქცია 2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოეხსნა და ეს ფუნქცია შეითავსა თბილისის მერიამ, მერიაში რატომ არ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც საფრთხეებს შეაფასებს? მით უმეტეს, საუბარია ისტორიულ საფრთხეებზე, კატასტროფებზე და ვერეს ხეობა პირველად არ დატბორილა“,- აცხადებს რეზო გეთიაშვილი და მომხდარის გამო მხოლოდ ესტაკადის პროექტის დადანაშაულებას არ ეთანხმება. მისი თქმით, შეუძლებელი იყო, რომელიმე ინფრასტრუქტრულ პროექტს ეს უზარმაზარი ღვარცოფი, უზარმაზარი მასა გაეტარებინა. ამიტომ ერთი მეტრით მაღალი იქნებოდა გვირაბი თუ დაბალი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ, ჩვენ უნდა გვცოდნოდა მეწყერის გააქტიურების შესახებ, უნდა გვცოდნოდა მისი დინამიკა, გვეწარმოებინა სტიქიაზე დაკვირვება და, თუ საჭირო გახდებოდა, ხელოვნურადაც გამოგვეწვია არამდგრადი ქანების ჩამოშლა, რათა არ მომხდარიყო მდინარის დაგუბება.
„მდინარე ისე დაგუბდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. 2011 წელს განხორციელდა კვლევა და მდინარის კალაპოტის გამტარობა მაშინ ძალზე დაქვეითებული იყო. მას მერე არაფერი გაკეთებულა, რომ ეს გამტარობა გაზრდილიყო. მართვის გამართულ სისტემაზე თუ არ გადავალთ, პრობლემები კვლავაც იქნება. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბევრი ადგილია მომზადებული ბუნებრივი კასტასტროფებისთვის. მაგალითად, ასეთია მლეთა, დუშეთის მუნიციპალიტეტში. არაგვის კალაპოტში დარჩენილი სახლები, ფაქტობრივად, ღვარცოფის თავზე მდებარეობს და ტრაგედია შეიძლება, ღამითაც მოხდეს, კალაპოტი რამდენიმე მეტრით აიწიოს და მივიღოთ მსხვერპლი. მით უმეტეს, მსხვერპლი უკვე გვქონდა და სამი წლის ბავშვი ხატია ნაზღაიძე შეეწირა კატასტროფას. მას მერე წლები გავიდა და მაინც არაფერი გამოსწორდა“.
ეკოლოგი ვახტანგ გვახარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 2011 წელს მათ განახორციელეს ვერეს ხეობის ვიზუალური აუდიტი. იმ დროს მათ გაიარეს ხეობაში, დააფიქსირეს ყველა დარღვევა, ნარჩენები, სიბინძურე და ეს ყველაფერი ანგარიშის სახით ჩაბარდა დამკვეთს. გარდა ამისა, გაიცა გარკვეული რეკომენდაციები გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„უნდა დაისაჯონ თუ არა ესტაკადის პროექტის განმახორციელებლები, ეს ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. ისინი ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ გასარკვევია, რა შეცდომები იყო დაშვებული. უნდა დაინიშნოს კომისია და ყველაფერი იმან გამოიკვლიოს. ჩემი მოსაზრებით, ეს იყო სტიქია, რომლის გათვალისწინებაც რთული იყო, კომპლექსურად არსებულმა ფაქტორებმა განაპირობა უბედურება. ვინ არის დამნაშავე, ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ვახტანგ გვახარიამ და განმარტა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი, უნდა მოიშალოს თუ არა ესტაკადა.