სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ, გასულ კვირას მეტად მნიშვნელოვანი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე გასულ წელს, წინა წელთან შედარებით 2,2 პროცენტით შემცირდა და 12,4 % შეადგინა. დადებითი ტენდენცია, პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებშია საძიებელი. For.ge ანალიტიკოსს, საზოგადოება „2030“-ის წევრს, ეკა სილაგაძეს ესუბრა.
საქსტატის მიერ გამოცხადებული უმუშევრობის დონის შემცირება უდაოდ პოზიტიურია, მაგრამ რამდენად სისტემური ხასიათისაა ეს მოვლენა და სკეპტიკოსების საპასუხოდ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მონაცემები სანდოა?
- აღნიშნული მონაცემები არც მეტი, არც ნაკლები, ასახავს, გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგს, ამიტომ, მოვლენა ნამდვილად სისტემურია. მიუხედავად უკიდურესად მძიმე საინფორმაციო ფონისა, რომელსაც შეფასებებით ოპონენტები ქმნიან, მონაცემები მაინც აჩვენებს 2014 წელს უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენციას.
შეფასებები მაღალი სანდოობისაა, ვინაიდან აღნიშნული გაანგარიშება ხდება ზუსტად დადგენილი წესით, ხოლო დიაგრამებზე მოტანილი დროითი მწკრივის ყველა მაჩვენებელი ერთი და იგივე მიდგომითაა გაანგარიშებული. სტატისტიკის ეროვნული სააგენტო უმუშევრობის დონეს, სავარაუდოდ, იგივე მეთოდებით ანგარიშობდა წინა ხელისუფლების პირობებშიც. მონაცემებით კი ირკვევა, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში, დაფიქსირებულია 2009 წელს, როცა პროცენტული მაჩვენებელი 16.9-ით განისაზღვრებოდა.
რა უდევს საფუძვლად ზოგადად უმუშევრობის კლების ტენდენციას და კიდევ რა მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები?
- თვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნებში, მისია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას არჩევნების შემდგომი გარდამავალი პერიოდით, პოლიტიკური გაურკვევლობითა და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებითაც ხსნის და ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, ბიზნესის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას, რისი ლოგიკური შედეგი კი დასაქმებაა. უმუშევრობა, ქვეყნისთვის უკვე მრავალწლიანი სერიოზული პრობლემაა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა და 15%-ით განისაზღვრა, შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი 2010 წლისთვის 16.3%-ს შეადგენდა, ხოლო სავალუტო ფონდი 2014 წლისთვის პროგნოზირებდა, რომ უმუშევრობა 17.3%-მდე გაიზრდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში აღნიშნული პროგნოზი დღის წესრიგიდან მოხსნეს.
რაც შეეხება მათ მიერ გამოქვეყნებულ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემებიდან ნიშანდობლივია დასაქმების დონის 1.6%-ით ზრდა სოფლად და ქალაქის ტიპის დასახლებებში. დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს როგორც წარმატებულ მეწარმეებს, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ პირებს.
მთავრობის მიერ გატარებულ სწორ პოლიტიკას, რომელიც რეგიონების პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს, ასევე სოფლის მეურნეობაში დაწყებული რეფორმები და ბოლოს, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების დასტაბილურება იქნება მხოლოდ გარანტი, ინვესტიციების მოზიდვისა და დასაქმების დონის ზრდისთან ერთად, უმუშევრობის დონის შემცირების. ასევე, მთავრობამ უნდა იზრუნოს ისეთი რეფორმების გატარებაზე, რომლებიც მუშა-ხელს ადეკვატურ განათლებას, საჭიროების შემთხვევაში გადამზადებას და ახლანდელი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს შეუსაბამებს.