ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას გზის ახალი ესტაკადის არასაწორ მშენებლობას უკავშირებს ნინო ჩხობაძე, რომლის განცხადებით, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად შექმნილი კატასტროფა პროგნოზირებადი იყო. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ესტაკადის მშენებლობის დროს არ ყოფილა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობა დაიწყო მანამ, ვიდრე შესწავლა დასრულდებოდა.
რამ გამოიწვია ტრაგედია, არსებობს თუ არა განმეორების საშიშროება და ვინ არის პასუხისმგებელი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.
ნინო ჩხობაძე: მსგავსი ტრაგედია კარგა ხანია ქალაქს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით სოლოლაკში მოხდარ ანალოგიურ ტრაგედიას, როდესაც 4 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, ახლა მსხვერპლი ორჯერ მეტია. რეალურად, ეს ტრაგედია პროგნიზირებადი იყო. არაერთი პროგნიზი დადებულა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება რაღაცეების თვითნებურად აშენება, რადგან ეს შესაძლებელია დიდი ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო. თუმცა, მაშინ ამის არავის არ სჯეროდა. ის, რაც მიხდა, ეს არის დაუდევრობის შედეგი. არ იქნება ყველაფერი კარგად, თუ ყველაფერი კარგად არ გათვალე.
თავისთავად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის უხვი ნალექი და ქალაქი ამაზე გათვლილი უნდა იყოს. ის, რაც ვერეს ხეობაში დატრიალდა, არის იმის ბრალი, რომ ყველაფერი სწორად გათვლილი არ ყოფილა. ესტაკადის მშენებლობა ასე სწრაფი ტემპებით არ უნდა მომხდარიყო, გაკეთებული უნდა ყოფილიყო გარემოს ზემოქმედების შეფასება. მდინარის „პერანგში“ ჩასმა არ შეიძლება, სწორედ ამის შედეგია ის ტრაგედია, რაც დღეს ხდება, რადგან კალაპოტში ჩასმულმა მდინარემ უხვი ნალექი ვერ გაატარა.
ანუ, მიზეზი არის გზის ახალი ესტაკადის არასაწორი მშენებლობა?
– რასაკვირველია. თავიდანვე პროექტს არ ჰქონდა არანაირი ექსპერტიზა, არ არსებობდა შეფასება. ინტენსიური მშენებლობა მიდიოდა ისე, რომ არ უსმენდნენ სპეციალისტებს. ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ ისე, როგორც თვითონ თვლიდნენ საჭიროდ. ამბობდნენ - ჩვენ ვიცითო, და აი მათი „ცოდნის“ შედეგებს ვიმკით დღეს. მდინარეს აქვს თავისი კალაპოტი, შენ ვერ ჩაერევი და ვერ გადაკეტავ. ერთად–ერთი პრობლემა იყო ის, რომ მაშინ არ მოუსმინეს გარემოსდამცველებს და მათ შორის ვიყავი მეც.
ვითხოვდით, რომ - ჩავატაროთ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა, შევისწავლოთ საკითხი, დავდოთ ყველა დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მოგვისმინა. ყველამ ჩათვალა, რომ ეს იყო გარემოსდამცველების ახირება და რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით რაღაცის მშენებლობის. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავით. ჩვენ ვამბობდით, რომ მოდით სწორად გავთვალოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ხომ არ მოხდება ისე, რომ დატრიალდება სერიოზული ტრაგედია. იმის გამო, რომ თავის დროზე ვიღაცამ არ იკადრა და არ მოგვისმინა სპეციალისტებს, დღეს მივიღეთ ეს ტრაგედია. ხომ გახსოვთ როგორი ისტერიული მშენებლობა მიდიოდა!
რამდენად დიდია ტრაგედიის განმეორების ალბათობა?
– ამის საშიშროება იქნება მანამ, სანამ ესტაკადის რეკონსტრუქცია მთლიანად არ მოხდება. ჩვენ, მწვანეთა მოძრაობა, ვთვლით და რეკომენდაციას ვამზადებთ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ექსპერტები. ამ ექსპერტებმა უნდა გააკეთონ სწორი დასკვნები, რა და როგორ მოხდა, რატომ ჩამოწვა მეწყერი, რატომ მოხდა პირველი დაგუბება და მერე მეორე. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს განმეორებითი ტრაგედია. სახელმწიფო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ეს ესტაკადა. ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინ, მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. თუ სჭირდება, მაშინ უნდა მოხდეს მისი რეკოსტუქცია.
თავის დროზე, როდესაც ესტაკადა შენდებოდა, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ სწორად არ იყო გათვლილი ყველაფერი. ეს რისკი უნდა ყოფილიყო მოდელირებული, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. მაშინ ძალიან გვეჩქარებოდა მშენებლობა და საზოგადოებამაც ვერ შევძელით ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიტყვა. დღეს რომ ასეთი სიტუაციაა შექმნილი, ყველა ეს მონაცემი პროგნოზირებასთან მიმართებაში არსებობდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ხარჯი მდინარეზე არის მაღალი და ვერ გაატარებდა ეს მილები წყლის მოცულობას და ვერც გაატარა.
შეგახსენებთ, რომ მაშინ არქიტექტორებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მშენებლობა არ გვიშველის, არ განტვირთავს მაგისტრალს. მაშინაც იყო ეს პრობლემა და დღესაც არის, ქალაქის განტვირთვა მაინც არ მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება მოხდეს იგივე, თუ არასწორად დავითვალეთ რაღაცეები. ჩემთვის მნიშვნელოვამია, რომ ძალაინ სწრაფად დაიწყონ ექსპერტებმა და სპეციალისტებმა მუშაობა და დაიდოს დასკვა.
ვინ არის პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე?
– ალბათ დადგება მაშინდელი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის. პერსონიფიცირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ვინც მიიღო გადაწყვეტილება ესტაკადის მშენებლობაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.