პრობლემების მოგვარების პარალელურად, მთავრობა იმ მიზეზების დადგენაზე მუშაობს, რამ გამოწვია სტიქია თბილისში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპეტენტური ჯგუფი შეისწავლის ამ საკითხს და საბოლოო დასკვნა გასაჯაროვებული იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა დაისვას იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც წლების განმავლობაში, ყურადღება არ მიაქციეს ამ მდგომარეობას. მისივე თქმით, შესაბამის ჯგუფს უკვე დაავალა გამომწვევი მიზეზების დადგენაზე იმუშაოს.
„ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაპირებ, წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს სხვაობა მიდგომებში. რაც შეეხება ბრალდებებს და ექსპერტების შეფასებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს წინა ხელისუფლების დროს არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი, არ ვარ ექსპერტი, მირჩევნია სპეციალისტებს ვკითხოთ აზრი. ჩვენი მიდგომები არის აბსოლუტურად განსხვავებული. ახალ გზაზე, რომელიც აშენდა ვერეს ხეობაში, ჩემი ინფორმაციით, არ იყო მანამდე წინასწარი გარემოს ზემოქმედების დასკვნა დადებული და ამის გარეშე მოხდა მშენებლობა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი ხელისუფლების შეცდომაზე საუბრობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, რომლის განცხადებით, შეცდომაში გაჯიუტება ქვეყანას ძვირი დაუჯდა.
„აშკარაა, რომ წყლის ღვარცოფულმა მასამ ვერ გაიარა იმ არტახებში, მილებში, რომელიც კონსტრუირებულ იქნა ვაკე-საბურთალოს გზის პროექტის ფარგლებში. სპეციალისტები ამას თავის დროზე პროგნოზირებდნენ, მაგრამ საკითხი იგნორირებული იყო. სამწუხაროდ, ასეთი იგნორირება, მე ვიტყოდი, შეცდომაში გაჯიუტება, ძვირი დაგვიჯდა.
მიღებული სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, სპეციალისტებთან ერთად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა - თუ როგორ შეიძლება განხორციელებული პროექტის გადაპროექტება და სამომავლოდ რისკებისგან თავის დაზღვევა“, - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე თვლის, რომ უნდა დაისვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ესტაკადის მშენებლობაზე ისე, რომ არ იყო დაცული გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
„აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა მეწყერი იყო მაპროვოციერებლი, თუ თვითონ ესტაკადა. ფაქტია, რომ მეწყერის შემდგომი გამოვლინებიდან გამომდინარე, მდინარემ ვერ გაშალა თავისი სივრცე და იძულებული ყო გასულიყო მილებში, რომელშიც ვერ გავიდა და გადმოვიდა ნაპირებიდან. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ რაღაცა პრობლემები არსებობს, ეს პრობლემები შესწავლილი უნდა იყოს.
გადაწყვეტილების პასუხისმგბელობა სწორედ ამაში მდგომარებს, რომ ყველა დეტალი უნდა იყოს შესწავლილი, რაც არ იყო გაკეთებული. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მსხვერპლი. ჩვენი კანონმდებლობით კი უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დაისვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ესტაკადის მშენებლობაზე ისე, რომ არ იყო დაცული გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.
არქიტექტორ, გიგა ბათიაშვილის განცხადებით, კარგი არქიტექტორი მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც მარჯვენა მხარე არის ეროზიული, მარცხენა მხარეს არის ფშვნადი კლდე, არ დაუშვებდა არც კლდის და არც მეორე მხარის მოჭრას, ისე შეძლებდა გზის მშენებლობას.
„არ ვიცი რას აპირებენ დღევანდელი ხელმძღვანელები, მაგრამ ფაქტია, საკითხი შესასწავლი და გასაანალიზებელია. შეეშვან ამ უცხოელ სპეციალისტს, რომელიც ფულს იღებს იმაში რასაც შენ სთხოვ და არა იმაში, რაც საჭიროა. მშენებლობისა და პროექტირების საკითხი არის დასალაგებელი. არც მაშინ არსებობდა და ვერც ახლა ვერ ვხედავ მოწესრიგებულ სისტემას, რომ პროფესიულ საზოგადოებაში მსჯელობის შედეგად ხდებოდეს დასკვნების გამოტანა.
ნორმალური მსჯელობა რომ ყოფილიყო არავინ არ ურჩევდა მდინარის კალაპოტის გვირაბებში გატარებას და შემდეგ გზის მშენებლობას. რა თქმა უნდა, გზა ასაშენებელი იყო, ალტერნატივა არ ჰქონდა გზის მშენებლობას, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთებულიყო ვიღაცის სურვილის მიხედვით, არამედ უნდა აშენებულიყო პროფესიულ-მეცნიერული დასკვნის შედეგად. სულ არ მაინტერესებს ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მე მაინტერესებს მიზეზი, რომ გამოსწორდეს ვითარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიგა ბათიაშვილი.
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს, არქიტექტორი, ქალაქმშენებელი ირაკლი მასხარაშვილი, რომლის განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო.
„მომხდარზე პასუხიმსგებლობა უნდა განაწილდეს ყოფილ ხელისუფლებაზე. მათი ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგია ის, რაც დღეს თბილისში ხდება. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, პროფესიული აზრი არ იქნა გათვალისწინებული. სტიქიასთან შევაჯიბრეთ ჩვენი მოქალაქეები. ვერეს ხეობა არის სტიქიური ზონა, რა ღონისძიებებიც არ უნდა ვატაროთ, მაინც რისკის ქვეშ ვამყოფებთ ჩვენს მოქალაქეებს. ახლა საუბარია გვირაბების გაფართოებაზე, კი ბატონო შეიძლება გვირაბები გავაფართოვოთ, მაგრამ უზარმაზარი რისკი რჩება. არავითარი უფლება არ გვაქვს რისკის ქვეშ ვამყოფოთ ჩვენი მოსახლეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მასხარაშვილი.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თბილისის ყოფილი მერის მოადგილე, სევდია უგრეხელიძე, რომლის განცხადებით, ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საექსპეტო დასკვა და შესაბამისად, მშენებლობა კანონის დაცვით ჩატარდა.
„გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთადერთი მიზანია ყველაფერი სხვას დააბრალოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რამდენ ჯიბის ექსპეტრს მოიყვანენ და ათქმევინებენ, რომ გზის მშენებლობა ცუდად იყო დაგეგმილიო... მაგრამ ასეც, რომ იყოს, ეს არაფერ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. თუ ასეა, ყველაფერი იქნება გამოძიებული და ნათქვამი იმის თაობაზე, რატომ ვერ აღმოუჩინეს ადამიანებს დახმარება მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ და რატომ არ გადაკეთდა ესტაკადა. თუ ცუდი ესტაკადაა, რატომ არ გადააკეთეს? ეს პოლიტიკური ანგარისწორება. კი ბატონო, რა მნიშვნელობა აქვს ერთი ბრალით მეტი ექნება გიგი უგულავას თუ ნაკლები, მაინც პოლიტიკური პატიმარია. ამით ვერაფერს ვერ მიღწევენ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სევდია უგრეხელიძემ.